კარნულ-პლუვიალური მოვლენა — როცა დედამიწაზე 2 მილიონი წლის განმავლობაში წვიმდა
1970-იან და 80-იან წლებში მეცნიერებმა უძველეს ქანებში უჩვეულო შრეები აღმოაჩინეს, რომლებიც 232-234 მილიონი წლით დათარიღდა. აღმოსავლეთ ალპებში სპეციალისტთა ერთ-ერთმა ჯგუფმა კარბონატში დაგროვებულ სილიციკლასტურ დანალექს მიაგნო, დიდ ბრიტანეთში კი მოწითალო ქვის შიგნით ნაცრისფერ შრეს მიაკვლიეს.
ეს და სხვა მსგავსი ნიმუშები ერთ რამეზე მიუთითებდა — დაახლოებით 232 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მშრალი პერიოდი დასრულდა და წვიმა დაიწყო. იქიდან გამომდინარე, რომ ზემოხსენებული წარმონაქმნების ფორმირებას ძალიან დიდი ხანი დასჭირდებოდა, წვიმა 1-2 მილიონი წელი უნდა გაგრძელებულიყო, რაც დინოზავრების ეპოქის დასაწყისს ემთხვევა.
ამ აღმოჩენის შემდეგ უფრო და უფრო მეტი დასტური მოვიპოვეთ იმისა, რომ ასეთმა უჩვეულოდ სველმა პერიოდმა დინოზავრების რაოდენობის ზრდასა და გამრავალფეროვნებას შეუწყო ხელი. დროის ამ ინტერვალს კარნულ-პლუვიალურ მოვლენას ან ეპიზოდს უწოდებენ, წვიმის მაპროვოცირებელ ფაქტორად კი მომატებულ ტენიანობას ასახელებენ, რასაც სამხრეთ-ცენტრალური ალასკიდან ბრიტანეთის კოლუმბიის სანაპიროს გაყოლებაზე უმძლავრეს ვულკანურ ამოფრქვევებთან აკავშირებენ.
სპეციალისტების თქმით, ასეთმა ვულკანურმა აქტიურობამ განსაკუთრებით კარნულ პერიოდში იმატა, რამაც დედამიწის ატმოსფეროზე გეოთერმული კვალი დატოვა. მსგავსი მოვლენების შედეგად ჰაერში დიდი ოდენობით სათბურის აირები გამოიყო, როგორიც ნახშირორჟანგია და გლობალურმა დათბობამაც არ დააყოვნა.
მაშინდელი სუპერკონტინენტი პანგეა ისედაც მიდრეკილი იყო მუსონებისკენ, რომლებსაც ზღვის ტენიანი ჰაერის ხმელეთისკენ მობერვა იწვევს, სადაც ის ცივდება და წვიმის სახით მოდის. ამ პერიოდში წყლის ტემპერატურის მატების პარალელურად ტენიანობაც გაიზარდა, შესაბამისად, წვიმა მხოლოდ ძლიერდებოდა.
ასეთი პირობები სიცოცხლისთვის სახარბიელო არ ყოფილა, რაც ცხოველთა მრავალი სახეობის გადაშენებით, ხმელეთზე მცენარეული საფარის განადგურებითა და ოკეანეში ჟანგბადის უკმარისობით დასრულდა. სამაგიეროდ, ამ ყველაფრის შემდეგ დინოზავრები საგრძნობლად გამრავლდნენ და სხვადასხვა რეგიონში გავრცელდნენ, რითაც მათი ეპოქა დაიწყო. ასე დაედო ევოლუციური საფუძველი თანამედროვე ფაუნის დიდ ნაწილსაც, მათ შორის ძუძუმწოვრებს, კუებს, ნიანგებს, ხვლიკებს და სხვა.
კომენტარები