ნახეთ: ევროპულმა კოსმოსურმა ზონდმა მერკური ახლოდან გადაიღო
ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ მერკურის შესასწავლად გაშვებულმა კოსმოსურმა ზონდმა BepiColombo მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტის ახალი სურათები გადაიღო. ეს ხომალდმა 19 ივნისს, ციურ სხეულთან რიგით მესამე ჩავლისას მოახერხა, როცა მისი ზედაპირისგან 3 500 კილომეტრი აშორებდა, უმცირესი დისტანცია კი 236 კილომეტრი იყო.
BepiColombo მერკურის გარშემო საბოლოო ორბიტაზე 2025 წელს შევა, მანამდე კი ტრაექტორიისა და სიჩქარის გასასწორებლად თავად ამ ობიექტის, დედამიწისა და ვენერას გრავიტაციას იყენებს. პლანეტასთან სწორედ აღნიშნული მიზნით ჩავლისას აღბეჭდა მან შთამბეჭდავი კადრები, რომლებზეც გასაოცარ კრატერიან ლანდშაფტს ვხედავთ.
უნდა ითქვას, რომ ზონდის მიერ დაფიქსირებულ ერთ-ერთ კრატერს მეცნიერებმა სახელი ახლახან დაარქვეს. მას Edna Manley ბრიტანელ-იამაიკელი ხელოვანის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც 1987 წელს დაიღუპა. იქ დაბალი არეკვლადობის მქონე მატერიას ვხვდებით, რომელიც შესაძლოა, ადრინდელი, ნახშირბადით მდიდარი ქერქის ნარჩენი იყოს. ასევე, ამ რეგიონში შეინიშნება ვულკანური აქტიურობის კვალიც.
ხომალდმა გადაიღო კლდოვანი წარმონაქმნი Beagle Rupes, რომელიც 600 კილომეტრზეა გადაჭიმული. ის მილიარდობით წლის წინ, მერკურის გაგრილებისას გაჩნდა და NASA-ს Messenger-ის მისიის დროს აღმოაჩინეს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ეს რეგიონი საკმაოდ საინტერესოა, რადგან პლანეტის ტექტონიკური და ვულკანური აქტიურობის შესახებ ინახავს ინფორმაციას. BepiColombo იმდროინდელი წარმონაქმნების დეტალურად შესწავლის საშუალებას გვაძლევს, რაც მერკურისა და მთლიანი მზის სისტემის ისტორიის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.
კომენტარები