კახოვკის ჰესი, ეკოციდი და შავი ზღვის უსაფრთხოება — ინტერვიუ კახა არცივაძესთან
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 6 ივნისს რუსეთის მხარემ ნოვა კახოვკის ჰესი შეგნებულად დააზიანა.
აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ადამიანი სუფთა წყლის გარეშე დარჩა, დაინგრა სახლები, დაიტბორა მიწები და დასახლებები.
"ეს ეკოციდია", — ასე შეაფასეს ექსპერტებმა მოვლენა.
ადამიანური ტრაგედიების გარდა, ჰესის აფეთქებამ მილიონობით თევზის სიცოცხლე შეიწირა, რასაც ბუნებრივია გარემოზე შესაბამისი ეფექტი ექნება.
სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ არის. შედეგად დაბინძურდა შავი ზღვაც, რაც აჩენს შეკითხვებს, რამდენად უსაფრთხოა ზღვა ახლა და როგორი იქნება ის მომავალში. ეს თემა აქტუალურია საქართველოშიც.
შეკითხვებზე პასუხების მისაღებად სახეობათა კონსერვაციის ცენტრ ნაკრესის წარმომადგენელსა და ჯიპას უნივერსიტეტის პროფესორ, კახა არცივაძეს ვესაუბრე.
კახას თქმით, კახოვკის კაშხალი დნეპრის კასკადის კომპლექტში შედიოდა, რომელიც მდინარე დნეპრზეა აგებული. კომპლექტის ძირითადი დანიშნულება ელექტროენერგიის გენერაციაა. გარდა ამისა, კომპლექტის ფუნქცია იყო ადგილობრივი მოსახლეობის წყლით მომარაგება და ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გაგრილება.
კაშხლის მშენებლობა 1950 წლიდან დაიწყო და ის ექსპლოატაციაში 1953 წლიდან შევიდა. ამის შემდეგ ჰესი აქტიურად მუშაობდა.
აფეთქების შედეგად დაინგრა კაშხალი და თავად წყალსაცავმა 7 მეტრზე დაიწია.
კახას თქმით, ჰესი უკრაინის სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მესამედს უზრუნველყოფდა წყლით. ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ხორბლის წარმოებას, რაც საერთო ჯამში აისახება, როგორც რეგიონზე, ისე აფრიკის კონტინენტზეც, რომელიც ამ მხრივ პირდაპირ დამოკიდებულია უკრაინაზე.
"600-დან 1000 კვადარატულ კილომეტრმდე დაიფარა წყლის ფენით. ამან გააჩინა პრობლემები, როგორც ადამიანებისთვის, ისე ეკოსისტემისთვის. მილიონობით თევზი დაიღუპა პირველივე დღეს. ზუსტი დანაკარგების განსაზღვრა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ამის მიზეზი ომია. ახლა ადგილზე მუშაობა და იქ კვლევების ჩატარება ფაქტობრივად შეუძლებელია", — მითხრა კახამ.
რაც არანაკლებ საგანგაშოა, ამან გამოიწვია საკანალიზაციო სისტემების დაზიანება. ფეკალური მასები გამოირეცხა და წყალში მოექცა. ამასთან, წყალმა წაიღო შხამქიმიკატების საწყობები. საბოლოოდ, ეს ყველაფერი მდინარე დნეპრიდან შავ ზღვაში ხვდება.
"ასეთი ნივთიერებების ზღვაში მოხვედრა საშიშია. თუმცა, ჩვენ ვსაუბრობთ ადგილზე არსებულ ვითარებაზე. ის თუ რა მოხდება ზოგადად შავ ზღვაში, ან გინდაც კონკრეტულად ჩვენს ზონაში, ამაზე ცალსახა პასუხი არავის აქვს. გასათვალისწინებელია, რომ შავ ზღვას აქვს დინებების თავისებურებები. როდესაც წყლის დინება მოდის უკრაინიდან, ის გაივლის რუმინეთს, ბულგარეთს და უკვე ამის შემდეგ აღმოსავლეთ სანაპიროში ხვდება. ჩვენ სანაპირომდე წყალი ძალიან დიდ გზას გადის", — თქვა კახამ.
შესაბამისად, ამ მომენტისთვის საქართველოსთვის საფრთხე არ არსებობს. ჯერჯერობით დინების მხრივ უახლოესი მეზობელების, რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროების მონიტორინგი მიმდინარეობს. წყლის ეკოლოგიური მდგომარეობა ახლა არც ამ ქვეყნებშია სახიფათო.
"უნდა გავითვალისწინოთ, რომ შავი ზღვა წყლის ძალიან დიდი მასაა. ტოქსინები ამ მასაში გაზავდება და საშიში კონცენტრაციები ქვემოთ ჩამოვა. რაც უფრო შორს არის სანაპირო, საფრთხე მით ნაკლებია. ამიტომ, მგონია, რომ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე სახიფათო ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. მე არ ვამბობ, რომ საფრთხეები არ არსებობს, თუმცა, ამის შანსი ძალიან მცირეა. საჭიროა შავი ზღვის სანაპიროს წყლის მონიტორინგი და თუ ასეთი საფრთხეები გამოჩნდება შესაბამის სამსახურებს ამის დადგენა არ უნდა გაუჭირდეთ", — თქვა კახამ.
ეს კი ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ჩვენი სანაპიროები უსაფრთხოა და საფრთხე, თუ კი ის საერთოდ იქნება, სექტემბერი-ოქტომბრისთვისაა მოსალოდნელი.
ინტერვიუს სრულად მოსმენა შეგიძლიათ აქ.
შემდეგი პოდკასტი: კახოვკის ჰესი — რამდენად უსაფრთხოა შავი ზღვა
კომენტარები