გაიცანით ჭიაყელები, რომელთაც მეტალის კბილები აქვთ
ბევრ ადამიანს უფრო ისეთი არსებების ეშინია, როგორიცაა ობობა, გველი, ხოჭო, ხვლიკი და სხვა, თუმცა ამ ჩამონათვალში ჭიაყელებს იშვიათად თუ შეხვდებით. ამის მიუხედავად, Glycera-ს ტიპის წითელი ჭიები ისეთი უწყინრები არ არიან, როგორებიც ჩანან, რადგან მათ მეტალის კბილები აქვთ.
მსგავსი ჭიაყელების სპილენძის ბასრი კბილების მსხვერპლნი ხშირად მეთევზეები არიან, რომლებიც მათ სატყუარად იყენებენ. ბუნებაში ისინი სხვა ცხოველებზე თავდასხმისას პარალიზებისთვის შხამს უშვებენ, მეტალის ერთგვარი ეშვები კი კატალიზატორის ფუნქციას ასრულებს და ქიმიურ რეაქციებს აჩქარებს.
სამედიცინო ლიტერატურაში ადამიანებში ჭიაყელების ნაკბენების აღწერები ძალიან იშვიათია. 2022 წლის კვლევაში მოთხრობილია ეკოლოგის შესახებ, რომელსაც არ გაუმართლა და ზემოხსენებული არსების შხამიანი ნაკბენი გამოცადა. ის ამას ფუტკრის ნესტრის ჩხვლეტას ადარებს, რასაც თან სდევს ტკივილი და ქავილი. ერთდღიანი ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ ჭრილობა შეხორცდა და კანზე კვალი დატოვა.
პაციენტს მერვე დღეს შეშუპება და იარის მიმდებარედ კანის გაუფერულება აღენიშნებოდა. შეშუპება მომდევნო დღემდე შენარჩუნდა, დაზიანებული ადგილი კი თბილი იყო, თუმცა ქალს ტკივილი არ აწუხებდა.
მეცნიერებისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, რამ გამოიწვია ასეთი რეაქცია — შხამმა, ნაკბენით პროვოცირებულმა ბაქტერიულმა ინფექციამ თუ ორივე მათგანმა ერთად. მათი თქმით, ამ საკითხის უკეთ შესასწავლად მეტი ასეთი შემთხვევის გაანალიზებაა საჭირო.
ზემოხსენებული წითელი ჭიები წყალმარჩხ გარემოში გვხვდება. საინტერესოა, რომ მათი ყბების 10 პროცენტი სწორედ სპილენძის კრისტალებისგან შედგება, ამიტომ Glycera-ების კბილები ძალიან გამძლეა. იქიდან გამომდინარე, რომ ჭიაყელები მიწაში ბინადრობენ, ისინი მეტალს მარტივად შთანთქავენ, რაც ცხოველთა სამყაროში იშვიათობაა.
2022 წელს გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, ყბებში სპილენძის დაგროვება კონკრეტულ ცილას უკავშირდება. მას ეს ელემენტი 4 ეშვამდე მიაქვს, რომლებსაც ჭიაყელები მოწინააღმდეგეებთან შესაბრძოლებლად, და მსხვერპლზე თავდასასხმელად იყენებენ.
კომენტარები