ადრე მობილურ ტელეფონებს ვირუსებზე, ჯაშუშურ თუ სხვა საზიანო პროგრამებზე დარდის გარეშე ვიყენებდით, თუმცა მას შემდეგ, რაც სმარტფონი ონლაინ სივრცესთან წვდომის ძირითად საშუალებად იქცა, კიბერკრიმინალებიც ამ კუთხით გააქტიურდნენ.

ანტივირუსულ პროგრამათა უმრავლესობა Android-ზეც მუშაობს და iOS-ზეც, მათი საშუალებით კი მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის დაცვა ხშირად ერთი გადასახადითაც შეგიძლიათ. მიუხედავად ამისა, 100%-იან გარანტიას არცერთი ხელსაწყო არ გვაძლევს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ ამოვიცნოთ მობილურ ტელეფონზე შესაძლო თავდასხმა.

სტატიაში ხუთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას წარმოგიდგენთ, რომლებიც, შესაძლოა, ტელეფონის დავირუსებაზე მიუთითებდეს. გეტყვით იმასაც, თუ როგორ დაიცვათ პირადი ინფორმაცია და მოაშოროთ მავნე პროგრამები უსაფრთხოდ.

1. მობილური შეფერხებებით მუშაობს

დავირუსების ერთ-ერთი ყველაზე ნიშანი ტელეფონის შეფერხებული ფუნქციონირებაა. შესაძლოა, მუშაობის შენელება თუ ბატარეის სწრაფად დაჯდომა ტელეფონის სიძველეს, მეხსიერების გადატვირთვას ანდა განახლების დაყენების საჭიროებას დააბრალოთ. მიუხედავად ამისა, თუკი პრობლემა ამ ყველაფრის მოგვარების შემდეგაც პრობლემად რჩება, შესაძლოა, საქმე მავნე პროგრამასთან გვქონდეს.

შანსია, ამ დროს კავშირის პრობლემა სანდო, გამართულ ქსელში ყოფნისას შეგექმნათ. ზოგჯერ ტელეფონი მავნე პროგრამის გამო ცხელდება, ვინაიდან იგი ფონურ რეჟიმში შეუმჩნევლად მუშაობს.

2. სმარტფონში უცნობი აპლიკაციები ჩნდება

ზოგიერთი საზიანო პროგრამა აპლიკაციებს თქვენი ნებართვის გარეშე იწერს მობილურში. მათი ნაწილი უვნებელია, თუმცა ნაწილი პირად ინფორმაციას კრებს და თქვენს ქმედებებსა თუ ადგილმდებარეობას ადევნებს თვალს.

თავისთავად, დამატებითი აპლიკაციები ადგილს იკავებს და, შესაძლოა, მობილურის მუშაობა შეანელოს. კარგი იქნება, თუკი დროდადრო პროგრამების ჩამონათვალს გადაავლებთ თვალს და დააკვირდებით, რაიმე ახალი და უცხო ხომ არ არის.

ამასთანავე, გადაამოწმეთ მონაცემები თითოეული აპლიკაციის მოხმარების შესახებ, თუნდაც, რამდენი ხანი მუშაობდა ის თვის ანდა სულაც დღის განმავლობაში. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ იმ პროგრამების მიმართ, რომელთაც ხშირად არ იყენებთ.

3. აუხსნელ გადასახადებს ამჩნევთ

ტელეფონის გადასახადს დააკვირდით: თუკი თანხის თვიური ოდენობა სულ მცირედით მაინც არის გაზრდილი, გაარკვიეთ, რაიმე ახალი გადასახადი ხომ არ დაემატა აპლიკაციის შიდა შენაძენებს ან ხომ არ გადმოწერილა რაიმე ახალი პროგრამა თქვენი ჩართულობის გარეშე.

4. ეკრანზე გამაღიზიანებელი რეკლამები გაცილებით ხშირად ჩნდება

მავნე პროგრამები ტელეფონებსა და ტაბლეტებზე დაახლოებით ისევე მოქმედებს, როგორც კომპიუტერზე.

