ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ შესაძლებელია ელექტროენერგიის მიღება იმ ენერგიიდან, რომელსაც დედამიწა ბრუნვისას წარმოქმნის. ახალი კვლევის ფარგლებში აშშ-ის მკვლევრებმა ამ ჰიპოთეზის შემოწმება გადაწყვიტეს. მათ ამისათვის სპეციალური მოწყობილობა შექმნეს, რომელიც დედამიწის მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებს.

ნაშრომი ჟურნალში Physical Review Research გამოქვეყნდა.

გასული ათწლეულის განმავლობაში მკვლევართა გუნდი აქტიურად განიხილავდა იდეას, რომ ელექტრობა შეიძლება დედამიწის ბრუნვისა და მაგნიტური ველის მეშვეობითაც მივიღოთ. მათ ამ ჰიპოთეზას 2016 წელს ნაშრომიც კი მიუძღვნეს. ეს იდეა საკმაოდ ბევრმა გააკრიტიკა, რადგან, წინა თეორიების მიხედვით, ეს შეუძლებელი უნდა ყოფილიყო შემდეგი მიზეზის გამო: რა რაოდენობის ძაბვაც არ უნდა წარმოქმნა მოწყობილობას, იგი განეიტრალდებოდა, რადგან ელექტრონული ველის წარმოქმნის დროს ელექტრონები ადგილს შეიცვლიდა.

კვლევის ავტორებს აინტერესებდათ, რა მოხდებოდა, თუ განეიტრალებას თავიდან აიცილებდნენ და ძაბვის შენარჩუნებას შეძლებდნენ. ამის გასაგებად მათ სპეციალური მოწყობილობა შექმნეს. იგი ცილინდრისგან შედგება, რომელიც მანგანუმ-თუთიის ფერიტისგან (სუსტი გამტარი) დაამზადეს, და მაგნიტური ფარის ფუნქციას ასრულებს.

მკვლევრებმა ცილინდრი ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით მოათავსეს და 57°-ით დახარეს. იგი პერპენდიკულარული იყო როგორც დედამიწის ბრუნვის მოძრაობის, ასევე პლანეტის მაგნიტური ველის მიმართ.

ექსპერიმენტის კონფიგურაცია

ექსპერიმენტის კონფიგურაცია

ფოტო: Physical Review Research (2025)

მეცნიერებმა ცილინდრის თითოეულ ბოლოზე ელექტროდები მოათავსეს, რათა ძაბვა გაეზომათ, შემდეგ კი ფოტოელექტრული ეფექტების თავიდან ასაცილებლად სინათლე გამორთეს. ცილინდრში 18 მიკროვოლტი ძაბვა წარმოიქმნა. მკვლევრებმა მისი სხვა წყარო ვერ დააფიქსირეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ელექტრობა დედამიწის ბრუნვის ენერგიიდან უნდა წამოსულიყო.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ შედეგების შეფასებისას ის ელექტრული ძაბვაც გაითვალისწინეს, რომელიც შეიძლება ტემპერატურულ სხვაობებს გამოეწვია ცილინდრის ბოლოებს შორის. გარდა ამისა, კუთხის შეცვლის ან საკონტროლო ცილინდრების გამოყენების დროს მსგავსი ძაბვა საერთოდ არ დაუფიქსირებიათ.

იმისათვის, რომ კვლევის შედეგები სანდო იყოს, მსგავსი ექსპერიმენტი ჯერ სხვა მეცნიერებმაც უნდა ჩაატარონ. უნდა გამოიცადოს სხვადასხვა სცენარი, რათა დანამდვილებით შეგვეძლოს იმის თქმა, რომ ელექტროენერგია მკვლევრებისთვის შეუმჩნეველ რაიმე სხვა წყაროს არ წარმოუქმნია.

ნაშრომის ავტორების თქმით, თუკი მათი მიგნებები დადასტურდება, შესაძლებელი იქნება, რომ წარმოების მასშტაბი გაიზარდოს და გამოსადეგი რაოდენობის ენერგიაც მივიღოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.