ევროპის უახლესი თანამგზავრისგან — MTG-I1-ისგან პირველი ფოტოები მივიღეთ. თანამგზავრის მიზანი ევროპის, აფრიკისა და ატლანტიკის ამინდზე დაკვირვებაა, მის მიერ გამოგზავნილი გამოსახულებები — დედამიწის ახალი ფოტოები კი გასაოცრად დეტალურია.

გამოსახულებები ევროპის მეტეოროლოგიული თანამგზავრების სააგენტომ (EUMETSAT) და ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) გაავრცელეს. პრეს რელიზის მიხედვით, MTG-I1-ისგან მიღებული შედეგი თანამგზავრულ მეტეოროლოგიაში ახალი ეპოქის დაწყებას მოასწავებს.

MTG-I1 დედამიწიდან 2022 წლის დეკემბერში გაუშვეს, ფრანგული გუიანადან, Meteosat Third Generation-ის თანამგზავრების სისტემის გაშვების ფარგლებში. მის მიერ მოპოვებული გამოსახულება კი გვიჩვენებს ღრუბლებს ჩრდილოეთით, დასავლეთი ევროპისა და სკანდინავიის თავზე. აღსანიშნავია, რომ მეორე თაობის თანამგზავრებს არ ჰქონდა ასეთი დეტალიზაციის გამოსახულებების გადაღების შესაძლებლობა.

რა თქმა უნდა, ღრუბლების, მათი მოძრაობისა და სტრუქტურის აღბეჭდვა მხოლოდ ვიზუალური დატვირთვის არაა. ეს დაგვეხმარება, რომ ამინდის პროგნოზის ტექნიკები და სიზუსტე კიდევ უფრო დაიხვეწოს.

ფოტო: MTG-I1-ის მიერ დანახული და აღბეჭდილი დედამიწა

ESA-ს დედამიწის შემსწავლელი პროგრამების დირექტორმა, სიმონეტა ჩელიმ გავრცელებულ პრეს რელიზში განაცხადა, რომ "ეს გამოსახულება კარგი მაგალითია იმისა, თუ რისი მიღწევა შეუძლია ევროპულ თანამშრომლობას კოსმოსში. MTG-I1-ის მიერ მოპოვებული დეტალური გამოსახულებების აქამდე მიუღწეველი დონე გეოსტაციონარული ორბიტიდან მოგვცემს ჩვენი პლანეტისა და ამინდის სისტემების უკეთ გაგების შესაძლებლობას".

ამ ტიპის თანამგზავრები პლანეტის უპრეცედენტო მასშტაბით შესწავლის შესაძლებლობას გვაძლევს. ამას შტორმების პრედიქციის კუთხით რევოლუციის მოხდენა, კლიმატის აღწერისთვის მნიშვნელოვანი მონაცემების შეგროვება და ამინდის პროგნოზების გაუმჯობესება შეუძლია.

თანამგზავრი MTG-I1 დედამიწის ორბიტაზე 36 000 კილომეტრის სიმაღლეზე მუშაობს და ამას კიდევ 20 წლის განმავლობაში გააგრძელებს. ის ევროპასა და აფრიკას ყოველ 10 წუთში ასკანირებს — 5 წუთით უფრო სწრაფად, ვიდრე მისი წინამორბედი თანამგზავრები.

"ეს შესანიშნავი ფოტო გვაძლევს დიდ თავდაჯერებას MTG სისტემების მიმართ ჩვენი მოლოდინების მხრივ. ეს ნიშანია, რომ ამინდის მძიმე მოვლენების პროგნოზირებაში ახალი ეპოქა იწყება", — აცხადებს EUMETSAT-ის გენერალური დირექტორი, ფილ ევანსი.

ფოტო: MTG-I1

"შეიძლება უცნაურადაც ჟღერდეს, ევროპის უმეტეს ნაწილში მოღრუბლული დღის გამო ასე აღელვებულები რომ ვართ. მაგრამ ამ სურათზე აღბეჭდილ ღრუბლებზე დანახული დეტალირების დონე ძალიან მნიშვნელოვანია ამინდის პროგნოზირებისთვის. უფრო მაღალი გარჩევადობის გამოსახულების ეს დამატებითი დეტალი, იმ ფაქტთან ერთად, რომ სურათები უფრო ხშირად დასკანერდება, ნიშნავს, რომ სინოპტიკოსებს შეეძლებათ უფრო ზუსტად და სწრაფად გამოავლინონ და იწინასწარმეტყველონ მძიმე ამინდის მოვლენები", — ამბობს ფილ ევანსი.