გამოავლინეს 2 აპლიკაცია, რომლებითაც Android-ის მფლობელებს უთვალთვალებენ — თუ გაქვთ, ახლავე წაშალეთ
აპლიკაცია ადგილმდებარეობის მონაცემებსა და კონტაქტების სიებს აგროვებს.
Google Play Store-ზე კიბერუსაფრთხოების ფირმა Cyfirma-მ ორი საზიანო აპლიკაცია გამოავლინა. მათი განცხადებით, აპლიკაციებს სამიზნე მოწყობილობებიდან ადგილმდებარეობის მონაცემებისა და საკონტაქტო სიების შესაგროვებლად იყენებდნენ. Cyfirma-ში ვარაუდობენ, რომ თავდასხმა ინდოეთის ჰაკერთა ჯგუფისგან "DoNot" მოდის. თავდასხმები პაკისტანში დაფიქსირდა.
ასევე იხილეთ: ეს აპლიკაცია თქვენს ხმას იწერს და 15 წუთში ერთხელ ჰაკერებს უგზავნის — რა მოვიმოქმედოთ
აღნიშნული აპლიკაციებია: nSure Chat და iKHfaa VPN. ეს უკანასკნელი კოდს ლეგიტიმური აპლიკაციიდან Liberty VPN იღებდა და სხვა კოდს ამატებდა, რათა კონტაქტების სიაზე წვდომა მოეპოვებინა და სამიზნის ადგილმდებარეობა გამოევლინა. აპლიკაცია სამიზნის ლოკაციის მეთვალყურეობას რეალურ დროშიც განაგრძობდა.
VPN-თა უმრავლესობა ადგილმდებარეობასა და კონტაქტებზე წვდომას არ მოითხოვს, განსხვავებით iKHfaa VPN-ისგან — Cyfirma-მ სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ამის გამოკვლევა.
Google Play Store-ზე ამ დროისთვის ორივე აპლიკაცია ხელმისაწვდომია. არაა გაუქმებული იმავე დეველოპერის — SecurITY Industry — მესამე აპლიკაციაც, რომელიც საზიანო არ ჩანს.
ჰაკერებს კონკრეტული სამიზნე ჰყავდათ, თუმცა ჩვენთვის ეს უსაფრთხოების გარანტიას მაინც არ იძლევა. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობთ — თუკი რომელიმე მათგანი მობილურში გადმოწერილი გაქვთ, უმჯობესია, რაც შეიძლება სწრაფად წაშალოთ.
ამასთანავე, სანამ მობილურში რაიმეს გადმოწერდეთ, ჯერ კომენტარების სექციას დააკვირდით ხოლმე — შესაძლოა, სხვა მომხმარებლებს უკვე შემჩნეული ჰქონდეთ საეჭვო "სიმპტომები".
ასევე იხილეთ: როგორ მივხვდეთ, რომ ტელეფონში ვირუსია? — 5 ნიშანი
თუ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გაინტერესებთ და ციფრულ სამყაროში თავის უკეთ დაცვა გსურთ, ამ ბმულზე ჩვენს სხვა სტატიებსაც გაეცნობით.
კომენტარები