როგორ შეიცვალა ზღვის დონე ბოლო გამყინვარების შემდეგ — მეცნიერების პასუხი

ფოტო: Live Science
ჩრდილოეთ ამერიკაში, ანტარქტიდასა და ევროპაში ბოლო გამყინვარების პერიოდის შემდეგ ყინულოვანი საფარების დნობამ ზღვის დონის სწრაფი მატება გამოიწვია. მკვლევრებს ამ დროის შესახებ ზუსტი გეოლოგიური მონაცემები არ ჰქონდათ, შესაბამისად, უცნობი იყო ზუსტად რამდენით მოიმატა წყლის დონემ.
ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა ზღვის ფსკერიდან ნიმუშები ამოიღეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 11 000-დან 3 000 წლამდე პერიოდში ზღვის დონე დაახლოებით 38 მეტრით გაიზარდა. ეს კვლევა მკვლევრებს დაეხმარება, გაიგონ, მომავალში რას უნდა ველოდოთ, როცა ყინული გლობალური დათბობის გავლენას განიცდის.
ამის გასარკვევად მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ფსკერის ნიმუშები, კერძოდ ტორფი, "დოგერლენდიდან", მიწის ხიდიდან, აიღო. ეს ხიდი დაახლოებით 7 000 წლის წინ დიდი ბრიტანეთის კუნძულს ევროპასთან აკავშირებდა.
გამყინვარების პერიოდში "დოგერლენდი" სანაპირო ჭაობებს მოიცავდა, თუმცა ზღვის დონის მატებასთან ერთად ისინი წყალმა დაფარა. გუნდმა ტორფში სხვადასხვა ელემენტი და მიკრო წყალმცენარეების ტიპები გამოიკვლია, რათა ზღვის დონის ცვლილება დაედგინა.
როგორც დადგინდა, ზღვის დონე უკანასკნელი გამყინვარების პერიოდის დასრულების შემდეგ, 8 000 წლის განმავლობაში, 38 მეტრით გაიზარდა. ამ მატების უმეტესი ნაწილი ორ ფაზად მიმდინარეობდა.
პირველი ფაზა დაახლოებით 10 300 წლის წინ დაიწყო. ის გამოწვეული მხოლოდ გამლღვალი წყლის მატებით იყო. რაც შეეხება მეორეს, ეს ფაზა 8 300 წლის წინ დაიწყო და მყინვარების ზედაპირზე არსებული ტბებიდან წყლის მასშტაბურმა გადმოსვლამ განაპირობა.
იმ დროს ზღვის დონის მატების ტემპმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია — 10 მილიმეტრი წელიწადში, რაც საუკუნეში 1 მეტრია. ახლა კი წელიწადში 3-4 მილიმეტრით იმატებს. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის ვარაუდით, ეს ნიშნული საუკუნის ბოლოსთვის 4-9 მილიმეტრს მიაღწევს.
"რა თქმა უნდა, ზღვის დონის მატების შედეგები დღეს ბევრად უფრო სერიოზულია. მოსახლეობა გაიზარდა, ინფრასტრუქტურა, ქალაქები და ეკონომიკური აქტივობა თავმოყრილი უკვე იმ რეგიონებშია, რომლებიც მომავალში კლიმატის ცვლილების გავლენის ქვეშ მოექცევა", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა, სარა ბრედლიმ, ბრიტანეთის შეფილდის უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და დაგეგმარების სკოლის მკვლევარმა.
მეცნიერების თქმით, იმის გაგება, თუ წარსულში ზღვის დონე სწრაფი დათბობის პერიოდებში როგორ იცვლებოდა, მათ არსებული მოდელების გაუმჯობესებაში შეიძლება დაეხმაროს. ახალ კვლევაში აღწერილი მონაცემები თანამედროვე გზებით მიღებულ უახლეს მონაცემებს ავსებს. ეს დაგვეხმარება გავიგოთ, დედამიწა სხვადასხვა ცვლილებაზე როგორ რეაგირებს.
"ჩრდილოეთის ზღვის რეგიონში მოპოვებული დეტალური მონაცემების გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია ყინულის საფარების, კლიმატის და ზღვის დონის ურთიერთქმედება უკეთ გავიგოთ", — აღნიშნა მარკ ჰიჯმამ, ნიდერლანდების ტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგმა. "ეს კვლევა მეცნიერებს მნიშვნელოვან ცოდნას აძლევს. ასევე პოლიტიკოსებს უბიძგებს, კლიმატის ცვლილების ზემოქმედებისთვის უკეთ მოემზადონ".
კვლევა 19 მარტს გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები