ქალებს კაცებისაზე 30 სანტიმეტრით გრძელი წვრილი ნაწლავი აქვთ — კვლევა
კვლევის თანახმად, ქალების წვრილი ნაწლავი კაცების წვრილ ნაწლავზე გრძელია. სავარაუდოდ, დამატებითი სიგრძე მათ ცხიმისა და სხვა საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისებაში ეხმარება ორსულობისა და ძუძუთი კვების კონტექსტში. ნაშრომს გამოცემაში PeerJ გაეცნობით.
როგორც ამანდა ჰეილი, ჩრდილოეთი კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, გვეუბნება, წვრილი ნაწლავის მთავარი ფუნქცია ნუტრიენტების შეწოვაა. სწორედ აქ აღმოჩნდება ხოლმე იმ საკვები ნივთიერებების უმრავლესობა, რომელთაც საკვებისაგან ვიღებთ.
მეცნიერი შიშობს, რომ ანატომიის სწავლებისას ორგანოების აღწერილობა უმეტესად განზოგადებულია და ინდივიდუალურ თავისებურებებს ნაკლებად ითვალისწინებს — მაშინ, როდესაც ეს ფაქტორი ხშირად დიაგნოსტირებისა თუ მკურნალობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.
იმისათვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი სხვაობა შეუმჩნეველი არ დარჩენილიყო, ჰეილმა და მისმა კოლეგებმა 21 ქალისა და 24 კაცის, კერძოდ მათი გვამების, მომნელებელი სისტემის ორგანოები გაზომეს. აღნიშნული სხეულები ზრდასრულებს ეკუთვნოდათ.
დადგინდა, რომ საშუალოდ კაცების წვრილი ნაწლავი დაახლოებით ოთხი მეტრი სიგრძისა იყო, ქალებისა კი — 30 სანტიმეტრით გრძელი. სტატისტიკური ანალიზის შედეგებით, ეს მიგნება შემთხვევითი სულაც არ ყოფილა.
"თუკი [ქალების წვრილი ნაწლავი] უფრო გრძელია და ზედაპირის ფართობიც მეტია, ანუ ყველაფრისგან, რასაც ჭამენ, მეტის მიღება შეუძლიათ", — ამბობს ჰეილი — "შესაძლოა, ეს რეპროდუქციას უკავშირდებოდეს და, დიდი ალბათობით, ასეც არის".
მეორე მხრივ, ეს ანატომიური სხვაობა სრულად ვერ ახსნის, რატომაა მომნელებელი სისტემის ზოგიერთი დაავადება რომელიმე სქესში უფრო ხშირი, ვიდრე სხვაში. მაგალითისთვის, კრონის დაავადება (ანთება მომნელებელი სისტემის ნებისმიერ ნაწილში, პირი იქნება ეს თუ ანალური ხვრელი) ქალებს უფრო ხშირად ემართებათ, თუმცა წყლულოვანი კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება, კოლინჯიდან ანალურ ხვრელამდე) კაცებში უფრო გავრცელებულია.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იმუნურ სისტემასა და გენეტიკაში სქესთან დაკავშირებული განსხვავებები ამ დაავადებების კუთხით მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
კვლევის ფარგლებში დადგინდა ისიც, რომ გვამებს შორის სხვა ორგანოთა სიგრძეებიც განსხვავდებოდა, თუმცა სქესებს შორის სხვაობა ნაკლებად იყო. მაგალითად, გვამთა ნაღვლის ბუშტების სიგრძე 5.5-იდან 12.5 სანტიმეტრამდე იცვლებოდა, მათი აპენდიქსებისა კი — 1.4-იდან 12.7 სანტიმეტრამდე.
ზოგიერთი გვამის კოლინჯის სიგრძე სხვებისაზე დაახლოებით ორჯერ გრძელი იყო. ეს მსხვილი ნაწლავის უგრძესი ნაწილია, რომელიც ნაწილობრივ მონელებული საკვებისგან წყალსა და ზოგ ნუტრიენტს აშორებს.
როგორც წესი, ორგანოების სიგრძე არც გვამის სიმაღლესთან ყოფილა დაკავშირებული და არც მისი სხვა ორგანოების ზომასთან. მაგალითისთვის, შედარებით გრძელი ნაღვლის ბუშტის მქონე ადამიანებს აუცილებლად შედარებით გრძელი აპენდიქსი არ ჰქონიათ.
საერთო ჯამში, კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში თითოეული პაციენტის უნიკალური ანატომია იყოს გათვალისწინებული.
მართალია, კვლევა შედარებით ცოტა ცდისპირზე ჩატარდა, თუმცა მკვლევრები ამას თავიანთი მიგნებებისათვის სასარგებლოდ მოიაზრებენ:
"აღსანიშნავია, რომ ასეთი სხვაობა მაინც შევნიშნეთ, მიუხედავად მხოლოდ 45 გვამის გაზომვისა", — წერენ ისინი.
კომენტარები