პარტნიორობა მყარი ნარჩენების მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის — სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ეკომეგობრული მომავალი
ზიანი, რომელსაც გარემოს ნარჩენების უკონტროლო, ნაკლებ გონივრული მართვის შედეგად ვაყენებთ, ჩვენს საცხოვრებელ გარემოს თუ ველურ ბუნებას დიდ საფრთხეს უქმნის. ამასთან, არა-ეკომეგობრული ქცევა ჩვენივე ცხოვრების ხარისხზე აისახება ნეგატიურად და ხშირად ჯანმრთელობისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანია.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ზიანი, რომელიც დიდ კორპორაციებს, სტუმარ-მასპინძლობის სექტორში ჩართულ ბიზნესებსა და სხვა მასშტაბურ კომპანიებს ტონობით ნარჩენის ნაგავსაყრელზე გადაყრით მოაქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების მართვის საკანონმდებლო ჩარჩო საკმაოდ მოწესრიგებულია და განვითარებაც სასიკეთო — მაგალითად, მუნიციპალიტეტებს ნარჩენების დახარისხება და გადამამუშავებელი კომპანიებისთვის მიწოდება ევალებათ. ეს პროცესი ფინანსურ ხარჯებთან, ლოჯისტიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული და პროცესი ნელა მიიწევს წინ.
ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი გულიაშვილის თქმით, ჯერ მაინც სრულად კერძო ინიციატივებზე ვართ დამოკიდებული და ამ მიმართულებითაც კი ბევრი სამუშაოა.
"სათანადო ცნობიერების დონე ჯერ კიდევ არ არსებობს. გადამამუშავებელ კომპანიებს ნედლეულის დანაკლისი აქვთ, თუმცა ვერ ახერხებენ ლოჯისტიკური ნაწილის მოგვარებას, ტრანსპორტირებას, ბიზნესებთან დაკავშირებას. ბიზნესებმა კი ხშირად საერთოდ არ იციან, ქვეყანაში ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიები არსებობს თუ — არა", — ამბობს გიორგი გულიაშვილი და აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს სტატისტიკა, ნაგავსაყრელზე მოხვედრილი, გადასამუშავებლად ვარგისი ნარჩენის რაოდენობაზე.
"დაახლოებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაგავსაყრელზე მოხვედრილი ნარჩენის მესამედიდან ნახევრამდე გადასამუშავებლად ვარგისია. მნიშვნელოვანია, რომ სექტორების მიხედვით იყოს დათვლილი, ვინ რა ტიპის და რა რაოდენობის ნარჩენს წარმოშობს, რათა გადამამუშავებელმა ბიზნესებმა ლოჯისტიკურად სწორად დაგეგმონ პროცესი".
საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის დამსახურებით ბოლო წლებში ნარჩენების მართვის აუცილებლობაზე ცნობიერება ბევრად გაიზარდა და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ბევრად უკეთესი მდგომარეობაა.
USAID საქართველო ეკოლოგიურად მდგრადი ბიზნესის ხელშეწყობასა და გარემოს დაცვით პასუხისმგებლობის გაზრდაზე ზრუნავს
ცნობიერების ზრდის თუ გადამამუშავებელი ბიზნესებისა და დიდი კომპანიების დაკავშირების მიმართულებით განსაკუთრებულ ძალისხმევას USAID საქართველო იჩენს. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საკითხს ჰოლისტურად უდგება — ერთი მხრივ, გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერებას ზრდიან და, მეორე მხრივ, კომპანიების ყურადღებას გონივრული, ეკომეგობრული გადაწყვეტილებებისკენ მიმართავენ. ეს ნარჩენების გადამუშავების სექტორში დასაქმების შესაძლებლობებსაც ქმნის და ავითარებს და ბიზნესებს დამატებითი შემოსავლის წყაროსაც სთავაზობს.
ერთ-ერთი ბოლო მაგალითი, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის როლს წარმოაჩენს, 2023 წლის იანვარში, აჭარის რეგიონში სამმხრივი პარტნიორობის ჩამოყალიბებისთვის გამართული ღონისძიებაა, რომელიც ნარჩენების მართვის სექტორის განვითარებისთვის რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას გულისხმობს.
USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი, მარიკა ოლსონი გვეუბნება, რომ სააგენტოსთვის ბოლო პერიოდში საკითხის ინტერსექციურობა იქცა მთავარ ფოკუსად.
