ისტორიაში პირველად, კოსმოსიდან დედამიწაზე ელექტროენერგია დაასხივეს
კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Caltech) ცნობით, მათ მზის პანელების მეშვეობით მიღებული ენერგია კოსმოსიდან დედამიწაზე უსადენოდ დაასხივეს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია. ეს ნიშნავს, რომ ორბიტაზე მზის ფუნქციური ელექტროსადგურის განთავსება და მისით სარგებლობა შესაძლებელია.
ასევე, იხილეთ: იაპონია კოსმოსიდან ელექტროენერგიის დასხივებას 2025 წლისთვის ცდის
თანამედროვე მსოფლიოში, სადაც კლიმატის ცვლილება მიმდინარეობს, წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება მნიშვნელოვანია, რათა ემისიები შევამციროთ. უმთავრესი პოტენციური წყაროები, რომელთა დანერგვასაც ვცდილობთ, ბირთვული და განახლებადი ენერგიაა, მათ შორის მზიდან მიღებული, თუმცა ღამის განმავლობაში და ცუდი ამინდის დროს ამ გზით ენერგიის გამომუშავება პრობლემურია. სამაგიეროდ, არის ადგილი, სადაც ჩვენი ვარსკვლავის სხივები მუდმივად ხელმისაწვდომია — კოსმოსი.
ამ იდეით შთაგონებულმა მეცნიერებმა Space Solar Power Demonstrator (SSPD-1)-ის ტექნოლოგია გამოიყენეს, კერძოდ კი Microwave Array for Power-transfer Low-orbit Experiment (MAPLE). ეს უკანასკნელი შედგება გადამცემებისგან, რომლებიდანაც ენერგიის კონკრეტული ადგილისკენ მიმართვაა შესაძლებელი, თანაც უსადენოდ.
მოწყობილობა თავდაპირველად ექსპერიმენტული სატელიტისგან ენერგიას იღებს, რომელსაც ე.წ. მუდმივ ელექტრულ დენად გარდაქმნის და მას სადემონსტრაციოდ მანათობელი დიოდების ასამუშავებლად იყენებს. იქიდან დედამიწაზე გამოგზავნილი ენერგია Caltech-ში მომუშავე სპეციალისტებმა დააფიქსირეს, რამაც ნათელყო, რომ მათი გეგმა წარმატებით განხორციელდა.
"ვიმედოვნებთ, რომ ენერგიის უსადენოდ გადაცემით მისი ხელმისაწვდომობის დემოკრატიზებას ზუსტად ისე მივაღწევთ, როგორც ინტერნეტმა შეძლო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დემოკრატიზება.
ხმელეთზე ენერგიის მისაღებად გადამცემი ინფრასტრუქტურის განთავსება საჭირო არ იქნება, რაც ნიშნავს, რომ მის გაგზავნას შორეულ რეგიონებსა და ომის ან ბუნებრივი კატასტროფების მიერ განადგურებულ არეალებში მოვახერხებთ", — აცხადებს პროექტის წამყვანი მკვლევარი, ალი ჰაჯიმირი.
კომენტარები