აზერბაიჯანში მაღაროების გასაპროტესტებელ აქციაზე აქტივისტები და ჟურნალისტები დააკავეს
აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილში, სოფელ სოიუდლუში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ერთი ჟურნალისტი დააკავეს, სამი სხვა ჟურნალისტი კი სოფლიდან გააძევეს. ასევე, დააკავეს ორი აქტივისტი, რომლებმაც პოლიციის პასუხი სოციალურ მედიაში ნეგატიურად შეაფასეს.
ჟურნალისტი ელმადდინ შამილზადე პოლიციამ ბაქოში პარასკევს, OC Media-სთან საუბრისას დააკავა. მან რამდენიმე დღით ადრე პოლიციის მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლების ძალადობრივი დაშლის კადრები გამოაქვეყნა. ამის შემდეგ ჟურნალისტი ლანკარანის ოლქში სამხედრო გაწვევის პუნქტში გამოიძახეს.
დაკავებამდე შამილზადემ OC Media-ს განუცხადა, რომ მას 22 ივნისს სამხედრო გაწვევის გადადებისათვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადება სთხოვეს. მას სამხედრო სამსახური არ ეხება, რადგან დოქტორანტურაში სწავლობს.
"საბუთები კომისარიატში 2021 წლის ივნისში შევიტანე და აბსურდია, რომ ახლა ისევ მთხოვენ", — თქვა მან. ჟურნალისტს სჯერა, რომ ის ძალით შეიძლება გაიწვიონ სამხედრო სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად გათავისუფლებულია.
"ეს დასჯის მეთოდია, რადგან როგორც ჟურნალისტმა, სოიუდლუში ვიდეოები გადავიღე", — თქვა მან.
შამილზადეს დაკავების შემდეგ მისმა ცოლმა, საჰარ კაჰანმა დაწერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მას არ უთხრა მეუღლის ადგილსამყოფელი. კითხვაზე, თუ რა ედება მას ბრალად, ქალს უპასუხეს, რომ "ჯერჯერობით არაფერი".
სხვა ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი იძულებით გაიყვანეს სოფლიდან იმავე კვირის დასაწყისში.
ელსევერ მურადზადემ, ასევე დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ მას და ორ სხვა ჟურნალისტს, ნარგიზ აბსალამოვას და ნიგარ მუბარიზს, სოფელში შესვლის უფლება არ მისცეს.
ოთხშაბათ დილიდან სოფელში შემავალი გზა ყველასთვის გადაკეტილია, გარდა მოსახლეობისა. ხელისუფლებამ ეს ზომები ეკოპროტესტის საპასუხოდ მიიღო მას შემდეგ, რაც აქტივისტები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.
"სოფელში ალტერნატიული გზით შევედით. ცოტა ხნის შემდეგ კი პოლიციამ ძალით გაგვიყვანა გადაბაიიდან", — წერს მურადზადე, — "ნარგიზსა და ნიგარს ტელეფონები წაართვეს და ფიზიკურად შეეხნენ. პოლიციის უფროსმა თქვა, რომ სოფელში დარჩენა მხოლოდ "ავტორიზებულ მედიას შეუძლია".
აბსალამოვამ, დამოუკიდებელი აზერბაიჯანული გამოცემის Abzas-ის ჟურნალისტმა. მურადზადეს ნაამბობი დაადასტურა და თქვა, რომ ტელეფონი ჩამოართვეს და პოლიცია ნამდვილად ამეტებდა ძალას.
"არ მესმის, როგორ მოხდა, რომ პროსახელისუფლებო მედიის, Real TV-ის ჟურნალისტს ჟურნალისტად თვლიან და უშვებენ, ხოლო იმ ჟურნალისტს, რომელსაც ხალხის პრობლემების გაშუქება უნდა, მუშაობას უკრძალავენ... რატომ მიზღუდავენ გადაადგილების უფლებას? რატომ უნდა მიჭერდნენ მკლავზე ხელს იქამდე, სანამ ძალიან არ მეტკინება? აქეთ-იქით რატომ უნდა მაგდებდნენ", — წერს აბსალამოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულმა წარმომადგენელმა ეშგინ გასიმოვმა ჟურნალისტების ბრალდებები აზერბაიჯანულ დამოუკიდებელ მედიასაშუალება Turan-თან საუბარში უარყო.
"არც დაკავება ყოფილა და არც ცემა. ეს უაზრობაა", — განაცხადა გასიმოვმა.
ციხე სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტების გამო
აქტივისტები, რომლებიც ინტერნეტში პროტესტის შესახებ პოსტებს აქვეყნებდნენ, ასევე ხელისუფლების სამიზნეები გახდნენ.
იბრაჰიმი 30 დღით დააპატიმრეს იმ ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის, რომელიც "ონლაინ საინფორმაციო რესურსებში არ უნდა ვრცელდებოდეს" და პოლიციის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობისათვის.
აქტივისტი პოსტით ალიევს აკრიტიკებდა და სოიუდლუს მომიტინგეებს მხარდაჭერას უცხადებდა.
"ან ერთად ავდგეთ და გადაბაის რაიონში წავიდეთ ან ქუჩაში გამოვიდეთ და რაც მოხდება, მოხდეს. საკმარისია!", — წერდა იბრაჰიმი.
პოსტის გამოქვეყნებიდან ერთი საათიც არ იყო გასული, როცა იბრაჰიმმა ტვიტერზე დაწერა, რომ სახლში პოლიცია დაადგა და პოსტის წაშლა მოსთხოვა, რაზეც აქტივისტმა უარი თქვა.
იბრაჰიმის დედამ, შურა ამირასლანოვამ ერთი საათის შემდეგ დაწერა, რომ მისი შვილი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, შემდეგ კი ნიზამის რაიონის სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც პატიმრობა მიუსაჯეს.
იბრაჰიმმა პარასკევს შიმშილობა დაიწყო დაკავების, მასზე პოლიციის ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის გასაპროტესტებლად. მისი თქმით, ბაქოს დაკავების ცენტრში მის მიმართ ძალა გამოიყენეს.
ადმინისტრაციული კოდექსით 20-დღიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ასევე სამოქალაქო მოძრაობა ნიდას დირექტორთა საბჭოს წევრს, ელმირ აბასოვს. მისმა ადვოკატმა, ზიბეიდა სადიგოვამ OC Media-ს განუცხადა, რომ მას ბრალი წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობაში ედება.
სასამართლო პროცესის დროს აბასოვმა ბრალდებები უარყო და თქვა, რომ პოლიცია მას სახლის მახლობლად, ეზოში დაკავებისას უხეშად ეპყრობოდა.
აბასოვიც და მოძრაობა ნიდაც ირწმუნებიან, რომ დაკავების მიზეზი ფეისბუქის პოსტი გახდა, რომელშიც ის გადაბაიში განხორციელებული ზომებისათვის პოლიციას აკრიტიკებდა. აბასოვი წერდა, რომ აზერბაიჯანში სიტყვა "პოლიცია" "ამორალური ადამიანის" სინონიმი გახდა.
მოძრაობა ნიდამ დასძინა, რომ მისი წარმომადგენლის დაკავება "პოლიტიკური დაკვეთაა". მოძრაობის წევრები აბასოვის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები