ვებგვერდ Reddit-ზე გავრცელდა ანიმაცია, რომელიც გვიჩვენებს, რა დაემართება მანქანას, თუ მას სხვადასხვა პლანეტისა და მზის გრავიტაციის პირობებში ციდან ჩამოვარდნილი ობიექტი დაეცემა.

u/asianj1m-ის სახელით ცნობილმა მომხმარებელმა გასართობ-შემეცნებითი ვიდეო ფიზიკური სიმულაციური თამაშის beamNG.drive გამოყენებით შექმნა. მასში ვხედავთ მივარდნილ ადგილას მდგარ ავტომობილს, რომელსაც ფიცრების შეკვრა ეცემა. თუმცა, მზის სისტემაში შემავალი თითოეული პლანეტისა და თავად ვარსკვლავის მიზიდულობის ძალის გავლენით, ეს შეჯახება სხვადასხვაგვარია. მაგალითად, მცირე გრავიტაციის მქონე ციურ სხეულებზე მანქანა ნაკლებად ზიანდება და ჰაერშიც უფრო მაღლა იჭრება, აირის გიგანტებისა და მნათობის გრავიტაცია კი პირიქით მოქმედებს.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, დედამიწის გრავიტაცია 9.8 მ/წმ2 გახლავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხმელეთისკენ დაშვებისას, ყოველ წამს 9.8 მ/წმ-ით აჩქარდებით. შედარებისთვის, ჯუჯა პლანეტა პლუტონზე ეს მაჩვენებელი 0.62 მ/წმ2-ს უდრის, ანუ იქ იმავე სიჩქარის მისაღწევად 1-ის ნაცვლად, თითქმის 16 წამი დაგჭირდებათ.

რაც შეეხება მზეს, მისი გრავიტაცია 274 მ/წმ2-ს შეადგენს, დედამიწისაზე დაახლოებით 30-ჯერ მეტს. როგორც ანიმაციაში ვხედავთ, ასეთ პირობებში მანქანა შეჯახების გარეშეც მიწას "შეასკდება", ფიცრები კი მას ნაწილებად აქცევს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.