TikTok-ის სტატისტიკის მიხედვით, აპლიკაციაში 1,8 მილიარდი ადამიანი თვეში ერთხელ მაინც შედის და დღეში საშუალოდ 95 წუთს ატარებს.

ეს ძალიან დიდი რიცხვებია. მეორე მხრივ, ახალი კვლევის თანახმად, ტიკტოკი ინფორმაციის მიღების ყველაზე სანდო წყარო არ არის, განსაკუთრებით ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, ADHD.

ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის (კანადა) მკვლევართა გუნდმა აღმოაჩინა, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) შესახებ 100 ყველაზე პოპულარული ვიდეოდან ნახევარზე მეტი პროფესიონალური დიაგნოსტიკის კრიტერიუმებს არ შეესაბამებოდა.

ვიდეოები, რომლებსაც ჯამში ნახევარი მილიარდი ნახვა ჰქონდა, უმეტესად ინდივიდუალურ გამოცდილებებსა და პირად შეხედულებებს ეყრდნობოდა. შიგნით ბევრი ნიუანსი არასწორად იყო გაჟღერებული — მაგალითად, როგორ შეიძლება განსხვავდებოდეს ადამიანებს შორის ADHD-ს სიმპტომების გამოვლინება.

ADHD-ს თემატიკის პოსტებთან დაკავშირებული ჰეშთეგები.

ADHD-ს თემატიკის პოსტებთან დაკავშირებული ჰეშთეგები.

ფოტო: Karasavva et al., PLOS One, 2025

"ტიკტოკი შესანიშნავი საშუალებაა ცნობიერების ასამაღლებლად და სტიგმასთან საბრძოლველად, თუმცა ამ პლატფორმას უარყოფითი მხარეც გააჩნია. პირად ისტორიებსა და გამოცდილებებს ხალხზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, მაგრამ, როცა ისინი კონტექსტიდან ვარდება, ადამიანები ხშირად შეცდომაში შეჰყავს ADHD-სა და ზოგადად მენტალური ჯანმრთელობის შესახებ", — განმარტავს ვასილია კარასავა, ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგი.

მკვლევრებმა მეორე ექსპერიმენტიც ჩაატარეს. 100 ყველაზე პოპულარული ვიდეოდან მათ 5 ყველაზე ზუსტი და 5 ყველაზე არაზუსტი ვიდეო გამოარჩიეს ინფორმაციის სისწორის თვალსაზრისით. ეს 10 ვიდეო შემდეგ ბაკალავრიატის 843 სტუდენტს აჩვენეს, რომლებიც ფსიქოლოგიის შესავალ კურსს გადიოდნენ. ცდისპირებს სთხოვეს, რომ აღნიშნული ვიდეოები შემეცნებითი ღირებულების კრიტერიუმით შეეფასებინათ.

ყველაზე ზუსტმა ხუთმა ვიდეომ ფსიქოლოგებისგან 3,6 ქულა დაიმსახურა, სტუდენტებისგან კი — 2,8. ყველაზე არაზუსტმა ხუთმა ვიდეომ ფსიქოლოგებისგან 1,1 ქულა მიიღო, ხოლო სტუდენტებისგან — 2,3.

დასკვნის გამოტანა მარტივია: ADHD-ს თემატიკის TikTok ვიდეოებზე ექსპერტებისა და ახალგაზრდების მოსაზრებები მნიშვნელოვნად განსხვავდება. შესაბამისად, მცდარი ინფორმაციის გავრცელების მსგავსი პოტენციალი ADHD-ს შესახებ ბევრ ადამიანს შეცდომაში შეიყვანს. ეს პაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას გაართულებს.

კვლევამ ისიც აჩვენა, რომ სტუდენტები, რომლებიც ADHD-სთან დაკავშირებულ მეტ ვიდეოს უყურებდნენ, მათ უფრო ხშირად აზიარებდნენ. ასევე, უფრო ხშირად ფიქრობდნენ, რომ ADHD იმაზე მეტ ადამიანს აქვს, ვიდრე სინამდვილეში.

ტიკტოკზე შიგთავსის შემქმნელები მეტ ჰონორარს მაშინ იღებენ, როცა მათ ვიდეოებს მეტი ნახვა აქვს და არა მაშინ, როცა სწორ ინფორმაციას ავრცელებენ. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ პლატფორმაზე სამომავლოდ ექსპერტების მიერ ჩაწერილი მეტი ვიდეო იქნება პოპულარული.

მეცნიერებს ტიკტოკის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. ისინი თვლიან, რომ სოციალურ ქსელებს ნამდვილად მიუძღვის წვლილი მენტალურ ჯანმრთელობაზე ცნობიერების ამაღლებაში. მეორე მხრივ, ისინი აპლიკაციის მომხმარებლებს მოუწოდებენ, რომ სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით უფრო სანდო წყაროებს დაეყრდნონ.

აღნიშნული კვლევა გამოცემაში PLOS One გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.