შეიძლება, ჩვენი სამყარო შავ ხვრელში იყოს მოქცეული? — ვების ტელესკოპის დაკვირვებები

ფოტო: Shutterstock
კანზასის შტატის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერმა, ლიორ შამირმა, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის სურათების შესწავლისას სრულიად მოულოდნელი რამ შენიშნა. მის მიერ გაანალიზებული 263 გალაქტიკიდან უმეტესობა ერთი და იმავე ტრაექტორიით ბრუნავდა, კერძოდ მათი ორი მესამედი საათის ისრის მიმართულებით მოძრაობდა.
შესაძლოა, რიგითი ადამიანისთვის ეს საინტერესოდ არ ჟღერდეს, მაგრამ მეცნიერული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. საქმე ისაა, რომ თუ სამყარო შემთხვევითადაა მოწყობილი, მაშინ გალაქტიკების ბრუნვის ორგვარი მიმართულება სტატისტიკურად მეტ-ნაკლებად თანაბრად უნდა იყოს განაწილებული. საწინააღმდეგო რამ შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ჩვენს სამყაროში მოქმედებს ისეთი ძალები, რომლებიც ჯერ ბოლომდე არ გვესმის.
"ჯერჯერობით არ ვიცით, რითაა გამოწვეული ეს ეფექტი, მაგრამ ორი მთავარი შესაძლო ახსნა არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, სამყარო დაბადებიდანვე ბრუნავდა. ეს იდეა თანხმობაშია ისეთ თეორიებთან, როგორიც შავი ხვრელის კოსმოლოგიაა. მისი მიხედვით, მთელი სამყარო ასეთი ობიექტის შიგნითაა მოქცეული [შავი ხვრელის მიჯნაზე, მოვლენათა ჰორიზონტზე, მატერიას მხოლოდ ერთი მიმართულებით შეუძლია მოძრაობა]. თუ ეს მართალია, ესე იგი ჩვენი ამჟამინდელი კოსმოსური მოდელები არასრულია", — აცხადებს ლიორ შამირი.
კვლევის კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი ისაა, რომ ზემოხსენებული ეფექტის დასაფიქსირებლად აუცილებელი არაა, ასტროფიზიკოსი იყო. ეს ისედაც საკმაოდ თვალსაჩინოა, თუკი ვების მონაცემებში რაოდენობრივ სხვაობებს დავაკვირდებით.
მართალია, შავი ხვრელის შიგნით არსებული სამყარო საინტერესოდ ჟღერს, მაგრამ მეორე პოტენციური ახსნაც გვაქვს. კერძოდ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ კოსმოსზე ადრინდელი დაკვირვებების შედეგად გამოტანილი დასკვნები არასწორია, განსაკუთრებით კი ჩვენი გალაქტიკის ბრუნვის სიჩქარესთან მიმართებით.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ვინაიდან დედამიწა ირმის ნახტომის ცენტრის გარშემო ბრუნავს, შესაძლოა, გალაქტიკის სიჩქარის სწორად გამოთვლას დოპლერის ეფექტი უშლიდეს ხელს. ეს ეფექტი მაშინ წარმოიქმნება, როდესაც მოძრავი ობიექტისგან წამოსულ ტალღებს ვაკვირდებით. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითი მატარებლის მოახლოება-დაშორების მიხედვით მისი საყვირის ხმის ჟღერადობის ცვლილებაა.
იგივე ხდება სინათლის ტალღების შემთხვევაშიც. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ დედამიწის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი გალაქტიკების სინათლე უფრო კაშკაშა მოჩანდეს. ამის გაუთვალისწინებლობა ან, უბრალოდ, ირმის ნახტომის სიჩქარის არასწორად გამოთვლა ნიშნავს, რომ ყველაზე მარტივი დასკვნებიც კი ხელახლა უნდა გადავიაზროთ.
"თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ღრმა კოსმოსში მანძილების ხელახლა გაზომვა მოგვიწევს. ასეთი გადამოწმება შესაძლოა, სხვა კოსმოლოგიური საკითხების გაგებაშიც დაგვეხმაროს, მაგალითად სამყაროს გაფართოების სიჩქარის სხვაობებისა და გალაქტიკების, რომლებიც დისტანციის გათვალისწინებით თავად სამყაროზე ხნიერია", — ამბობს ლიორ შამირი.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები