სტუდენტური პროტესტი თსუ-ის ადმინისტრაციისა და მთავრობის წინააღმდეგ
სტუდენტები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ რუსულ კანონს, რომლის ინიციატორები და მხარდამჭერები, მათ შორის, მათი ლექტორებიც იყვნენ. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას კანონის ჩაგდება მოუწია, პროტესტმა აკადემიურ სივრცეში გადაინაცვლა და რუსული კანონის მხარდამჭერი ლექტორებისადმი ბოიკოტით გაგრძელდა. ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღეში ბაგების სტუდქალაქში სამართალდამცველების შესვლამ სტუდენტებს გაუჩინა ეჭვი, რომ მთავრობა მათ საპოლიციო რეჟიმით დაუპირისპირდა.
15 მარტის დილას თინათინ ბრეგაძე საერთო საცხოვრებელში, თავის ოთახში იყო, როცა კარზე ბრახუნის ხმა გაიგო. გარეთ გასულს ორი პოლიციელი დახვდა, რომლებმაც, როგორც თვითონ ამბობს, მოთხოვნითი ტონით პირადი მონაცემები გამოჰკითხეს.
თინათინის თქმით, სამართალდამცველები მისი ოჯახის წევრების საქმიანობითაც დაინტერესდნენ. თსუ-ის სტუდენტი საერთო საცხოვრებელში ორი წელია, ცხოვრობს და მსგავსი გამოცდილება აქამდე არ ჰქონია.
"რაზე ვსწავლობ, სად ვსწავლობ, რამდენი წლის ვარ, დაბადების წელი... ასევე, ოჯახის წევრებზე მკითხეს, მყავს თუ არა ძმა, სად სწავლობენ, სად მუშაობენ", — ამბობს თინათინი.
მისივე თქმით, სტუდქალაქში მოსახვედრად აუცილებელია ჩიპი, რომელიც პოლიციელებისთვის დაცვას უნდა მიეცა, თუმცა უნივერსიტეტისა და კორპუსის ადმინისტრაციის მტკიცებით, ამ მოვლენებზე ისინი წინასწარ ინფორმირებულები არ ყოფილან.
"ეს რომ ნორმალური და გეგმური ყოფილიყო, ყველა სტუდენტს უნდა ჰქონოდა ამაზე ინფორმაცია", — გვეუბნება თინათინი.
ინფორმაცია, რომ ბაგების საერთო საცხოვრებელში პოლიცია შევიდა, პირველად მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ 18 მარტს გაავრცელა. ისინი ამბობდნენ, რომ სამართალდამცველები სტუდენტებს ვაკის პოლიციის თანამშრომლებად გაეცნენ, არ განუმარტავთ, რატომ აგროვებდნენ პერსონალურ ინფორმაციას და არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ახლდნენ.
"ის, რომ ეს იყო გეგმური შემოწმება, მათი აზრით, ეს არის არგუმენტი, რომელმაც ყველაფერი უნდა ახსნას, მაგრამ ასე არ არის რეალურად, რადგან ამ პროცედურასაც აქვს თავისი წესები", — ამბობს ანა ჯაფარიძე, თსუ-ის სტუდენტი.
მისივე თქმით, უნივერსიტეტი სტუდენტების მხარეს არ დგას: "განსაკუთრებით მიუღებელია ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც მთავრობის წარმომადგენლებისგან სტუდენტების მიმართ ისმის ბრალდებები, უნივერსიტეტი იყოს ჩუმად და ერთი სიტყვაც არ თქვას საკუთარი სტუდენტების ინტერესების დასაცავად".
რას ამბობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
19 მარტს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ სტუდენტური მოძრაობა ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა და ბაგებში არა პოლიციელები, არამედ მართლწესრიგის ოფიცრები იმყოფებოდნენ.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ამბობდნენ, რომ წინასწარ ინფორმირებულები არ ყოფილან, თუმცა დარწმუნებულები იყვნენ, რომ შსს-ს მხოლოდ კეთილსინდისიერი მიზნები ჰქონდა.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, თინათინ იზორია იმაზე აპელირებდა, რომ სტუდენტების წინააღმდეგ ძალადობრივი მეთოდები არავის გამოუყენებია და პოლიციელებს კარი არ შეუმტვრევიათ, პერსონალური მონაცემები კი, რაც მათ შეაგროვეს, მხოლოდ სახელები და გვარები იყო.
"ყოველწლიურად მართლწესრიგის ოფიცერი, წელიწადში ერთხელ, დადის ოჯახებში, მათ შორის, სტუდენტურ საცხოვრებელში. აკაკუნებს კარზე და ამოწმებს, ვინ ცხოვრობს. გაუღებენ, ჰკითხავს, სახელს და გვარს, არ გაუღებენ — არავინ არ ამტვრევს კარს", — ამბობდა იზორია.
