როგორ იცვლება ბავშვობის მოგონებები უჯრედულ დონეზე — კვლევა
გახსოვს გუშინ რა მიირთვი? ან ის მომენტი თუ გახსოვს, პირველად ატრაქციონზე რომ დაგსვეს? კონკრეტული მოგონებების შექმნის ჩვენი უნარი ადამიანის შემეცნების მნიშვნელოვანი ასპექტია.
და მაინც, ოდესმე გიფიქრიათ, როგორ ავითარებს ჩვენი ტვინი ამ გასაოცარ შესაძლებლობებს?
SickKids-ის მკვლევრებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ამ საიდუმლოს ამოსახსნელად. ერთ-ერთ პირველ პრეკლინიკურ კვლევაში, რომლითაც ბავშვებში მეხსიერების განვითარება გამოიკვლიეს, შესაძლოა აღმოაჩინეს ადრეული ბავშვობის პერიოდში მეხსიერების ცვლილებების მოლეკულური მიზეზი.
როდესაც მეხსიერებაზე ვფიქრობთ, ჩვენ ხშირად წარმოვიდგენთ მოვლენებზე დაფუძნებულ მოგონებებს, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც ეპიზოდური მოგონებები. ეს მოგონებები დაკავშირებულია კონკრეტულ კონტექსტთან და საშუალებას გვაძლევს გავიხსენოთ გამოცდილება ნათლად.
თუმცა, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, მოგონებები უფრო ზოგადი, ან არსებითად მსგავსია. ეს ზოგადი მოგონებები, როგორც წესი, არ არის დაკავშირებული კონკრეტულ კონტექსტთან.
პოლ ფრანკლენდისა და შინა ჯოსელინის ხელმძღვანელობით, მეცნიერთა ჯგუფმა კვლევა ჟურნალ Science-ში გამოაქვეყნა.
მათ წარმატებით დაადგინეს მოლეკულური მექანიზმები, რომლებიც საფუძვლად უდევს თაგვებში არსებითი მსგავსებიდან ეპიზოდურ მეხსიერებაზე გადასვლას. ამ აღმოჩენას შეიძლება ჰქონდეს დიდი გავლენა ბავშვის განვითარების კვლევაზე და ნათელი მოჰფინოს ტვინზე ზემოქმედების პირობებს, დაწყებული აუტისტური სპექტრის აშლილობიდან, გაგრძელებული ტვინის შერყევამდე.
"მკვლევრები ათწლეულების მანძილზე სწავლობდნენ ეპიზოდური მეხსიერების განვითარებას, მაგრამ ზუსტი უჯრედული ინტერვენციების წყალობით, ჩვენ ახლა შევძელით ამ საკითხის მოლეკულურ დონეზე გამოკვლევა. ეს მსგავსი პირველი შემთხვევაა", — ამბობს დოქტორი ფრანკლენდი.
ენგრამა — მეხსიერების შემადგენლობა
ჯგუფმა გააკეთა აღმოჩენა მეხსიერების შემადგენლობის შესახებ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ენგრამები. მოზრდილებში, ენგრამები ნეირონების 10-დან 20 პროცენტს შეადგენს.
თუმცა, მცირეწლოვან ბავშვებში ეს ენგრამები ორჯერ მეტია — 20-დან 40 პროცენტამდე. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, რა იწვევს ამ ცვლილებას?
ჰიპოკამპი, ტვინის რეგიონი, რომელიც გადამწყვეტია სწავლისა და მეხსიერებისთვის, შეიცავს სხვადასხვა ტიპის ნეირონებს, მათ შორის ინჰიბიტორულ უჯრედებს, რომელსაც ეწოდება პარვალბუმინის გამოხატული (PV) ინტერნეირონები.
ეს ინტერნეირონები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ენგრამების რაოდენობის მხრივ და მეხსიერების სპეციფიკის გასააქტიურებლად. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ ინტერნეირონების მომწიფებასთან ერთად მეხსიერება გადადის ზოგადიდან უფრო კონკრეტულ ფორმაზე — შესაბამისი რაოდენობის ენგრამებით.
მკვლევრებმა გადაწყვიტეს გაეგოთ უფრო მეტი და გამოეკვლიათ ამ ცვლილების ძირითადი მიზეზი. მათ გამოიყენეს ვირუსული გენის გადაცემის ტექნოლოგია, რომელიც შემუშავებულია დოქტორ ალექსანდრე დიტიატევის მიერ.
კვლევამ აჩვენა, რომ პერინეირონული ბადე, ვითარდება ჰიპოკამპის PV ინტერნეირონების გარშემო. ეს იწვევს მათ მომწიფებას. შესაბამისად, ტვინის სტრუქტურულ გარემოში ცვლილება გავლენას ახდენს ენგრამების შექმნასა და მეხსიერების შენახვაზე.
"პერინეირონული ქსელის, როგორც ნტერნეირონების მომწიფების მთავარ ფაქტორად გამოვლენა ბევრ რამეში დაგვეხმარა. ჩვენ შევძელით ქსელის განვითარება და შევქმენით კონკრეტული ეპიზოდური მოგონებები პატარა თაგვებში", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევის შედეგები სცილდება მეხსიერების განვითარების კლასიკურ გაგებას. როგორც მკვლევრები ამბობენ, ამას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.
კომენტარები