მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი — საგანმანათლებლო პლატფორმა ახალგაზრდა ლიდერებისთვის
ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას ვეცნობით, ხშირად სწორედ ამ ინფორმაციის კარნახით ვიღებთ გადაწყვეტილებებს და სხვებსაც ვუზიარებთ. მაშინ, როცა პოლიტიკური აქტორები ინფორმაციის განზრახ გაყალბებას აქტიურად ცდილობენ, რათა მათთვის სასარგებლო ნარატივები გაავრცელონ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა გზით მიღებული ინფორმაცია გავაანალიზოთ და დეზინფორმაციის გავრცელებას ხელი არ შევუწყოთ.
დეზინფორმაციის გავრცელების ხერხების, მიზნებისა და სხვადასხვა ძალის პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ ცოდნა გვეხმარება, რომ მეტად გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ და გარემოს უკეთესობისკენ შეცვლაში მცირე წვლილი მაინც შევიტანოთ.
ამ სტატიაში მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის შესახებ გაიგებთ — ეს საგანმანათლებლო, ანალიტიკურ-კვლევითი ორგანიზაცია კლასიკური ლიბერალური ღირებულებების გავრცელებას ისახავს მიზნად. ცენტრი ახალგაზრდებს განათლების შესაძლებლობას სთავაზობს და მრავალი ურთიერთდაკავშირებული უნარისა და ცოდნის გავრცელებაზეა მიმართული.
რა უნდა იცოდეთ მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის შესახებ
მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი 2020 წელს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ორმა ქართველმა კურსდამთავრებულმა — მარი ელიაძემ და მარიამ ხოხობაიამ დააარსეს და მალევე გახდნენ გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციის, Atlas Network-ის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში.
ეკონომიკური და ინდივიდუალური თავისუფლების დაცვისა და განმტკიცებისკენ მიმართული წამოწყება უკვე 3 წელია, ქართველი ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვან აქტივობებს ატარებს და საზაფხულო სკოლის, ტრენინგების, ბლოგების კონკურსის, დებატებისა და დისკუსიების გზით მომავლის ლიდერებს საჭირო ცოდნას უზიარებს.
Fake No More — პროექტი დეზინფორმაციაზე
Fake No More მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის მიმდინარე პროექტია, რომელიც აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, კურსდამთავრებულთა ლიდერობის პროგრამის ეგიდით ხორციელდება. პროექტი ახალგაზრდებს დისკუსიებში, ტრენინგებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. ამასთან, საინფორმაციო კამპანიის გზით ხალხს ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის განმასხვავებელი ნიშნების შესახებ მნიშვნელოვან ცოდნას უზიარებს.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები ისეთ მნიშვნელოვან თემებს ეხება, როგორიცაა რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დეზინფორმაციის მიმართულებით არსებული გამოწვევები, რუსული პროპაგანდის ფარული და ხილული მეთოდები და სხვა.
მაგალითად, 7 აპრილს გამართული ტრენინგი — დეზინფორმაცია, როგორც იარაღი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დეზინფორმაციის ჯერ კიდევ საბჭოთა საწყისების შესახებ ინფორმაციას, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის მეთოდებს და კრემლისგან მომდინარე საფრთხესთან გამკლავების პროცესში ახალგაზრდების როლზე საუბრებს მოიცავდა.
ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილე, ჯემალ ავაზნელი გვეუბნება, რომ ტრენინგმა დეზინფორმაციის გავრცელების იმ ასპექტებზე დააფიქრა, რაზეც აქამდე წარმოდგენა ნაკლებად ჰქონდა და უკეთ გაიაზრა, რამდენად მნიშვნელოვანია მიღებული ინფორმაციის გაფილტვრა.
"საინტერესო იყო, როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია, რამდენად სახიფათო და დამაზიანებელი შეიძლება იყოს და როგორ უნდა "დავიძვრინოთ თავი", რათა საზიანო ინფორმაციის გავრცელებას ხელი არ შევუწყოთ. ამასთან, ტრენინგი პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და ჯგუფურ აქტივობებს მოიცავდა, სპიკერი კი აზრის დაფიქსირების საშუალებას გვაძლევდა და ჩვენთვის საინტერესო კითხვებს პასუხობდა. სწორედ ამიტომ, ძალიან კარგი გამოცდილება იყო", — გვეუბნება ჯემალი.
ტრენინგის კიდევ ერთი მონაწილე ტატო ბეჟიტაშვილი გვიზიარებს, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მისთვის საინტერესო მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და ახალი კავშირების დამყარებას. მისი თქმით, აღნიშნულმა ტრენინგმა ამ კუთხით მოლოდინები გაამართლა.
"მივიღე მრავალმხრივი ცოდნა დეზინფორმაციის ისტორიის, პროპაგანდის მიზნებისა და კრემლის ანტიდასავლური მითების შესახებ. განათლების პარალელურად კი მომეცა შესაძლებლობა, ახლოს გამეცნო მსგავსი გამოცდილებისა და ინტერესების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც მჯერა, საქართველოს უკეთესი მომავლის მშენებლობაში თავიანთ სიტყვას იტყვიან", — აღნიშნავს ტატო.
მარგარეტ ტეტჩერის ცენტრმა ტრენინგის მონაწილეების შესარჩევად ბლოგების კონკურსი ჩაატარა და საბოლოოდ 30-მდე ახალგაზრდას დეზინფორმაციის შესახებ ცოდნის მიღების შესაძლებლობა მისცა.
კონკურსში ანანო ყავალაშვილმა გაიმარჯვა, რომლის ბლოგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დეზინფორმაციის მიმართულებით არსებულ საფრთხეებს შეეხებოდა. ანანოს თქმით, ბლოგზე მუშაობა და ტრენინგში მონაწილეობა ახალი ინფორმაციის მოძიებაში, მიღებაში დაეხმარა და ახლა ამ მიმართულებით ბევრად ღრმა ცოდნა აქვს.
"აქამდე ცოტა რამ ვიცოდი დეზინფორმაციაზე და მისი გავრცელების გზებზე, არადა ეს ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად გავფილტროთ ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ", — გვეუბნება ანანო.
რატომ უნდა ჩაერთოთ მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის აქტივობებში
ტეტჩერის ცენტრის ტრენინგში ჩართული ახალგაზრდები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ცენტრი პოლიტიკური იდეოლოგიების მიმართულებით განათლების გაზიარებისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, ღონისძიებები კარგად ორგანიზებულია, მაღვალკვალიფიციური გუნდი კი თემების საფუძვლიან განხილვას დიდ ყურადღებას აქცევს.
ტატო ბეჟიტაშვილი გვეუბნება, რომ ცენტრის ღონისძიებები როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ონლაინ იმართება, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია და ამასთან, ყველასთვის ხელმისაწვდომია.
"ხაზგასასმელია ისიც, რომ ტრენინგი სრულად დაფინანსებული იყო, რამაც შეხვედრაზე უფრო ინკლუზიური გარემო შექმნა, ვინაიდან იგი ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ახალგაზრდისთვის", — აღნიშნავს ტატო.
ანანო ყავალაშვილის თქმით, ჩვენს ქვეყანაში "პოლიტიკის კეთების" შესახებ ცნობიერება ნაკლებად არსებობს და ამ კუთხით ცენტრის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. დეზინფორმაციის შესახებ ტრენინგზე საუბრისას კი აღნიშნავს, რომ აღნიშნული მიმართულებით ცოდნა მნიშვნელოვანია ყველასთვის, რადგან ყალბი ინფორმაცია შეიძლება დამაზიანებელი იყოს როგორც ადამიანისთვის, ისე ქვეყნისთვის.
"როცა სოციალურ ქსელებს ვაკვირდები ადამიანები, მათ შორის, ჩემი თანატოლები, ხშირად აზიარებენ დეზინფორმაციის შემცველ ინფორმაციას, რაც საკმაოდ საფრთხილოა, რადგან შეიძლება დამაზიანებელი იყოს ადამიანისთვის თუ ქვეყნისთვის. მსგავსი ტრენინგები გვეხმარება, მეტად დაკვირვებული ვიყოთ. ამასთან, კონკურსები, ტრენინგები თუ საზაფხულო სკოლა, რომელსაც ტეტჩერის ცენტრი აწყობს, თვითგანვითარების კარგი შესაძლებლობაა. ასევე, პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანებს ეხმარება, რომ ცოდნა, რომელსაც იღებენ, ჩვენი ქვეყნის კონტექსტს მოარგონ და გარემოს უკეთესობისკენ შეცვლაში წვლილი შეიტანონ", — გვეუბნება ანანო.
ტატო ბეჟიტაშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი ტრენინგები ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენის და წახალისების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საშუალებაა.
"ვფიქრობ, მსგავსი ტრენინგები წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდა ლიდერთა აღმოჩენისა და წახალისებისთვის. აზრთა აქტიური გაცვლა და დისკუსიებში ჩართულობა საღი აზრის ფორმირებასა და ცრუ-მართლის გარჩევაში გვეხმარება. სფეროს ექსპერტთა გამოცდილების მოსმენა და კომუნიკაცია კი უკეთეს მოაზროვნეებს გვხდის. მსგავსი ტრენინგების არსებობა აყალიბებს უკეთ ინფორმირებულ თაობას, რაც მყარ საფუძველს უქმნის ჰიბრიდული საფრთხეებისადმი საზოგადოების მედეგობის ზრდას და, შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ წაადგება საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნას", — ამბობს ტატო.
თავისუფლების სკოლა — საზაფხულო სკოლა ახალგაზრდა ლიდერებისთვის
ტეტჩერის ცენტრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც შეიძლება ბევრი ახალგაზრდისთვის იყოს საინტერესო, საზაფხულო სკოლა — თავისუფლების აკადემიაა, რომელიც ახალგაზრდა ლიდერებს წელსაც ელის. სკოლა მომავლის ლიდერებს ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების, თავისუფალი ბაზრის პრინციპების, კანონის უზენაესობისა და მცირე მთავრობის შესახებ ცოდნას გაუზიარებს. და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ახალი კავშირების დამყარებაში შეუწყობს ხელს, რაც სამომავლო პროფესიულ გზაზე მნიშვნელოვანი შენაძენია.
თუ მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის მომავალ აქტივობებში ჩართვა გსურთ, თვალი ადევნეთ მათ Facebook გვერდს ან ეწვიეთ საიტს.
კომენტარები