სიზმრების კონტროლი: მეცნიერები ტვინის სტიმულირებით ლუციდური სიზმრების შესწავლას ცდილობენ
წარმოიდგინეთ, იძინებთ და გადადიხართ თქვენს მიერ შექმნილ სამყაროში, სადაც სიზმრის ყოველ ასპექტს აკონტროლებთ.
მშვენიერი ოცნებაა? კარგი ამბავი გვაქვს, როგორც ჩანს, ეს ოცნება აღარ არის. მეცნიერები სიზმრების დამორჩილებას ცდილობენ და ამ მხრივ პროგრესიც აქვთ.
REMspace-ის მკვლევრებმა გამოსცადეს ტვინის მასტიმულირებელი იმპლანტი, რომელიც REM ძილის დროს აქტიურდება. ეს სიზმრებზე კონტროლის შესაძლებლობას იძლევა.
რა არის REM? — მეცნიერები ძილის ციკლს ოთხ ეტაპად ყოფენ. ბოლო, ანუ მეოთხე სწორედ REM ძილია. ასეთ დროს ტვინის აქტივობა მატულობს და უახლოვდება იმ დონეს, როგორიც სიფხილზისას გვაქვს. ითვლება, რომ ძილის ეს ეტაპი აუცილებელია კოგნიტური ფუნქციებისთვის, როგორიცაა მეხსიერება, სწავლა და კრეატიულობა. ეს პერიოდი ასევე ცნობილია ყველაზე ნათელი სიზმრებით, რაც აიხსნება ტვინის აქტივობის მნიშვნელოვანი მატებით. სიზმრები შეიძლება ვნახოთ ძილის ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ ისინი შედარებით ინტენსიურია სწორედ ბოლო ეტაპზე.
ასევე: ძილის მეცნიერება — რატომ გვძინავს და რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში
ადამინები ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ. შესაბამისად, სიზმრების კონტროლი სრულიად ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს. მეცნიერები ამას 1950 წლიდან ცდილობენ.
ეს აქამდე შეუძლებელი იყო. თუმცა, უახლესი მიღწევა ამის შანსებს ზრდის.
ექსპერიმენტში მონაწილეობა თავად ერთ-ერთმა მკვლევარმა მიიღო. მაიკლ რადუგა, რომელიც REMspace-ის მკვლევარია ლუციდური სიზმრების კონტროლზე დიდხანს ვარჯიშობდა. მეცნიერები დააკვირდნენ თუ როგორ მოქმედებდა სიზმრის დროს ელექტრული სტიმულაცია.
როდესაც რადუგა სიზმარს ნახულობდა მის ტვინში სპეციალური ელექტრონული სტიმულაცია მოახდინეს. და აი ისიც, სიზმარზე სტიმულაცია აისახა!
ცნობისთვის, ლუციდური სიზმარია სიზმარი, რა დროსაც იცი რომ გძინავს. მეცნიერებმა ზუსტად არ იციან რატომ და როგორ ჩნდება მსგავსი სიზმრები, მაგრამ კვლევები მიუთითებს, რომ ტვინის პრეფრონტალური და პარიეტალური რეგიონები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ასეთ დროს.
ასევე: რატომ ვხედავთ სიზმრებს და რა ხდება ამ დროს ჩვენს გონებაში — მეცნიერება სიზმრებზე
სიზმრების კონტროლი
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ცერებრალური ქერქის სტიმულირება სიზმრის კონტროლთანაა დაკავშირებული. REMspace-ის მიხედვით, ახალ ტექნიკას აქვს უნარი ძილში აღძრას შეგრძნებები, მოძრაობები და ემოციებიც კი.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა საჭირო, შედეგები სიზმრების კოტროლთან ერთი ნაბიჯით გვაახლოებს.
წარმოიდგინეთ კრეატიულობის, საკუთარი სურვილების აღმოჩენისა და ფანტაზიის პოტენციალი, რომელიც ასეთმა ტექნოლოგიამ შეიძლება შემოგვთავაზოს. სიზმრის პასიურად განცდის პერიოდი შეიძლება მალე დასრულდეს და შევაბიჯოთ საოცარ ახალ სამყაროში, სადაც ძილში ჩვენი გონებით სამყაროებს ვქმნით.
კომენტარები