ეს პლანეტა საკუთარი ვარსკვლავის მიერ შთანთქმას გადაურჩა — როგორ
აირის გიგანტი ეგზოპლანეტა, რომელიც 8 Ursae Minoris b-ის სახელითაა ცნობილი, ასტრონომებმა 2015 წელს დააფიქსირეს. მას სხვა ციური სხეულებისგან ის გამოარჩევს, რომ, წესით, საკუთარ მომაკვდავ ვარსკვლავს უნდა შთაენთქა, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ გადაურჩა ის განადგურებას.
სპეციალისტთა თქმით, ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ აღნიშნული ვარსკვლავის მახლობლად ოდესღაც კომპანიონი მნათობიც მოძრაობდა, რომელთან შერწყმამაც მისი გარეთა შრის გაფართოება შეაჩერა.
საინტერესოა, რომ ჩვენი მზე, რომელიც ყვითელი ჯუჯის ტიპს მიეკუთვნება, მომავალში წყალბადის მარაგს ამოწურავს და წითელ გიგანტად გადაიქცევა. ამ ფაზაში ის წარმოუდგენლად გაფართოვდება და სისტემის შიდა პლანეტები, მათ შორის დედამიწა, მისი პლაზმის შიგნით მოექცევა.
ასეთი აღსასრული ელოდა 8 Ursae Minoris b-საც, თუმცა ის გადარჩა.
ციური სხეული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი 2 მნათობის გარშემო გადაადგილდებოდა — ერთი წითელი გიგანტი, მეორე კი თეთრი ჯუჯა იყო, რომელშიც წყალბადის წვის პროცესი მიმდინარეობდა. როცა პირველმა მეორე მიიერთა, მისი ბირთვი ხელახლა აალდა, რის შედეგადაც ატმოსფერომ გაფართოება შეწყვიტა.
ეს მანამდე მოხდა, სანამ პლაზმა 8 Ursae Minoris b-ის ორბიტამდე მიაღწევდა. ამ ახსნამდე, დაკვირვებების შედეგად, დაახლოებით 40 მეცნიერისგან შემდგარი გუნდი მივიდა. მეორე პოტენციური სცენარი სრულიად განსხვავებულია. მისი მიხედვით, ეგზოპლანეტა მნათობების შერწყმისას გამოფრქვეული მატერიისგან წარმოიქმნა, რაც ნაკლებად სავარაუდოა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები