აი, როგორ გამოიყურება AI-ისთვის "იდეალური" ქალი და კაცი
კვებითი აშლილობის საკითხებზე მომუშავე გუნდმა ერთგვარი ექსპერიმენტით გამოავლინა, რამდენად აისახება საზოგადოებაში არსებული სილამაზის სტანდარტები ხელოვნურ ინტელექტზე.
მათ ყველასთვის კარგად ცნობილ სისტემებს, სოციალურ მედიაში არსებულ 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ქალისა და კაცის იდეალური სხეულის სურათების გენერირება სთხოვეს. კერძოდ, ამგვარი რამ Dall-E 2-ზე, Stable Diffusion-სა და Midjourney-ზე დატესტეს და აღმოაჩინეს, რომ ეს უკანასკნელი ქალის სხეულის ყველაზე არარეალურ გამოსახულებებს აგენერირებდა. ასევე, თითოეული AI-ის მიერ წარმოდგენილ თითქმის ყველა სურათში გამხდარი ქალები იყო ნაჩვენები, კაცებს კი ბოდიბილდერის მსგავსი აღნაგობა ჰქონდათ.
დადგინდა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული სურათების 40% არარეალურ სხეულს ასახავდა, თანაც კაცების შემთხვევაში მეტად, ვიდრე ქალებისაში. 53% შედარებით მუქი ფერის კანის მქონე ადამიანებს გვიჩვენებდა, 37% კი — ქერებს.
შემდეგ AI-ის ზოგადად 2023 წლისთვის იდეალური ქალისა და კაცის გამოსახვა სთხოვეს. მთავარი განსხვავება ის იყო, რომ სოციალურ მედიაზე დაფუძნებული ფოტოები მეტად სექსუალიზებული და არარეალური აღმოჩნდა. გუნდი ასკვნის, რომ ასეთი პლატფორმები სილამაზის ამგვარი სტანდარტების დამკვიდრებას უწყობს ხელს.
"Instagram-ისა და Snapchat-ის ფილტრების ეპოქაში სოციალური მედიის მიერ დაწესებულ ფიზიკურ სტანდარტს ვერავინ მიაღწევს. მაშ, რატომ უნდა მოვერგოთ არარეალურ იდეალებს? მენტალურადაც და ფიზიკურადაც უფრო ჯანსაღია, რომ სხეულის ვიზუალის შესახებ მოლოდინები რეალობის საზღვრებში დავტოვოთ", — ამბობენ ისინი.
კომენტარები