WHO-ს რეკომენდაცია — ნუ გამოიყენებთ შაქრის შემცვლელებს წონის დასაკლებად
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ახალ რეკომენდაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ადამიანებმა წონის დასაკლებად შაქრის შემცვლელები არ უნდა გამოიყენონ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ზრდასრულებსა და ბავშვებში ხელოვნური დამატკბობლების მოხმარება სხეულში ცხიმის შემცირების მხრივ შედეგს არ იძლევა. მეტიც, მათმა ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლოა, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებიც გამოიწვიოს, როგორიცაა მეორე ტიპის დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა.
WHO-ში ამბობენ, რომ თავისუფალი შაქრების ჩანაცვლება ისეთი მსგავსი ნაერთებითაა შესაძლებელი, რომლებიც ხილში ბუნებრივად გვხვდება. ყველაზე კარგი იქნება, თუ დაუტკბობელ საკვებსა და სასმელს მივიღებთ, რადგან ამგვარ ხელოვნურ დანამატებს კვებითი ღირებულება არ გააჩნია.
ეს რეკომენდაცია ყველა ადამიანზე ვრცელდება, გარდა იმ ინდივიდებისა, რომელთაც დიაბეტი აწუხებთ. შაქრის შემცვლელები, რომელთა მოხმარებისგანაც თავი უნდა შევიკავოთ, არის აცესულფამ K, ასპარტამი, ადვანტამი, ციკლამატი, ნეოტამი, საქარინი, სუკრალოზა, სტევია და მასზე დაფუძნებული სხვა ნაერთები.
მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ზემოხსენებული რჩევები არ ეხება ჰიგიენურ და სხვა პროდუქტებს, რომლებშიც შაქრის შემცვლელები გვხვდება, მაგალითად ტანის ლოსიონებს, კბილის პასტებსა და მედიკამენტებს. ასევე, დაბალკალორიულ შაქრებსა და ე.წ. შაქრის ალკოჰოლს.
კომენტარები