ბონობო სახელად კანზი 44 წლის ასაკში მოკვდა. მას სიმბოლოების საშუალებით ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება შეეძლო. ტყვეობაში მყოფი შიმპანზე მრავალი კვლევის საგანი იყო, რომლებიც მიზნად ისახავდა მაიმუნების, ადამიანში ლინგვისტიკის წარმოშობისა და ხელსაწყოების გამოყენების საკითხების შესწავლას.

რატომ არის მნიშვნელოვანი

კანზი არ ყოფილა პირველი შიმპანზე, რომელმაც ადამიანებთან კომუნიკაცია ისწავლა. მაგალითად გორილა კოკომ და შიმპანზე ვაშუმ შეძლეს ამერიკული ნიშანთა ენის (ASL) შესწავლა მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, რომლებმაც ცოდნის მიღება ხანგრძლივი და გამიზნული სწავლების შედეგად მოახერხეს, კანზიმ სიმბოლოების შესწავლის ინტერესი თავად გამოიჩინა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მკვლევრები კანზის არაბიოლოგიურ დედა მატატას ლექსიგრამის გამოყენებას ასწავლიდნენ. კანზიმ ასობით სიმბოლოს დამახსოვრება შეძლო, რომლებიც სხვადასხვა მნიშვნელობებს და აქტივობებს გამოხატავდა, მათ შორის ზოგიერთს აბსტრაქტული მნიშვნელობაც კი ჰქონდა. ხანდახან კანზი სიმბოლოებს აერთებდა რათა უფრო კომპლექსური მნიშვნელობები მიეღო.

კანზი 2005 წელს ბანაობის შემდეგ

ფოტო: (Photo by W. H. Calvin on Wikimedia Commons (CC BY-SA 4.0))

ინდიანას უნივერსიტეტის არქეოლოგებმა, ნიკოლას ტოტმა და კეტი შიკმა კანზისთან და მის და პანბანიშასთან მუშაობა 1990 წელს დაიწყეს. მათი თავდაპირველი მიზანი ქვის ჩაქუჩის გამოყენებით ქვის იარაღების დამზადების სწავლება იყო. ტოტის თქმის, კანზი ნელ-ნელა ეჩვეოდა და აუმჯობესებდა ტექნიკას. სწავლების ადრეულ ეტაპზე, კანზიმ ქვების დამუშავების საკუთარი მეთოდი მოიგონა, რომელიც ქვის მაგარ ზედაპირზე სროლას გულისხმობდა. ამ გზით კანზი იარაღს ზედმეტ ნაწილებს აშორებდა, რის შემდეგაც იგი ნატეხებს საკვებით სავსე ყუთების გასახსნელად იყენებდა. ტოტის თქმით, ამ მეთოდის განვითარების შემდეგ, კანზიმ გაიაზრა ძალის მნიშვნელობა უფრო დიდი და შესაბამისად გამოსადეგი ნატეხების მისაღებად. ამ ახალ მიღებულ ცოდნას კანზი შემდგომში უკვე ქვის ჩაქუჩით იარაღების დასამზადებლადაც იყენებდა.

კანზის ხელსაწყოების დამზადების შესაძლებლობები თანამედროვე ადამიანებისა და ჩვენი წინაპრების უნარებს მაინც ჩამორჩებოდა. ტოტმა და შიკმა კანზისა და პანბანიშას ნამუშევრები საკუთარი ხელით დამზადებულ და 2.6 მილიონი წლის წინანდელი ადამიანების მიერ შექმნილ ხელსაწყოებს შეადარეს. როგორც აღმოჩნდა, ბონობოებს ბევრად მეტი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდათ იარაღებისგან ნატეხების მოშორებაში, ხოლო მათ მიერ დამზადებული ნატეხები ადამიანების შექმნილზე უფრო პატარები იყო.

"ჩვენი აზრით, მათი შეზღუდვები როგორც ბიომექანიკურ, ასევე კოგნიტიურ ფაქტორებთან იყო დაკავშირებული. იარაღების დასამზადებლად, საჭიროა არათანაბარი ნაწილების ამოცნობა და სწორ ადგილას, სწორი კუთხით დარტყმა", — აცხადებს ტოტი.

რას ამბობენ ექსპერტები

ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრიმატოლოგმა ჯილ პრუეცმა, რომელიც სენეგალში ველურ შიმპანზეებს სწავლობს, სოციალურ ქსელში კანზისთან დაკავშირებული მოგონებები გააზიარა:

"იმდენად გამიმართლა, რომ რამდენჯერმე შევხვდი კანზის და მასთან სიმბოლოების დაფის საშუალებით საუბარიც კი შევძელი. ასევე ერთად დაჭერობანაც ვითამაშეთ. ჩემი საუბრიდან მას მხოლოდ იმ სიტყვების გაგება უჭირდა, რომელთა ჟღერადობაში რბილი 'a' ბგერა ერია, რასაც ჩემს ტეხასურ აქცენტს ვაბრალებ", — დაწერა მან.

პრუეცმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი საყვარელი ისტორია კანზის შესახებ დაკავშირებულია შიმპანზის მიერ ორი სიმბოლოს გამოყენებასთან, რათა აღეწერა საშიში თახვი, რომელიც აიოვაში, მის ახალ გარე ჰაბიტატში აღმოაჩინა.

"კანზიმ შეაერთა სიმბოლოები ‘წყალი’ და ‘გორილა’ – ეს უკანასკნელი მის სამყაროში რაღაც საშიშთან ასოცირდებოდა, და მას შემდეგ ნებისმიერ თახვს ყოველთვის წყლის გორილად აღვიქვამ", — თქვა პრუეციმი.

მეტი კანზის შესახებ

კანზი 1980 წელს, დღევანდელი ემორის პრიმატების კვლევითი ეროვნული ცენტრის საველე სადგურში დაიბადა. 1985 წელს ის და პანბანიშა ჯორჯიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენის კვლევის ცენტრში გადაიყვანეს. შემდეგ ისინი დიდ მაიმუნთა კვლევით ცენტრში, აიოვას ქალაქ დე-მოინში გაგზავნეს. ეს დაწესებულება 2012 წელს, პანბანიშას სიკვდილიდან მალევე დაიხურა ცხოველებთან უყურადღებო მოპყრობისა და სხვა პრობლემების გამო.

2013 წელს ამ დაწესებულების მართვა მაიმუნთა კონსერვაციისა და კოგნიციის ინიციატივამ (ACCI) გადაიბარა. ACCI-მ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ კანზი 18 მარტს მოკვდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, კანზის იმ დღეს ავადმყოფობის ნიშნები არ გამოუვლენია. დილას დამოუკიდებლად მოიპოვებდა საკვებს, თავის ძმისშვილ ტეკოს დასდევდა და სხვადასხვა გასართობ აქტივობაში მონაწილეობდა, შემდეგ კი ბალნის მოვლის პროცედურისას გონება დაკარგა.

კანზის სიკვდილის მიზეზი უცნობია. ნეკროპსიის დასკვნა ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა. აღსანიშნავია, რომ იგი გულის დაავადებაზე მკურნალობის პროცედურებს გადიოდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.