ლიზა რენდალის თეორია, ანუ გამოიწვია თუ არა ბნელმა მატერიამ დინოზავრების გადაშენება
მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ დინოზავრების გადაშენება გამოიწვია დედამიწასთან 10-15 კილომეტრის რადიუსის ასტეროიდის დაჯახებამ. ეს ფაქტი კარგად არის შესწავლილი და დღესდღეობით, სამეცნიერო წრეებში სწორედ ამ ვერსიას ემხრობიან. თუმცა შეიძლება თუ არა, რომ ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახება არ ყოფილიყო შემთხვევითი მოვლენა? რა არის ბნელი მატერია და არის თუ არა ის კავშირში დედამიწაზე დინოზავრების მილიონწლოვანი დომინაციის დასასრულთან?
სტატიაში გაეცნობით ცნობილი ამერიკელი ფიზიკოსის — ლიზა რენდალის თეორიას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ბნელმა მატერიამ, მილიონობით წლის წინ, ფუნდამენტურად შეცვალა სიცოცხლის მომავალი დედამიწაზე.
რა არის ბნელი მატერია?
დღესდღეობით კოსმოლოგები თანხმდებიან, რომ სამყაროს შემადგენელ ნაწილებს შორის თანაფარდობა შემდეგნაირია:
- ჩვეულებრივი მატერია - 5%
- ბნელი მატერია - 27%
- ბნელი ენერგია - 68%
სიტყვა ბნელი ორივე შემთხვევაში უკავშირდება იმას, რომ ისინი ჩვენთვის უხილავია, ანუ არ ურთიერთქმედებს სინათლესთან. ჩვეულებრივი მატერია, ანუ ნაწილაკები, რომლისგანაც შედგება ყველაფერი ის, რისგანაც შევდგებით ჩვენ, პლანეტები, ვარსკვლავები და ა.შ. შეადგენს სამყაროს მხოლოდ მცირე ნაწილს!
ამავე თემაზე: ის აქ არის, მაგრამ ვერ ვხედავთ — ბნელი მატერია სამყაროსა და მზის სისტემაში
შედარებით დიდი წილი უკავია ბნელ მატერიას, რომელის არსებობის შესახებაც მეცნიერებმა უკვე თითქმის საუკუნეა იციან. ბნელი მატერია ჩვეულებრივ მატერიასთან მხოლოდ გრავიტაციულად ურთიერთქმედებს, რაც უაღრესად რთულს ხდის მასზე დაკვირვებას და ექსპერიმენტებზე აღმოჩენას.
თავდაპირველად ბნელი მატერიის იდეა ფრიც ზვიკიმ შემოიტანა, რომელიც აკვირდებოდა გალაქტიკების მოძრაობას და ამ მოძრაობის ხასიათის ასახსნელად მან აუცილებლად მიიჩნია უხილავი მატერიის არსებობა, რომელიც გრავიტაციულად ურთიერთქმედებდა გალაქტიკების შემადგენელ, ჩვეულებრივ მატერიასთან. მისმა ნაშრომმა მაშინდელ სამეცნიერო წრეში სკეპტიციზმი გამოიწვია. მხოლოდ დაახლოებით 30 წლის შემდგომ, მრავალი დაკვირვებების შედეგად, ზვიკის თეორიამ ბნელი მატერიის შესახებ დაიმკვიდრა თავისი ადგილი მეცნიერებაში.
ბნელი ენერგიის წილი სამყაროში უმსხვილესია (68%). ბნელ ენერგიას უკავშირებენ სამყაროს აჩქარებულ გაფართოვებას, რაც პირველად 1930-იან წლებში ედუინ ჰაბლის დაკვირვებების შედეგად დადასტურდა. ბნელი ენერგია არ წარმოადგენს მატერიის ფორმას, არამედ ის წარმოადგენს იმ ენერგიას, რომელიც აუცილებელია სამყაროს აჩქარებული გაფართოვების ასახსნელად. ის დაკავშირებულია სივრცის კვანტურ თვისებებთან.
66 მილიონი წლის წინ...
არქეოლოგიური კვლევების თანახმად, დინოზავრები პირველად 230 მილიონი წლის წინ გამოჩდნენ. მათი ევოლუციის 174 მილიონი წლის განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა კლიმატი და, ზოგადად, მათი საცხოვრებელი გარემო, შედეგად მათი ნაწილი გადაშენდა, ხოლო ნაწილმა, რომელიც ადაპტირდა ცვლილებებთან, გადარჩა. თუმცა დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ, ძალიან მოკლე დროში, დინოზავრები სრულად გადაშენდნენ, გარდა ჩიტებისა, რომლებიც დღესდღეობით პალეონტოლოგიურ თუ სხვა სამეცნიერო წრეებში დინოზავრების ერთ-ერთ სახეობად ითვლებიან.
