ვების ტელესკოპმა მზის სისტემის იშვიათი კომეტის მიმდებარედ წყალს მიაგნო
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მარსსა და იუპიტერს შორის განლაგებულ ასტეროიდთა სარტყელში მოძრავი იშვიათი კომეტის 238P/Read გარშემო ორთქლის სახით არსებულ წყალს მიაგნო. ეს აღნიშნულ რეგიონში მსგავსი აღმოჩენის პირველი შემთხვევაა და მიანიშნებს, რომ ადრეულ მზის სისტემაში წყალი შესაძლოა, ამ რეგიონში ყინულის ფორმით შენარჩუნებულიყო.
საქმე ისაა, რომ იქ დაფიქსირებული წყლის ორთქლი სწორედ ყინულს უკავშირდება, რისი დადგენაც მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის მიერ მოპოვებული სპექტრული მონაცემების გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა. ეს მხარს უჭერს ცნობილ ჰიპოთეზას, რომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სითხე დედამიწაზე სწორედ კომეტების მეშვეობით მოხვდა.
საინტერესოა, რომ 238P/Read-ის მახლობლად მეცნიერებმა ვერ მიაკვლიეს ნახშირორჟანგს, რომელიც, წესით, იქ უნდა ყოფილიყო. მათთვის ეს უფრო გასაოცარია, ვიდრე წყლის ორთქლის აღმოჩენა, რადგან ხსენებული ნაერთი კომეტების აქროლადი მატერიის 10%-ს შეადგენს. არაა გამორიცხული, რომ ის მზის სიმხურვალის გამო გამქრალიყო, რადგან მსგავსი გამოსხივების მიმართ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ყინული. მეორე მოსაზრების თანახმად, კომეტა ისეთ რეგიონში წარმოიქმნა, სადაც ნახშირორჟანგი უბრალოდ არ მოიპოვებოდა.
ასტეროიდთა სარტყელში მეტწილად სწორედ ასტეროიდებია, თუმცა იშვიათი გამონაკლისია კომეტებიც, რომელთა განმასხვავებელი მახასიათებელიც ჰალო და კუდია. ისინი მაშინ ჩნდება, როცა გაცხელებისას ყინულოვანი მატერია პირდაპირ ორთქლად იქცევა. როგორც ჩანს, ყინულს მზესთან ახლომდებარე კომეტებიც ინარჩუნებენ და არა მხოლოდ ისინი, რომლებიც, მაგალითად, კოიპერის სარტყელში, ნეპტუნის მიღმაა განლაგებული.
მეცნიერები აპირებენ, რომ ასტეროიდთა სარტყელში არსებული მსგავსი კომეტების შემადგენლობა გამოიკვლიონ, რასაც ვების ტელესკოპის დახმარებით შეძლებენ. შედეგად, მეტს გავიგებთ როგორც საკუთარი პლანეტის, ასევე, სხვა ციური სხეულების შესახებაც, რომლებზეც შესაძლოა, წყალი იყოს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები