ნახეთ: ჯეიმს ვების ტელესკოპმა მზის სისტემის ყინულის გიგანტი — ურანი გადაიღო
2022 წელს, ნეპტუნის საოცარი, ახალი გამოსახულების მოპოვების შემდეგ, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი უკვე მზის სისტემის კიდევ ერთი პლანეტის — ურანის ფოტოს გვიზიარებს. ყინულის გიგანტის ფოტო ტელესკოპმა 2023 წლის 6 თებერვალს, ინფრაწითელი კამერით (NIRCam) გადაიღო და მასში პლანეტის რგოლებს, თანამგზავრებსა და ატმოსფეროს ვხედავთ.
აქამდე ურანის რგოლების გამოსახულება მხოლოდ ორჯერ იყო მოპოვებული. პირველი ამ მხრივ ზონდი Voyager 2 იყო, რომელმაც პლანეტას 1986 წელს ჩაუარა, მეორე კი 2004 წელს — კეკის ობსერვატორია. აქედან Voyager 2-ის მიერ მოპოვებული გამოსახულება იყო ერთადერთი ახლო კადრი, რომლის დახმარებითაც ურანის 10 ახალი თანამგზარი აღმოაჩინეს.
ფოტოს მარჯვენა მხარეს ვხედავთ პლანეტის განათებულ პოლუსს, რომელიც მზისკენაა მიმართული. ამ ადგილს პოლარულ ქუდს უწოდებენ და ის უნიკალურია ურანისთვის, რადგან ის მზის სისტემის ერთადერთი პლანეტაა, რომლის ღერძიც 97,77°-ით არის დახრილი, ამის გამო ურანზე ისეთი სეზონური ცვლილებებია, როგორიც არც ერთ სხვა გიგანტ პლანეტებზე არ გვხვდება. ვების ტელესკოპმა აღნიშნული ფოტოს წყალობით მისი პოლარული ქუდის ახალი ასპექტი გამოავლინა.
ახალ ფოტოზე პოლარული ქუდის კიდეზე კაშკაშა ღრუბელია შესამჩნევი, ისევე როგორც რამდენიმე მსგავსი მკრთალი მახასიათებელი ქუდის კიდის ჩრდილოეთით, ხოლო მეორე ძალიან ნათელი ღრუბელი ჩანს პლანეტის მარცხენა მხარეს. ასეთი ღრუბლები ტიპურია ურანისთვის და სავარაუდოდ, დაკავშირებულია პლანეტაზე ქარიშხლის აქტივობასთან.
ფოტოს მაღალი გარჩევადობით (2K, 4K) დაკვირვებისას ჩანს ურანის 6 თანამგზავრი (ცნობილი 27-დან), ასევე გალაქტიკათა ფონი.
ურანი მზის სისტემის მეშვიდე პლანეტაა, დაშორების მიხედვით. ის რადიუსით მესამე, ხოლო მასით მეოთხეა მზის სისტემაში. ურანს მზის გარშემო შემოსავლელად 84 დედამიწისეული წელი სჭირდება, აქედან 42 წლის განმავლობაში კი მისი ჰემისფერო მთლიანად მზის შუქის მიუღწევლად რჩება. აქამდე, Voyager 2-ის მიერ მოპოვებული მონაცემების მიხედვით, ურანის 5 თანამგზავრზე შესაძლოა ზედაპირქვეშა ოკეანეები იყოს, რაც მათ სიცოცხლისთვის გამოსადეგ ციურ სხეულებად აქცევს. ეს თანამგზავრებია: მირანდა, არიელი, უმბრიელი, ტიტანია და ობერონი.
კომენტარები