ნახეთ: ჩვენი სხეული ზებრას ზოლების მსგავსი უხილავი ხაზებითაა დაფარული
იცოდით, რომ ჩვენი სხეული ერთგვარი ზოლებითაა დაფარული? შესაძლოა, ამის შესახებ პირველად გესმოდეთ, რადგან ისინი უხილავია. მათ ბლაშკოს ხაზები ეწოდება, რომელთა წარმოქმნაც ემბრიონული განვითარების ეტაპზე უჯრედების გადაადგილებას უკავშირდება. საინტერესოა, რომ ამ ლაქების დანახვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია შესაძლებელი.
ეს ხაზები გერმანელი დერმატოლოგის, ალფრედ ბლაშკოს სახელს ატარებს, რომელმაც ისინი პირველმა აღწერა. ის კანის პრობლემების მქონე პაციენტების მონაცემებს აგროვებდა და სხეულის ზედაპირზე დაზიანებების გადანაწილებას აკვირდებოდა. შედეგები კი საზოგადოებას 1901 წელს გამართულ კონფერენციაზე წარუდგინა.
100 წელზე მეტი ხნის შემდეგ სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ამ უცნაური ხაზების ყველაზე სარწმუნო ახსნა სწორედ ემბრიონულ განვითარებას უკავშირდება, როცა კანის უჯრედები გადაადგილდება და ვრცელდება.
აი, ასეთია ზემოხსენებული ზოლები.
როგორც ხედავთ, ხაზები შუაში, გულ-მკერდიდან მუცლამდე, ერთმანეთს არ კვეთს, როგორც წინ, ასევე უკან. ზურგზე ისინი V-ს ფორმას იმეორებს, ხელებსა და ფეხებზე კი ტალღოვან კონტურებს ქმნის ისევე, როგორც სახესა და თავზე. ზოგიერთი დაავადების შედეგად კანზე დაზიანებები და პიგმენტაციები სწორედ ამ ხაზებს მიუყვება, რითაც ისინი შესამჩნევი ხდება. მათ შორისაა გრძივი ლიქენი, მიკიუნ-ოლბრაიტის სინდრომი და სხვა მსგავსი გენეტიკური გართულებები.
ამგვარი გენეტიკური მუტაციები ნიშნავს, რომ სხეულში კანის უჯრედების ორი განსხვავებული პოპულაციაა, სხვადასხვა გენეტიკური მახასიათებლებით. სხეულის იმ არეალში, სადაც ისინი ერთმანეთთან იკვეთება, დაზიანებები ჩნდება, რომლებიც ბლაშკოს ხაზებზე გადის.
ეს კანის მოზაიციზმის მაგალითია, რომლის ერთ-ერთი სახეც ქიმერიზმია. ამ დროს ქიმერაში 2 განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან გენეტიკური მასალის 2 სხვადასხვა წყება იკვრება, რაც ძალიან იშვიათია (მოზაიციზმი, ზოგადად, გავრცელებულია). ადამიანებში მსგავსი რამ მაშინ ხდება, როცა დიზიგოტური ჩანასახი ტყუპისცალს ადრეულ ეტაპზევე შთანთქავს. ქიმერიზმის ერთ-ერთი ნიშანი პიგმენტაციაა, როგორიცაა განსხვავებული ფერის თვალები და კანზე, ბლაშკოს ხაზების მიმდებარედ გაჩენილი ლაქები.
არსებობს მოსაზრება, რომ ამ ზოლების დანახვა ულტრაიისფერ სინათლეზეა შესაძლებელი და მას კატებიც აღიქვამენ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
კომენტარები