მცდარია აზრი, თითქოს ქალები მხოლოდ შემგროვებლობას ეწეოდნენ — მასშტაბური ანალიზი მონადირე ქალებზე
სამარხების ანალიზით დგინდება, რომ ქალები მხოლოდ შემგროვებლობას არ ეწეოდნენ.
მიჩნეულია, რომ უძველესი დროიდან კაცები მონადირეები იყვნენ, ქალები კი შემგროვებლობას ეწეოდნენ. ახალი კვლევის თანახმად, ეს იდეა მცდარია. რეალურად, მონადირე-შემგროვებლურ კულტურებში ნადირობა ორივე სქესის წარმომადგენლებს თანაბარი ოსტატობით შეეძლოთ.
სანამ ამ დასკვნამდე მივიდოდნენ, მეცნიერებმა ბოლო 100 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული უამრავი აკადემიური ნაშრომის მონაცემები შეისწავლეს. ისინი 63 მონადირე-შემგროვებლურ საზოგადოებასა და ქალ მონადირეთა სამარხებს აერთიანებდა.
შესწავლილ თემთა 79%-ში მონადირე ქალებიც გვხვდებოდნენ. მათი მონადირეობის სტატუსი არ იცვლებოდა მას შემდეგაც, რაც ისინი დედები ხდებოდნენ.
"ქალები არაერთი სხვადასხვა იარაღით გავიდოდნენ ხოლმე — მთელს მსოფლიოში საკმაოდ მრავალფეროვანი აღჭურვილობა ჰქონდათ — და, თუ ცხოველს დაინახავდნენ, კლავდნენ", — აცხადებს პროფესორი კარა უოლ-შეფლერი, კვლევის თანაავტორი.
საგულისხმოა, რომ, მკვლევართა განცხადებით, მდედრებში ნადირობის 70% მიზანმიმართული იყო, ანუ ქალები სანადიროდ სპეციალურად მიდიოდნენ და ცხოველებს შეგნებულად ხოცავდნენ ხორცის მისაღებად — განსხვავებით იმ სიტუაციისაგან, როცა ცხოველთა მონადირების შანსი შემთხვევით ეძლეოდათ სხვა საქმეების შესრულებისას.
"გაგვიკვირდა, რომ მხოლოდ შემთხვევითი არ ყოფილა. მათ თემში ყველამ იცოდა, რომ ისინი სანადიროდ მიდიოდნენ და ეს მათი საქმე იყო", — ამბობს უოლ-შეფლერი.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მდედრობითი სქესის მონადირეები მხოლოდ პატარა ცხოველებს (ჩიტები, კურდღლები…) სულაც არ ინადირებდნენ. ამერიკაში ისინი დიდი ცხოველების დაჭერაში კაცებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ: მონადირეთა დაახლოებით ნახევარი დიდ ცხოველებს უმიზნებდა (ირმები, ჩრდილოამერიკული ლოსები…).
ეს ყველაფერი სამარხების ანალიზით დადგინდა — ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ხალხს იარაღებთან ან ცხოველების ძვლებთან ერთად მარხავდნენ.
ჩნდება კითხვა: მაშ, საიდან დამკვიდრდა აზრი, რომ კაცები მონადირეები იყვნენ და ქალები — შემგროვებლები?
უოლ-შეფლერის აზრით, ამ აზრის გამყარებას ორმა წიგნმა შეუწყო ხელი: "მონადირე კაცი" (ალდინი, 1968) და "შემგროვებელი ქალი" (Yale University Press, 1983).
მეორე წიგნის სათქმელი შემდეგი იყო: მართალია, კაცები ნადირობდნენ, თუმცა ეს საკვების მიღების სტაბილური მეთოდი არ იყო. მართალია, ისინი ამ საქმიანობას ეწეოდნენ, თუმცა არასტაბილურობის გამო ამით ქალებს არ უზრუნველყოფდნენ. ეს იმიტომ, რომ ქალები საკვებს თავიანთათვის აგროვებდნენ, შემგროვებლობა კი მათთვის სანდო და მუდმივი რესურსი იყო.
ნაცვლად ამისა, წიგნებმა თანდათანობით ხისტი გენდერული როლები განამტკიცა, რომელთა ფარგლებშიც კაცები მონადირეები გამოვიდნენ და ქალები — შემგროვებლები, ყოველგვარი თანაკვეთის გარეშე.
"ალოგიკურია, რომ ქალები ცხოველებზე ნადირობას, ისეთ რაღაცას უგულებელყოფდნენ, რასაც მათი თემის საკვებით უზრუნველყოფა შეეძლო. შრომის ესოდენ ხისტი დაყოფა ალოგიკური იქნებოდა", — დასძენს უოლ-შეფლერი.
ნაშრომი ჟურნალში PLOS One გამოქვეყნდა.
კომენტარები