მეცნიერთა აზრით, მოდიფიცირებული გრავიტაციის მტკიცებულება დედამიწის შიგნითვე შეიძლება არსებობდეს
ფარდობითობის ზოგადი თეორიის გარდა, გრავიტაციის სხვა განსხვავებული მოდელებიც არსებობს. მეცნიერების აზრით, შესაძლოა, მათი სისწორის შემოწმება მოსალოდნელზე ადრე მოვახერხოთ. კერძოდ, მკვლევართა გუნდი ფიქრობს, რომ მოდიფიცირებული გრავიტაციის გამოსაცდელად თავად დედამიწის სეისმური მოძრაობები შეიძლება დაგვეხმაროს.
სამყაროს შიგთავსის 95% ჩვენთვის ჯერაც ბურუსითაა მოცული. ამ უცნობ ნაწილს ბნელ სექტორს უწოდებენ, რომელიც ბნელ მატერიასა და ბნელ ენერგიას მოიცავს.
ბნელი მატერია სამყაროში დომინანტური მატერიაა — თითოეული გალაქტიკის მიახლოებით 80% ამ უხილავი მასალისგან შედგება. მეორე მხრივ, ბნელი ენერგია ენერგიაა, რომელიც მთლიან სივრცე-დროს ავსებს. სწორედ ეს უკანასკნელია პასუხისმგებელი კოსმოსის აჩქარებულ გაფართოებაზე.
გაითვალისწინეთ: მტკიცება, რომ ბნელი მატერია და ბნელი ენერგია მატერიალურია, იმ დაშვებას ემყარება, გრავიტაციის ჩვენეული გაგება სწორია. ამჟამად ამ უკანასკნელის საუკეთესო ახსნას აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია გვთავაზობს. მის თანახმად, გრავიტაცია სივრცე-დროის მოღუნვისა და გამრუდების შედეგია.
მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ ფარდობითობის ზოგადი თეორია სრულყოფილი არ არის — იგი შეზღუდულია, როცა საქმე შავ ხვრელებსა და სამყაროს დასაბამს ეხება. შესაბამისად, არახალია, რომ გრავიტაციასთან დაკავშირებით სრული ცოდნა ჯერჯერობით არა გვაქვს.
ამის გამო ათწლეულების განმავლობაში არაერთმა მეცნიერმა შემოგვთავაზა მოდიფიცირებული გრავიტაციის თეორიები, რომლებიც აინშტაინის ორიგინალი მოდელის გაუმჯობესებასა და განსხვავებულის შემოთავაზებას გულისხმობს.
გარკვეულ შეზღუდვას თითოეული მათგანი აწყდება. ზოგადი ფარდობითობა უკვე არაერთ კონტექსტში, უამრავ სკალაზე შემოწმდა. შესაბამისად, ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის ასახსნელად რთულია ისეთი ალტერნატიული თეორიის შექმნა, რომელიც ორიგინალისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება და თან აქამდე დადგენილ პრინციპებსაც დააკმაყოფილებს.
ამის გათვალისწინებით, მით უკეთესი იქნება, რაც მეტ მეთოდს შევიმუშავებთ მოდიფიცირებული გრავიტაციის გამოსაკვლევად.
ასეთი მცდელობის ფარგლებში მკვლევართა გუნდმა დაადგინა, რომ ამისათვის ვარსკვლავების შესწავლა ანდა სხვადასხვა მოდიფიცირებული თეორიის შემოწმება სულაც არაა საჭირო. მათი აზრით, შეგვიძლია, პასუხები უბრალოდ დედამიწის შიგნეულობაში ვეძიოთ — მათი მტკიცებით, მოდიფიცირებული გრავიტაციის პირობებში სეისმური ტალღები დედამიწაში სხვადასხვანაირად, სხვადასხვა სიჩქარით გადაადგილდება.
ვინაიდან დედამიწის მახასიათებლებზე (მაგალითად, მის მასასა და ინერციის მომენტზე) უკვე ბევრი რამ ვიცით, შეგვიძლია, სეისმური მონაცემები გავაანალიზოთ და მოდიფიცირებული გრავიტაციის თეორიები შევამოწმოთ.
ამ ეტაპზე მონაცემები არანაირად არ მიუთითებს იმაზე, რომ აინშტაინის ორიგინალ თეორიებს უნდა გადავუხვიოთ. ასეა თუ ისე, რაც მეტი ხელსაწყო და საძიებო მეთოდი ჩნდება, მით უფრო იზრდება იმის შანსიც, რომ სამყაროზე რაიმე მოულოდნელს შევიტყობთ.
კომენტარები