21 მარტს თსუ-მ, ასევე, გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მართლწესრიგის ოფიცრები მოსახლეობის აღწერას აწარმოებდნენ.
აქცია უნივერსიტეტის ღირსებისთვის — საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ
"სტუდენტები არ შეეგუებიან ძალაუფლების ენით საუბარს" — ეს მთავარია გზავნილია ხელისუფლებისადმი 22 მარტს, თსუ-ის ეზოში გამართული აქციიდან, სადაც ბაგების საერთო საცხოვრებელში პოლიციის შესვლა გააპროტესტეს.
"ამ ნაბიჯით გვეუბნებიან, რომ მომავალში ჩვენი ხმა არ უნდა ისმოდეს არც აკადემიურ სივრცეში და არც სახელმწიფოში. ჩვენ ვეუბნებით, რომ ამ მუქარის არ გვეშინია", — თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბექა ქერქაძემ.
თსუ-ის საერთო საცხოვრებელში შესული პოლიცია მათთვის მკაფიო სიგნალია, რომ სახელმწიფოს სტუდენტების ძალის შეეშინდა.
სტუდენტური მოძრაობა ნაბიჯის წევრი, დათო სეხნიაშვილი კი ამბობს, რომ ეს არის რეპრესიების მორიგი ტალღა, რათა ახალგაზრდები დააშინონ.
"ჩვენ გვეძახიან სატანისტებს, ათასლარიანებს, მართულებს, მაგრამ, მათთვის სამწუხაროდ და ჩვენთვის საბედნიეროდ, დისკრედიტაციის კამპანია დაუძველდათ, აღარ მოქმედებს ახალგაზრდებზე. რაც ერთ წინადადებაში არ ჯდება, არის სტუდენტები და შიში. ვიქნებით კიდევ უფრო ხმაურიანები და გავაპროტესტებთ ყველაფერს, რაც გასაპროტესტებელი იქნება. თუმცა, მაინც სახიფათოა ისეთი ადამიანების ლექტორებად ყოფნა, რომლებიც თავიანთი სტუდენტებს უწოდებენ ასეთ ეპითეტებს", — ამბობს დათო.
მას შემდეგ, რაც თსუ-ის ეზოში დაწყებულმა პროტესტმა რექტორის კაბინეტთან გადაინაცვლა, ჯაბა სამუშიამ სტუდენტებთან მოლაპარაკებები თავის კაბინეტში გამართა.
ის კატეგორიულად უარყოფს მოვლენების კავშირს მარტის აქციებში სტუდენტების მონაწილეობასთან და ამბობს, რომ პირადი მონაცემები "ისედაც ცნობილია, თუ ვიღაცას უნდოდა".
"კაცურ სიტყვას გეუბნებით, არავის არ მოუმართია, რომ ეს ინფორმაცია ვინმეს სჭირდებოდეს", — უთხრა მან სტუდენტებს.
თსუ-ის რექტორი ირწმუნება, რომ სამართალდამცველები სტუდქალაქს უსაფრთხოების მიზნით ამოწმებდნენ, ხოლო იმისთვის, რომ სამომავლოდ ამ პროცესის "პროტოკოლი დაიხვეწოს", შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან და განათლების უწყების ახალდანიშნულ ხელმძღვანელთან, გიორგი ამილახვართან შეხვედრას გეგმავს.
"შევხვდები მინისტრს და ჩემი პრინციპული, კარგით, კატეგორიული თხოვნა იქნება რომ თსუ-ს წინასწარ უნდა შეატყობინონ ამ ღონისძიებაზე და პარალელურად, ჩვენი დაცვის თანამშრომელმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა", — თქვა სამუშიამ.
თსუ-ის რექტორი ამბობს, რომ არ იცის, რატომ აგროვებდნენ მართლწესრიგის ოფიცრები სტუდენტების მშობლებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ეს მართლაც "კონტექსტიდან ამოსულია" და პირობას დებს, რომ ამასაც გაარკვევს.
რას ამბობენ შსს-ში
თსუ-ში მიმდინარე აქციის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
მათი თქმით, 14, 15 და 16 მარტს მართლწესრიგის ოფიცრები ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ტერიტორიაზე გეგმურ საქმიანობას აწარმოებდნენ და ახალგაზრდულმა მოძრაობებმა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და პოლიციის დისკრედიტაციისგან თავი უნდა შეიკავონ.
"საერთო ჯამში, ტერიტორიაზე დაახლოებით 1 500 ადამიანია დასახლებული, რომელთა შორის მხოლოდ 20%-ია სტუდენტი. გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ვიზიტის განხორციელებისას, მართლწესრიგის ოფიცრებთან კომუნიკაციის დროს, ადგილობრივ მოსახლეობას რაიმე სახის პროტესტი არ გამოუხატავს", — ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები