მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ იწყება ფოტოსინთეზი
პროცესის წამოწყება ცალკეულ ფოტონსაც კი შეუძლია.
მეცნიერებმა ფოტოსინთეზის საწყისი სტადიების კუთხით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გააკეთეს და დაამტკიცეს, რომ პროცესის წამოწყება ცალკეულ ფოტონსაც (სინათლის ნაწილაკი) კი შეუძლია. კვლევა გამოცემა Nature-ში გამოქვეყნდა.
ფოტოსინთეზი პროცესია, რომლის დროსაც სინათლის ენერგია გლუკოზად და ჟანგბადად გარდაიქმნება. მას დიდი ხანია შეისწავლიან, თუმცა პროცესის საწყისი ეტაპების შესახებ აქამდე ბევრი რამ არ იყო ცნობილი.
ასევე იხილეთ: მეცნიერებმა ფოტოსინთეზის მრავალწლიან საიდუმლოს ნათელი მოჰფინეს
როგორც წესი, კვლევები იმის გარკვევას ემსახურება, თუ რა ხდება, როცა ფოტონს მცენარის ქლოროპლასტი (ორგანოიდი, რომელიც შაქრის წარმოქმნაზეა პასუხისმგებელი) შთანთქავს. თავად ფოტონის შთანთქმის პირველ ნაბიჯზე აქამდე ბევრი არაფერი იყო ცნობილი.
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა იისფერი ფოტოსინთეზური ბაქტერია შეისწავლეს და ფოტონების წყაროს გამოყენებით ექსპერიმენტი შეიმუშავეს. აღნიშნული წყარო ერთდროულად ორ ფოტონს ასხივებდა.
ტესტის მიმდინარეობისას პირველ ფოტონს ულტრამგრძნობიარე დეტექტორი შთანთქავდა, ხოლო მეორე კი — ბაქტერიაში ქლოროპლასტის ეკვივალენტს ეჯახებოდა. ფოტოსინთეზი სწორედ მაშინ იწყებოდა, როდესაც მეორე ფოტონი აღწევდა სამიზნეს. ეს ადასტურებს, რომ პროცესის წამოსაწყებად ერთი ფოტონიც კი საკმარისია.
მიგნების სანდოობის დასადასტურებლად მკვლევრებმა ექსპერიმენტი დაახლოებით 1.5 მილიონჯერ გაიმეორეს და დარწმუნდნენ, რომ ქიმიურ რეაქციაზე გარემო ფაქტორები არ ზემოქმედებდა.
აღმოჩენა ფოტოსინთეზის ფუნდამენტურ მექანიზმზე გვაწვდის ინფორმაციას და იმასაც უფრო ზუსტად გვეუბნება, თუ როგორ საზრდოობენ მცენარეები სინათლის ენერგიით.
დამატებითი კვლევებით, შესაძლოა, განახლებადი ენერგიის, სოფლის მეურნეობისა და, ზოგადად, ბუნების შესწავლის კუთხით არაერთი სარგებელი მივიღოთ.
კომენტარები