რომელია ყველაზე მომაკვდინებელი ობობა და რამდენად საშიშია ის
ობობა ფართოდ გავრცელებული არსებაა. 43 000 ობობის სახეობიდან თითქმის ყველა შხამიანია.
თუმცა, მათგან მხოლოდ 25 სახეობაა ისეთი, რომელსაც მოუკლავს ან სერიოზულად დაუზიანებია ადამიანი. და მაინც, რომელი ობობაა ყველაზე მომაკვდინებელი?
მათგან ყველაზე საშიშებია: ძაბრისებრი ობობები (Atrax), წითური და შავი ქვრივი ობობები (Latrodectus) და მოხეტიალე ობობები (Phoneutria).
თუმცა, ეს მომაკვდინებელი ობობებიც კი, ძლიერი შხამითა და ბასრი კბილებით, არ არიან განსაკუთრებით საშიში ადამიანისთვის. აშშ-ს შხამის კონტროლის ასოციაციამ (AAPCC) ბოლო დროს მხოლოდ ერთი სიკვდილის ფაქტი დააფიქსირა, რომელიც გამოწვეული იყო ობობის ნაკბენით. ეს აშშ-ში 2021 წელს მოხდა. აქვეა კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც 1980 წელს დაფიქსირდა.
"ძალიან არ უნდა გაგიმართლოთ მომაკვდინებელ ობობას რომ შეხვდეთ. სამყაროში იმდენი რამ არის სახიფათო, თუ თქვენი სადარდებელი შხამიანი ობობაა, ესე იგი, ბედნიერი ცხოვრება გაქვთ", — თქვა რიკ ვეტერმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის ენტომოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარმა.
ძაბრისებრი ობობები ლიდერობენ ყველაზე მომაკვდინებელი ობობების სიაში. ავსტრალიაში ბინადარი ეს ობობა მომაკვდინებელი შხამით გამოირჩევა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ნაკბენი რამდენიმე წუთში კლავს.
"ყველაზე მომაკვდინებელი, ალბათ, ძაბრის ქსელის ობობა და მისი მონათესავე სახეობებია. სიდნეის ძაბრის ქსელის ობობას (Atrax robustus) შეუძლია მოკლას ჩვილი დაახლოებით 5 წუთში, ხოლო 5 წლის ბავშვი დაახლოებით 2 საათში", — განუცხადა ვეტერმა Live Science-ს.
"ყოველწლიურად მრავალი ადამიანის სიკვდილი მიეწერება ობობებს. თუმცა, მეცნიერული თვალსაზრისით, თითქმის არცერთი ეს შემთხვევა არ არის დაფუძნებული მტკიცებულებებზე", — განუცხადა Live Science-ს როდ კროუფორდმა, ობობების მკვლევარმა.
ექსპერტების თქმით, თითქმის ყოველი "უხილავი" ნაკბენი ობობას მიეწერება. ხშირად ადამიანი გრძნობს ნაკბენს, ვერ აფიქსირებს იმას თუ რამ უკბინა, მაგრამ გართულების შემთხვევაში მას ობობას მიაწერს.
ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მომაკვდინებელი ობობაც კი, რეალურდა არც ისე საშიშია.
"ფატალური შედეგი ძალიან იშვიათია. ჩემი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში შიშველი ხელებით ათი ათასობით ცოცხალ ობობას გავუმკლავდი. შედეგად, მხოლოდ 3 ნაკბენი მივიღე. 3-დან არცერთს არ ჰქონდა რაიმე მნიშვნელოვანი ეფექტი. ასე რომ, როდესაც ადამიანები მეუბნებიან, რომ ობობები ღამით მათ საწოლში ცოცავენ და კბენენ, ჩემთვის ეს დამაჯერებელი არაა", — თქვა ვეტერმა.
როგორც ჩანს, ობობების შიში გადამეტებულია. ამის მიზეზი ალბათ მათ შესახედაობაშიც იმალება. ამიტომ, მომავალში როდესაც ობობას დაინახავთ, გახსოვდეთ, სამყარო ბევრად საშიშია, ვიდრე ეს პატარა არსება.
კომენტარები