ფლორიდის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი იძულებული გახდა, რომ თანამდებობა დაეტოვებინა, მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს ხელოვნების გაკვეთილზე მიქელანჯელოს ქანდაკება აჩვენეს. გაკვეთილი რენესანსს ეძღვნებოდა და მოსწავლეებს მიქელანჯელოს დავითი უჩვენეს, რაც ერთ-ერთმა მშობელმა საჩივრის წერილში პორნოგრაფიად მოიხსენია.

შიშველი დავითის გამოსახულება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქანდაკებაა მთელს მსოფლიოში. ქანდაკება მიქელანჯელომ 1501-1504 წლებში შექმნა და მთელი მსოფლიოს მიერ ერთხმად იქნა აღიარებული შედევრად. გაკვეთილი, რომელიც 11-12 წლის ბავშვებს ჩაუტარდა, ასევე მიქელანჯელოს ნახატს ადამის შექმნას და ბოტიჩელის ნახატს ვენერას დაბადებასაც მოიცავდა.

დირექტორის თქმით, სკოლის საბჭომ ულტიმატუმი წაუყენა, ან თავად დატოვებდა თანამდებობას ან სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. როგორც აღმოჩნდა, ერთი წლით ადრე, როცა მოსწავლეებს მიქელანჯელოს დავითი უნდა ენახათ, ყოფილ დირექტორს მშობლები წინასწარ გაუფრთხილებია, თუმცა მსგავსი გაფრთხილება წელს აღარ მიუღიათ მოსწავლეების მშობლებს ახალი დირექტორისგან. საბჭოს თქმით, სწორედ ამ ფაქტის გამო აკისრებს დირექტორს პასუხისმგებლობას.

ახლახან ფლორიდის შტატის მმართველმა, რონ დესანტისმა, კანონით აკრძალა სკოლებში სექსუალური განათლებისა და გენდერული იდენტობის სწავლებაც.