"პროექტი, რომელიც აჭარაში წამოვიწყეთ, USAID-ისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც გარემოს დაცვისა და კომპანიების ხელშეწყობის ურთიერთკავშირს გულისხმობს, მათ შორის, დასაქმების შესაძლებლობის გაუმჯობესებას მთელი საქართველოს მასშტაბით. უკვე დიდი ხანია, რაც სტუმარ-მასპინძლობის სექტორზე ვართ ფოკუსირებული, თუმცა, მივხვდით, რომ საქართველოს რესურსების დაცვისთვის მყარი ნარჩენების მართვა, კომპანიების ჩართულობით საერთო მიზნების დასახვა აუცილებელია. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ნარჩენების მართვის მიმართულებით წინ წავიდეს და კერძო სექტორის დაინტერესებასაც ვხედავთ", — აღნიშნავს მარიკა ოლსონი.
აჭარის შემდეგ, ანალოგიური პარტნიორობა უკვე თბილისშიც იწყება. 23 მაისს, სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლების, გადამამუშავებელი კომპანიებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე პროგრამების ერთობლივი შეხვედრა შედგა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
ღონისძიებაზე დამსწრე ბიზნესები ის მისაბაძი მაგალითები არიან, რომელთა გამოცდილების გათვალისწინება, ნაგავსაყრელზე მოხვედრილი მყარი ნარჩენების თუ საკვების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ქვეყანაში გარემოსდაცვით მდგომარეობას გააუმჯობესებს.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიცირებით, მყარი ნარჩენების მართვის შესახებ ახალი პარტნიორობები ჩამოაყალიბებს თანამშრომლობის განსხვავებულ მოდელს მყარი ნარჩენების მართვის კერძო ბიზნესებსა და სტუმარმასპინძლობის სექტორს შორის. ამასთან, ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის სისტემატური მექანიზმის ჩამოყალიბებას.
შერატონის გარემოზე ზრუნვის მაგალითი
ღონისძიების მასპინძელი, შერატონ გრანდ მეტეხი პალასი უკვე დიდი ხანია მყარ ნარჩენებს გადამამუშავებელ კომპანიებს აწვდის. სასტუმროთა ქსელის მიერ წარმოებული ნარჩენების დიდი ნაწილი, მათ შორის, შუშის ნარჩენის 90% ნაგავსაყრელზე აღარ ხვდება — ეს, ერთი მხრივ, დამატებითი შემოსავალია ბიზნესისთვის და, მეორე მხრივ, გადამამუშავებელ კომპანიას ნედლეულის დანაკლისს უვსებს.
შერატონის გენერალური მენეჯერი, ივა ტრიფონოვი გვეუბნება, რომ ბიზნესების დაინტერესება ჯერ სათანადო არ არის და გვიზიარებს გზას, რომელიც ბიზნესმა ეკომეგობრული ქცევის დანერგვისთვის გაიარა.
"ჯერ პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებაზე დავიწყეთ ფიქრი, მერე ნაგავსაყრელზე აღმოჩენილმა შუშის ნარჩენებმა, ქაღალდმა თუ საკვებმა შეგვაწუხა. თავიდან პარტნიორების პოვნა გამიჭირდა. თუმცა, ვიცოდი, რომ აუცილებლად იარსებებდა კომპანია, რომელიც, მაგალითად, შუშის გადამუშავების მიმართულებით იმუშავებდა, რადგან ნარჩენებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად გადასამუშავებელი მასალაა. ახლა უკვე გვაქვს კონტრაქტი და ნარჩენებს გადამუშავებისთვის ვაბარებთ. აუცილებელია, გამოვნახოთ მეტი საშუალება იმისთვის, რომ გარემოზე ვიზრუნოთ, იქნება ეს პარტნიორობებში ჩართვით თუ ინდივიდუალური ინიციატივით", — აღნიშნავს ივა ტრიფონოვი.
მინის გადამამუშავებელი კომპანია კერე
შესაძლოა, ბიზნესებს გადამამუშავებელი კომპანიების შესახებ სათანადო ცოდნა არ აქვთ, თუმცა საქართველოში არაერთი ასეთი შესაძლებლობა არსებობს.
მემორანდუმის ერთ-ერთი ხელმომწერი მინის გადამამუშავებელი კომპანია კერეა, რომელმაც საქმიანობა 5 წლის წინ, ნულიდან დაიწყო და ცნობიერების ამაღლებისთვის, პარტნიორების მოძიებისთვის, რეგიონების პროცესში ჩართვისთვის ძალისხმევა არ დაიშურა.
კერეს დირექტორი, რომან დალაქიშვილი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, გავიაზროთ ზიანი, რომელიც გარემოსთვის, პლანეტისთვის მოგვაქვს და უფრო აქტიურად ვიფიქროთ, რისი კეთება შეგვიძლია უკეთესობისთვის.