შესაძლოა, ეკრანზე რეკლამებმა იმაზე ხშირად დაიწყოს ამოხტომა, ვიდრე ჩვეულებრივ. მაგალითად, არაერთი უფასო აპლიკაცია ხარჯების დასაფარად რეკლამებს იყენებს, თუმცა ისინი, როგორც წესი, გამოყენების ან თამაშის დროს არ ჩნდება ეკრანზე, რაც ნორმალურია. თუკი ამგვარ ფანჯრებს ჩვეულებრივზე ხშირად ხედავთ, გირჩევთ, ტელეფონში მავნე პროგრამის არსებობაზე დაფიქრდეთ.

ეკრანზე ამომხტარი ზოგიერთი მავნე ფანქრის დახურვა შეუძლებელია. მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააჭიროთ. უმჯობესია, ეკრანზე ამომხტარ არცერთ ფანჯარას არ დააჭიროთ, თუნდაც სრულებით სანდო შესახედაობა ჰქონდეს. ბევრი რეკლამა მიზნად მომხმარებლის მავნე ვებსაიტზე გადაყვანას ისახავს ანდა, შესაძლოა, ტელეფონში საფრთხის გადმოწერას ემსახურებოდეს. კარგი რეკლამის ცუდისაგან გამიჯვნა მასზე დაჭერის გარეშე ხშირად ძალიან რთულია.

დახურვის ღილაკის არმქონე რეკლამებთან გასამკლავებელი საუკეთესო გზა ტელეფონის გამორთვაა. ასე რეკლამაც იხურება და ის აპლიკაციაც, რომელსაც იყენებდით, შემდეგ კი მობილურის გამოყენებას ჩვეულებრივად განაგრძობთ. უმჯობესია, ამის შემდეგ ანტივირუსის დაყენებაზე იფიქროთ.

5. ფაილები დაბლოკილია

ეს არც ისე ხშირია, თუმცა ე.წ. "გამოსასყიდ პროგრამებს" მობილური ტელეფონების მიზანში ამოღება შეუძლია. იგი ფაილებს (ანდა სულაც მთელს მობილურს) ბლოკავს, მათ სანაცვლოდ კი "გამოსასყიდ" თანხას ითხოვს. თავისთავად, ისეთი შემთხვევებიც ხშირია, როდესაც გადახდის შემდეგ ფაილები კვლავაც დაბლოკილი რჩება.

უმჯობესია, მობილური, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანი ფაილები და ფოტოსურათები, წინასწარ დაიცვათ შესაძლო თავდასხმისგან. ამ შემთხვევაში საჭირო ინფორმაცია მაინც დაგრჩებათ, თუკი ვირუსის მოსაშორებლად ტელეფონს საწყის პარამეტრებზე დააყენებთ.

როგორ მოვაშოროთ საზიანო პროგრამები ტელეფონიდან

როგორც წესი, მობილური ტელეფონის ქარხნულ პარამეტრებზე დაყენება მავნე პროგრამასაც გააქრობს, თუმცა ამ დროს ყველა ფოტოსურათი და ფაილი წაგეშლებათ, თუ მათი სარეზერვო ასლები არ გაქვთ.

იშვიათია, თუმცა, შესაძლოა, მავნე პროგრამით მეხსიერების საცავიც დაინფიცირდეს. შესაბამისად, საზიანო პროგრამა ტელეფონის საწყის პარამეტრებზე დაყენებითაც შენარჩუნდება.

როგორც ჩვეულებრივი ვირუსების შემთხვევაში ხდება ხოლმე, საუკეთესო მკურნალობა პრევენციაა — მავნე პროგრამებისაგან თავის დასაცავად არაერთი ხელსაწყოს გადმოწერა შეგიძლიათ. ერთ-ერთი ასეთი Malwarebytes გახლავთ, სხვა სერვისების შესახებ ინფორმაციას კი ამ ბმულზე გაეცნობით.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.