მეცნიერების უმრავლესობის აზრით, ასეთი მასობრივი გადაშენების მიზეზად ის სახელდება, რომ ასტეროიდი დედამიწას შეეჯახა, ასევე იმ დროს დედამიწაზე იყო ვულკანური აქტივობა. ამ მოვლენათა ერთობლიობამ კი გამოიწვია დედამიწის ატმოსფეროში მტვრის გარსის შექმნა. მტვრის გარსი ნაკლებად ატარებდა მზის სხივებს, რის გამოც მცენარეების უმრავლესობა ვეღარ იზრდებოდა. გარდა საჭმელი რესურსების გაიშვიათებისა, რახან მზის სხივების უდიდესი ნაწილი დედამიწის ზედაპირს ვერ აღწევდა, ტემპერატურა საგრძნობლად დაეცა. დინოზავრებმა ვერ შეძლეს ადაპტაცია უეცარ ცვლილებებთან და 66 მილიონი წლის წინ მათი უმრავლესობა გადაშენდა.
ბნელი მატერიის წვლილი დინოზავრების გადაშენებაში
როგორც ცნობილია, დედამიწას მილიონიბით წლის განმავლობაში ხუთი დიდი გადაშენება აქვს გამოვლილი, მაგრამ ახალი კვლევები ცხადჰყოფს, რომ ამასთან ერთად ხდებოდა შედარებით მცირემასშტაბიანი გადაშენების მოვლენებიც.
მეცნიერები დიდი ხანია ლაპარაკობენ დედამიწაზე მომხდარი უეცარი გადაშენებების პერიოდულობაზე. ისინი ფიქრობენ, რომ პროცესები, რომლებიც დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას ხელს უშლიდნენ, არა თუ ქაოტური, არამედ ისეთივე პერიოდულია, როგორც დედამიწის ბრუნვა მზის გარშემო. გამოკვეთილია დაახლოებით 30 მილიონწლიანი ციკლი, რომლის განმავლობაშიც დედამიწაზე ვითარება დრამატულად იცვლება.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორებმა ლიზა რენდალმა და მეთიუ რისმა ახალი, ძალიან საინტერესო ახსნა მოუძებნეს პერიოდულობას. მათი ჰიპოთეზის თანახმად, ბნელ მატერიას გააჩნია თვისება, რომლის დახმარებითაც მისი მცირე ნაწილი შესაძლოა გალაქტიკის დისკოს პარალელურ სიბრტყეში განლაგდეს. ამ მოდელზე მუშაობისას დაიბადა იდეა... რახან მზე გალაქტიკის ცენტრის გარშემო მოძრაობისას ასევე ასრულებს რხევით მოძრაობას და პერიოდულად კვეთს გალაქტიკის სიბრტყეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის პერიოდულად გაივლის ბნელი მატერიის დისკოში, რომელიც მზის სისტემაზე გრავიტაციული ძალის მეშვეობით იმოქმედებს და გამოიწვევს ოორტის ღრუბლის არასტაბილურობას. ოორტის ღრუბელი შედგება მრავალი მცირე ზომის ციური სხეულისგან და გარს აკრავს მთლიან მზის სისტემას. შედეგად ოორტის ღრუბლის სხეულები გადაიქცევიან კომეტებად, რომელთა ნაწილიც დედამიწისკენ მოემართება.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მოდელი, რომელიც ხსნის საკმარისად დიდ გრავიტაციულ ზემოქმედებას ოორტის ღრუბელზე, რომელიც ციურ სხეულებს წონასწორობის მდგომარეობიდან გამოიყვანდა.
ამ თეორიას დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მოდელი ბნელი მატერიის შესახებ კარგ შესაბამისობაშია ბნელი მატერიის თვისებებთან, მეცნიერების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სათანადო დაკვირვებები, რომლებიც ამტკიცებენ გალაქტიკის სიბრტყეში ბნელი მატერიის დისკოს არსებობას.
მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ ფარდა ახადონ ბნელი მატერიის უცნაურ თვისებებს, მაგრამ ჯერჯერობით არსებობს მხოლოდ მოდელები, რომელთა დადასტურება/უარყოფა მხოლოდ ასტრონომიული დაკვირვებებითაა შესაძლებელი. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მისიები, რომლებიც ამ მისტიური ფორმის მატერიის გამოკვლევას ისახავს მიზნად, რადგან გარდა იმისა, რომ ადამიანს ყოველთვის აინტერესებდა/აინტერესებს სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნა, ასევე შესაძლოა სწორედ ბნელი მატერია იყოს პერიოდული კატაკლიზმების მიზეზი და, მომავალში სწორედ ბნელი მატერიის შესაბამისად შესწავლამ შეიძლება იხსნას მსგავსი მოვლენებისგან კაცობრიობა.
კომენტარები