სომეხ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს სავარაუდოდ Pegasus-ის ჯაშუშური პროგრამით უთვალთვალებდნენ
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ერთობლივმა გამოძიებამ აჩვენა, რომ სომხეთში 12 ადამიანი, მათ შორის ყოფილი ოფიციალური პირები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები ჯაშუშური პროგრამის სამიზნეები აღმოჩნდნენ. თვალთვალი მთიანი ყარაბაღის მეორე ომამდე და ომის შემდეგ ხორციელდებოდა.
გამოძიებას ხელმძღვანელობდა ნიუ-იორკში არსებული ორგანიზაცია Access Now, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ციფრულ უფლებებს იცავს. გამოძიებაში ასევე ჩართულები იყვნენ CyberHUB-AM, the Citizen Lab, Amnesty International-ის უსაფრთხოების ლაბორატორია და რუბენ მურადიანი, მობილური უსაფრთხოების დამოუკიდებელი ექსპერტი.
როგორც აღმოჩნდა, მინიმუმ 12 სომეხ პირს 2020 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის დეკემბრამდე პეგასუსის სათვალთვალო პროგრამის მეშვეობით აკვირდებოდნენ.
პროგრამის სავარაუდო სამიზნეებს შორის აღმოჩნდნე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი ანნა ნაღდალიანი, სომეხი უფლებადამცველი კრისტინა გრიგორიანი და მთიანი ყარაბაღის საკითხებზე მიმაგრებული ყოფილი უფლებადამცველი რუბელ მელიქიანი.
Citizen Lab-ის მტკიცებით, ანა ნაღდალიანის მოწყობილობა პეგასუსით ჯერ კიდევ 2020 წლის 11 ოქტომბერს დაინფიცირდა, როცა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დაწყებამდე თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი. Access Now აღნიშნავს, რომ "ეს ვადა ხაზს უსვამს ფაქტს, რომ თვალთვალის დაწყების მიზეზი სწორედ კონფლიქტის გაღვივება გახდა".
Amnesty International-ის გავრცელებული ცნობით, მელიქიანის მობილური 2021 წლის მაისში დავირუსდა, როცა ის 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებს აქტიურად აკვირდებოდა.
ამავე ორგანიზაციის უსაფრთხოების ლაბორატორიის თანახმად, პეგასუსის სათვალთვალო მოწყობილობა ოპერატორს სამიზნის მობილურზე თითქმის შეუზღუდავ ადმინისტრაციულ წვდომას აძლევს, ამაში შედის წვდომა მიკროფონსა და კამერაზე, ასევე კლავიატურით განხორციელებულ ქმედებებზე.
"პეგასუსით დავირუსების შემთხვევები მინიმუმ 2022 წლის დეკემბრამდე გაგრძელდა, ამ პერიოდში გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა", — აცხადებს Access Now.
ჯაშუშური პროგრამის სხვა სამიზნეები აღმოჩნდნენ ვარუჟან გეღამიანი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის პროფესორი, სამველ ფარმანიანი — ხელისუფლების კრიტიკოსი და ArmNews-ის დამფუძნებელი და RFE/RL-ის ორი რეპორტიორი — კარლენ ასლანიანი და ასტღიკ ბედევიანი.
Access Now-მ აღნიშნა, რომ "ეს Pegasus-ის პროგრამის გამოყენების პირველი დოკუმენტირებული შემთხვევაა საერთაშორისო ომის კონტექსტში".
Access Now-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა ჯგუფებმა მობილურების დავირუსების დადასტურება მას შემდეგ შეძლეს, რაც 2021 წლის ნოემბერში Apple-მა სამიზნეები პოტენციური პრობლემის შესახებ გააფრთხილა.
ერთობლივი გამოძიება ზუსტად ვერ ადებს ხელს სამთავრობო აქტორებს, რომლებიც ამ პროცესის უკან შეიძლება იდგნენ, თუმცა ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ წარსულში აზერბაიჯანი შიდა კრიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჯაშუშური პროგრამების გამოყენებაში შემჩნეული ყოფილა. ამ პროგრამებს შორის პეგასუსიც იყო.
2022 წელს ორგანიზებული დანაშაულებისა და კორუფციის გაშუქების პროექტი აცხადებდა, რომ პეგასუსის დახმარებით დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტების, ხადიჯა ისმაილოვასა და სევინჯ ვაგიფგიზის ტელეფონებს უთვალთვალებდნენ.
Access Now ეჭვმიტანილს "პეგასუსის სამთავრობო მომხმარებლად" მოიხსენიებს, Citizen Lab-მა კი "პეგასუსის ორი ეჭვმიტანილი ოპერატორის" ლოკალიზაცია შეძლო აზერბაიჯანში: ბოზბაშში და იანარში.
"ბოზბაშის ოპერატორის სამიზნეები სომხეთში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ", — აღნიშნავს Access Now.
მიუხედავად იმისა, რომ Access Now არც სომხეთის ინტერესებს გამორიცხავს ადგილობრივი აქტივისტებისა და კრიტიკოსების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში, ორგანიზაცია აცხადებს, რომ სომხეთის წვლილზე არანაირი "ტექნოლოგიური მტკიცებულება" არ მიუთითებს.
სომხეთი 2021 წელს Cytrox-ის, ჩრდილომაკედონიური კომპანიის ჰაკერული სერვისების გამოყენებაში იყო გარეული.
Pegasus-ის სათვალთვალო პროგრამა ისრაელში დაფუძნებულმა კიბერმეთყვალყურეობის კომპანია NSO-მ შექმნა. ის მთავრობის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების წინააღმდეგ მინიმუმ 2015 წლიდან გამოიყენება. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირებულა მექსიკაში, რუანდასა და ინდოეთში.
2021 წლის ნოემბერში აშშ-ის სავაჭრო პალატამ NSO ჯგუფს სანქციები დაუწესა "უცხო ქვეყნის მთავრობებისათვის ჯაშუშური პროგრამის მიწოდებისათვის, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, ბიზნესმენებს, აქტივისტებს, აკადემიკოსებს და საელჩოს თანამშრომლებს იღებდა მიზანში".
გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის პროგრამის დირექტორმა მარტინეს დე ლა სერნამ სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს მოუწოდა, სომეხი ჟურნალისტების მიმართ მიყურადების საქმეზე "გამჭვირვალე გამოძიების" ჩატარება უზრუნველყონ.
"NSO ჯგუფმა გამოძიების მიგნებებზე დამაჯერებელი პასუხი უნდა გასცეს და შეწყვიტოს საკუთარი ტექნოლოგიის მიწოდება ქვეყნებისათვისა და სხვა აქტორებისათვის, რომლებსაც ჟურნალისტების თვალთვალი სურთ", — თქვა დე ლა სერნამ.
2020 წელს მედიის უფლებების დაცვის საერთაშორისო ჯგუფმა რეპორტიორები საზღვრებს გარეშე NSO ჯგუფი "20 ყველაზე მავნე ციფრულ მტაცებელს" შორის დაასახელა.
NSO აცხადებს, რომ ის პეგასუსის პროგრამას სამთავრობო უწყებებს მხოლოდ იმისთვის სთავაზობს, რომ მათ მსხვილი კრიმინალების შესახებ ინფორმაციის შეგროვება გაუადვილდეთ.
კომენტარები