რატომ იკლებს ჩვენი წონა დედამიწის ეკვატორის მიმდებარედ?
თუ წონის მარტივად დაკლება გსურთ, დედამიწის ეკვატორის მიმდებარედ გაემგზავრეთ. დიახ სწორად წაიკითხეთ. ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ჩვენი პლანეტის ამ ნაწილში იმაზე ოდნავ ნაკლები წონა გვექნება, ვიდრე პოლუსების მახლობლად, კერძოდ სხვაობა 0.5 პროცენტია.
ასევე, იხილეთ: რამდენად შორს შეძლებთ ბურთის სროლას სხვადასხვა ციურ სხეულზე
მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი მშობლიური ციური სხეულის გრავიტაცია გახლავთ, რომელიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ერთგვარი სულაც არაა. ეს იმითაა განპირობებული, რომ თავად დედამიწა, სხვა ამგვარი კოსმოსური ობიექტების მსგავსად, ეკვატორის გასწვრივ უფრო დიდია, ვიდრე დანარჩენ ადგილებში, რაც ღერძის გარშემო ბრუნვითაა განპირობებული.
პლანეტის ეკვატორზე ფორმის ასეთი ცვლილება გრავიტაციის გავლენას, პარალელურად კი წონას, ამცირებს, რაც ისეთი შესამჩნევი არაა, მაგრამ გამოთვლად სხვაობას ნამდვილად იძლევა. რაც უფრო შორს ვართ მასისგან, მით ნაკლებად ვრცელდება ჩვენზე მიზიდულობის ძალა, შედეგად კი, პირდაპირი მნიშვნელობით წონაში ვიკლებთ.
ასევე, იხილეთ: რა დაემართება მანქანას, თუ მას სხვადასხვა პლანეტის გრავიტაციის პირობებში ობიექტი დაეცემა
ეკვატორის მიმდებარედ ცენტრიდანული ძალა, დედამიწის ბრუნვის გამო, მაქსიმუმს აღწევს, ხოლო პოლუსებზე პირიქით. ეს ნიშნავს, რომ გრავიტაცია ციური სხეულის ცენტრისკენ მიემართება, ცენტრიდანული ძალა კი მის გარეთ. პოლუსებზე თავისუფალი ვარდნის აჩქარება 980.665 სმ/წმ2-ია, როცა ეკვატორზე ეს მაჩვენებელი 3.39 სმ/წმ2-ს უდრის. ამგვარი ცვლილება წონას 0.5 პროცენტით ამცირებს.
აღსანიშნავია, რომ იგივე ხდება ჰაერში ყოფნისასაც. მაგალითად, თუ ხმელეთზე 68.3 კილოგრამს იწონით, ჰაერში, დაახლოებით 3 კილომეტრ სიმაღლეზე, 68.00 კილოგრამი წონის იქნებით, რადგან იქ გრავიტაცია შესუსტებულია.
კომენტარები