შესაძლოა, D ვიტამინი გაფანტული სკლეროზის განვითარებას ანელებს

ფოტო: Scitechdaily
ისტორიაში პირველად, კვლევამ აჩვენა, რომ D ვიტამინის დიდი დოზის მიღებამ, შესაძლოა, გაფანტული სკლეროზის განვითარება შეაფერხოს.
ზოგადად, დიდი რაოდენობით D ვიტამინის მიღება ჯანმრთელობისთვის სახიფათო შეიძლება იყოს, თუმცა კვლევის დროს პროცესს სამედიცინო პერსონალი სრულად აკონტროლებდა. გარდა ამისა, მეცნიერებმა ისეთი პაციენტები შეარჩიეს, რომლებისთვისაც ეს ცდა უსაფრთხოდ ჩაითვალა.
გაფანტული სკლეროზი ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ტვინსა და ზურგის ტვინს აზიანებს. ამ დროს იმუნური სისტემა შეცდომით უტევს ნერვული ბოჭკოების დამცავ შრეს, რის შედეგადაც დაზიანებები და ნაწიბუროვანი ქსოვილი წარმოიქმნება. ეს ისეთ სიმპტომებს იწვევს, როგორიცაა კუნთების სისუსტე, მხედველობის გაუარესება, დაბუჟება, მეხსიერების პრობლემები. პერიოდულად სიმპტომები შეიძლება გაქრეს და კვლავ გამოჩნდეს, ან დროთა განმავლობაში გაუარესდეს.
გაფანტული სკლეროზის სამკურნალო საშუალება ჯერ არ არსებობს. არსებული პრეპარატები პაციენტებს სიმპტომების მართვაში მხოლოდ ეხმარება, თუმცა თან მრავალი გვერდითი მოვლენა ახლავს. ადამიანებს ამ დროს ინფექციების განვითარების რისკი მაღალი აქვთ, მათ გამკლავება ასევე კუჭ-ნაწლავების პრობლემებთანაც უწევთ.
კვლევამ აჩვენა, რომ D ვიტამინის ნაკლებობა გაფანტული სკლეროზის შესაძლო რისკ-ფაქტორია. ეს იმითაა განპირობებული, რომ მას სხვადასხვა გზით ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ანთების შემცირება შეუძლია. შესაბამისად, D ვიტამინის ნაკლებობამ შესაძლოა უკონტროლო ანთება გამოიწვიოს.
D ვიტამინის დაბალ დონესა და გაფანტულ სკლეროზს შორის კავშირი პირველად 1960-იან წლებში გამოიკვლიეს. გასული წლების კვლევებმა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ D ვიტამინის მაღალი დოზის მიღება პაციენტს დაავადების სიმპტომების შემცირებაში დაეხმარება.
კვლევის ხელმძღვანელმა და ნევროლოგმა ერიკ თუვენოტმა განმარტა, რომ წინა კვლევებში მონაწილეებს მხოლოდ მცირე დროის განმავლობაში აკვირდებოდნენ. რა თქმა უნდა, ეს რამის დანამდვილებით სათქმელად საკმარისი ვერ იქნებოდა. გარდა ამისა, აქამდე ისეთ პაციენტებს იკვლევდნენ, რომლებიც D ვიტამინს გაფანტული სკლეროზის სამართავად უკვე იღებდნენ. ეს ვიტამინის ეფექტურობის დასადგენად არც თუ ისე ეფექტური გზა იყო, რასაც თავად მკვლევარი Live Science-თან საუბრისას ადასტურებს.
კვლევისას მეცნიერებმა D ვიტამინის მაღალი დოზის გავლენა 303 პაციენტზე დაკვირვებით შეისწავლეს. ამ ადამიანებს კლინიკურად იზოლირებული სინდრომიც ჰქონდათ, რომელსაც ანთება და ნერვული ბოჭკოების დამცავი შრის დაზიანება ახასიათებს. ის გაფანტული სკლეროზის ადრეული ნიშანია, თუმცა დაავადებაში მხოლოდ პაციენტების დაახლოებით 85%-ში გადადის, დანარჩენ შემთხვევაში კი მხოლოდ სიმპტომად რჩება.
კვლევაში მონაწილე პაციენტები დაავადების სამკურნალოდ ჯერ არანაირ პრეპარატს იყენებდნენ, რის შედეგადაც მეცნიერებს საშუალება მიეცათ, გაფანტულ სკლეროზზე მხოლოდ D ვიტამინის გავლენა შეესწავლათ.
გუნდმა შემთხვევითობის პრინციპით 156 მონაწილე აარჩია, რომელთაც D ვიტამინი, იგივე ქოლეკალციფეროლი, ორი წლის განმავლობაში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა მიეღოთ. პაციენტები დანამატების მიღებიდან ექიმთან სამი თვის, ერთი წლისა და ორი წლის შემდეგ იყვნენ. ამ დროს მათ ტვინისა და ზურგის ტვინის სკანირება და გაფანტული სკლეროზის სიმპტომების შეფასება ჩაუტარდათ.
თუ რომელიმე პაციენტს დაავადების მანიშნებელი სიმპტომი აღმოაჩნდებოდა, კვლევას დაუყოვნებლივ ტოვებდნენ. შემდეგ მათ სამკურნალოდ სპეციალურ პრეპარატებს უნიშნავდნენ. შედარებისთვის სხვა 147 პაციენტის ჯგუფი გამოყვეს, რომელმაც D ვიტამინის ნაცვლად პლაცებო მიიღო. ამის შესახებ კვლევა და შედეგები გამოცემაში JAMA გამოქვეყნდა.
პირველმა ჯგუფმა D ვიტამინის 100 000 საერთაშორისო ერთეული მიიღო, რაც იმ დოზაზე დაახლოებით 20-ჯერ მეტია, რომელსაც აფთიაქის ჩვეულებრივი პრეპარატი შეიცავს.
აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის ჯგუფში ორი წლის განმავლობაში დაავადება პაციენტების 60%-ში განვითარდა, პლაცებო ჯგუფში კი 74%-ში. ასევე სიმპტომების გამოსავლენად პირველ ჯგუფს 432 დღე დასჭირდა, მეორეს კი 224. ეს აღმოჩენები იმაზე მიუთითებს, რომ D ვიტამინის დიდი დოზით მიღება შესაძლოა გაფანტული სკლეროზის განვითარებას ხელს უშლიდეს.
ექიმები გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს ყოველდღიურად ისეთი D ვიტამინის მიღებას ურჩევენ, რომელიც 4 000-5 000 საერთაშორისო ერთეულს შეიცავს. ნებისმიერ უფრო მაღალ დოზას ჰიპერკალცემიის, სხეულში ზედმეტი კალციუმის დაგროვების, გამოწვევა შეუძლია. ამ მდგომარეობას ძვლების დასუსტება, გულისა და თირკმელების დაზიანება შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მიმდინარეობისას პაციენტებმა დანამატი დასაშვებზე დიდი დოზით მიიღეს, ჰიპერკალცემია არცერთ მათგანს განუვითარდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ D ვიტამინის გადაჭარბებულად მიღებაც შეიძლება ზოგჯერ უსაფრთხო იყოს, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ პაციენტები D ვიტამინს ყოველდღე არ იღებდნენ.
მკვლევრების თქმით, კვლევის მიზანი არა დაავადების სამკურნალო პრეპარატის ჩანაცვლება, არამედ პაციენტისთვის სხვა ვარიანტის შეთავაზებაა. ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანებს პრეპარატზე წვდომა არ აქვთ, თუნდაც ფინანსური პრობლემების გამო, ამიტომ D ვიტამინი კარგი ალტერნატივა შეიძლება გახდეს. ამის დაზუსტებით სათქმელად კი საჭირო მეტი კვლევაა.
კომენტარები