"კერეს ამოსავალი წერტილი ქვეყნის სისუფთავის შენარჩუნებაა. ხომ ვთანხმდებით, რომ სუფთა ჰაერი ყველასთვის მნიშვნელოვანია. ყოველდღიურად უამრავი ნარჩენი ხვდება გარემოში, რაც ანადგურებს ქვეყანას. ჩვენი კომპანია, მაგალითად, შუშის გადამუშავების მიმართულებით მუშაობს და მიზნად ვისახავთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ვიზრუნოთ გარემოს მოწესრიგებაზე. მაგალითად, მხოლოდ ბოლო ერთ თვეში, რესტორნებიდან 70-80 ტონა შუშის ნარჩენი მივიღეთ", — გვეუბნება რომან დალაქიშვილი.
ბიოდიზელ ჯორჯია — ნარჩენი, რომელიც ბიოსაწვავად გარდაიქმნება
ნარჩენების მართვის კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობა ბიოდიზელ ჯორჯიაა. კომპანია, რომელმაც საქმიანობა 2017 წელს დაიწყო და ნარჩენების გადამუშავებით ბიოსაწვავს იღებს. ახლა უკვე განვითარების ახალ ეტაპზე არიან, მეორე გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას აპირებენ — სარესტორნო ბიზნესის მიერ წარმოებულ უკონტროლო რაოდენობის საკვებ ნარჩენს გადაამუშავებენ და ბიოგაზს მიიღებენ.
"სარესტორნო ბიზნესში უკონტროლოდ ხდება ნარჩენების გადაყრა, რაც საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე გამოიყენება ცხოველთა კვებაში, რაც კატეგორიულად არ შეიძლება — არც ცხოველის ორგანიზმში უნდა ხვდებოდეს და არც მათი გავლით ადამიანის საკვებში. ნარჩენების გადამუშავებით მივიღებთ ბიოგაზს და შემდეგ გარდავქმნით ელექტროენერგიად. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ ბიზნესებთან და ამ გზით გარემოს დაცვაზე ვიზრუნებთ", — ამბობს მურმან პატარაია, ბიოდიზელ ჯორჯიას დირექტორი.
Waste Less — ნარჩენების შეგროვება საქართველოს მასშტაბით
გიორგი გულიაშვილი ღონისძიებაზე ნარჩენების მართვის ასოციაციის გარდა, ორგანიზაცია Waste Less-საც წარმოადგენს — ეს წამოწყება ძალისხმევას არ იშურებს, რათა გარემოზე ზრუნვა მთელი საქართველოს მასშტაბით აქტუალური გახდეს. Waste Less 4 სახის ნარჩენს აგროვებს და შემგროვებელი ცენტრები აქვთ ზესტაფონსა და ქუთაისში, თბილისში პირდაპირ ქარხნებთან თანამშრომლობენ. სამომავლოდ კი გეგმავენ, რომ კიდევ უფრო მეტი რეგიონული ცენტრი გახსნან.
ღონისძიების სტუმრების თქმით, USAID-ის ხელშეწყობით მიმდინარე პარტნიორობა ცნობიერების გაზრდას უწყობს ხელს და ბიზნესებს სულ უფრო მიმართავს ეკომეგობრული გადაწყვეტილებებისკენ.
რომან დალაქიშვილის თქმით, შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებთ:
"USAID-მა უდიდესი ბიძგი მისცა კერეს არსებობას და განვითარებას. დღევანდელი შეხვედრაც იმას მოიტანს, რომ კიდევ უფრო გავიზრდებით, გავძლიერდებით, სამუშაო ადგილებს შევქმნით, ქვეყნის ბიუჯეტს სარგებელს მოვუტანთ და, რაც მთავარია, გარემოზე ზრუნვას კიდევ უფრო უკეთ შევძლებთ".
გიორგი გულიაშვილი კი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ამ სექტორში დაიწყო მუშაობა, მზარდ ინტერესს აჩენს, მსგავსი შეხვედრები და პარტნიორობები კი ბიზნესის ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
"სულ უფრო მეტი ბიზნესი გაიგებს, რომ შეუძლიათ ნარჩენები შემოსავლის წყაროდ აქციონ, ასევე გააძლიერონ გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებსაც ნედლეულის საჭიროება მუდმივად აქვთ. კარგია, რომ სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა და ეს გარემოს დაცვის გარანტიებს კიდევ უფრო გააძლიერებს", — გვეუბნება გიორგი გულიაშვილი.
ივა ტრიფონოვი კი გვეუბნება, რომ მისასალმებელია ინიციატივა, რომელიც USAID-ის ხელშეწყობით დაიწყო და იმედოვნებს, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო სწრაფად წავიწევთ წინ. თუმცა, აღნიშნავს იმასაც, რომ აუცილებელია ამ ინიციატივებს სათანადო რეგულაციებითაც შეეწყოს ხელი.
კომენტარები