დღეს ქართულ პოლიტიკას ყველაზე მეტად საზოგადოების აქტიური ჩართულობა აკლია, ეს ყველაზე თვალსაჩინო ახალგაზრდების შემთხვევაშია. ახალგაზრდებს სკოლა საკმარის ცოდნას არ აძლევს ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, სამართალზე, შედეგი, კი ხშირად მათი ნიჰილისტური დამოკიდებულებია.

ფრანკლინის კლუბი კლასიკურ ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად, სწორედ ცოდნის გავრცელებას ისახავს.

აღნიშული მიზნის მისაღწევად, კლუბს აქვს არაერთი ახალგაზრდული, საგანმანათლებლო პროექტი, მათ შორის: ფრანკლინის აკადემია, ფრანკლინის თავისუფლების დამცველები, Linda Whetstone Tbilisi Policy Network, გასვლითი ბანაკები უფროსკლასელთათვის, პოდკასტები აქტუალურ თემებზე და ა.შ.

მეგობრების ჯგუფიდან ფრანკლინის კლუბამდე

ფოტო: ფრანკლინის კლუბი

ალბათ, ბევრი ადამიანია თავისებურად ჩართული განათლების და თავისუფლების იდეის გავრცელებაში, ფრანკლინის კლუბის ისტორიაც ასე იწყება.

"წლების განმავლობაში სამეგობროში რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა საქმიანობით, შეძლებისდაგვარად ვავრცელებდით თავისუფლების იდეას. პერიოდულად ვიკრიბებოდით და ვსაუბრობდით ლიბერალურ ღირებულებაზე, ქართული განათლების პრობლემებზე, პოლიტიკურ პროცესებზე. შემდეგ კი იდეა გაგვიჩნდა, ამ შეკრებებისთვის უფრო ორგანიზებული სტრუქტურა მიგვეცა და ასე დაიწყო ფრანკლინის კლუბიც. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ სახელზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს შევჯერდით ფრანკლინზე. მიზეზი მარტივია, ბენჯამინ ფრანკლინი თავისი ცხოვრების განმავლობაში არამხოლოდ კარგი პოლიტიკოსი იყო, არამედ, ის ასევე ეწეოდა სამეცნიერო და საგამომცემლო საქმიანობას, იყო გამომგონებელი და ამავდროულად იყო კლასიკური ლიბერალური ღირებულებების აპოლოგეტი. ჩვენი კლუბი კი, მსგავსად, ბევრი სხვადასხვა პროფესიის და ინტერესის ადამიანს აერთიანებს, ერთი — კლასიკური ლიბერალური ღირებულებების გარშემო. სახელის შემდეგ ლოგოზე დავიწყეთ ფიქრი და საბოლოოდ ბენ ფრანკლინს ქართული ჩოხა მოვარგეთ, რითიც გვინდა ვაჩვენოთ რომ დასავლური ღირებულებები არათუ წინააღმდეგობაში არ მოდის ქართულ ტრადიციებთან, არამედ, ისინი სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან", — გვიყვება ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რეზი თოფურია.

ერთწლიანი საქმიანობის განმავლობაში, ფრანკლინის კლუბი უკვე გახდა ამერიკული ორგანიზაცია Atlas Network-ის და საქართველოს უნივერსიტეტის პარტნიორი. მათი პარტნიორობით ორგანიზაცია არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს.

ფრანკლინის აკადემია

ფრანკლინის აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მასშტაბური პროექტი ფრანკლინის აკადემიაა. ფრანკლინის აკადემია ფრანკლინის კლუბის მიერ შემუშავებული ოთხკვირიანი პროგრამაა, რომლის ფარგლებში კლუბი X-XII კლასის მოსწავლეებს სკოლისგან რადიკალურად განსხვავებულ ცოდნას აწვდის. აკადემიის პირველ მოდულში ისწავლება პოლიტიკური იდეოლოგიები, სამართლის საფუძვლები, ეკონომიკის საწყისები, ბიზნესი, საერთაშორისო ურთიერთობები და დებატები. თანაც, ეს ყველაფერი თავისუფალ და მხიარულ გარემოში, მოსწავლეების მაქსიმალური ჩართულობით. პირველი მოდულის დასრულების შემდეგ, კლუბი მსურველებს სწავლის გაგრძელებას პოლიტიკის, ბიზნესის და ეკონომიკის, სამართლის და ხელოვნების მოდულებზე სთავაზობს. ამასთანავე, ორგანიზაცია აკადემიის მოსწავლეებს სთავაზობს სხვადასხვა თემატურ კლუბებსა და სპორტულ ტურნირებს.

"მოსწავლეებს ვთავაზობთ არა ფაქტების დაზეპირებას, არამედ ერთად ვსვამთ კითხვებს. ვაფიქრებთ ისეთ საკითხებზე, როგორზეც სკოლაში საუბარი არ უწევთ. ვსაუბრობთ პოლიტიკის არსზე და ვაჩვენებთ, რომ ვერავინ იქნება აპოლიტიკური. ვასწავლით ეკონომიკის საწყისებს და მოსწავლეები ხვდებიან, რომ ეკონომიკა არამხოლოდ ეკონომისტების საქმეა, არამედ ის ყველას ეხება. სამართლის საფუძვლების სწავლის ფარგლებში მოსწავლეები იგებენ თუ რა არის სახელმწიფო, როგორაა ის მოწყობილი და შესაბამისად, რისი უფლება აქვთ მათ. კურსი, ასევე, ითვალისწინებს, ამ თემებზე დებატების პრაქტიკულ ნაწილსაც. ამ პროექტმა ნათლად გვაჩვენა, რომ ახალგაზრდებში დიდი მოთხოვნაა არაფორმალურ განათლებაზე და ყველა აქტივობაზე, რომელიც მათ წინსვლაში ეხმარება. ფაქტია, შაბათ-კვირის სწავლისთვის დათმობა არავის ეზარება, როდესაც სწავლა ამდენად საინტერესო და სახალისო ფორმატში მიმდინარეობს", — ამბობს რეზი.

აღსანიშნავია, რომ ფრანკლინის აკადემია ყოველთვიურად 200-მდე ახალ მოსწავლეს იღებს და მას უკვე ჰყავს 2000-ზე მეტი კურსდამთავრებული.

ფოტო: ფრანკლინის კლუბი

ფრანკლინის თავისუფლების მცველები

სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ფრანკლინის კლუბი სტუდენტებთანაც აქტიურად მუშაობს. "ფრანკლინის თავისუფლების მცველების" პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეული 50 სტუდენტი ექვსი თვის განმავლობაში ესწრებოდა ლექციებს, პრაქტიკულ ტრენინგებს და იღრმავებდა ცოდნას ისეთ თემებში, როგორიცაა: ეკონომიკა, პოლიტიკური იდეოლოგიები, სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესი და მეწარმეობა, რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი, დებატები და რეტორიკა, აქტუალური პოლიტიკური საკითხების ანალიზი, პროექტების შექმნა და მართვა, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება.

პროექტის ფინალურ ეტაპზე სტუდენტებმა გუნდურად იმუშავეს სხვადასხვა პროექტებზე, ორ გამარჯვებულ გუნდს კი, საქართველოს უნივერსიტეტისა და Atlas Network-ის ფინანსური დახმარებით, პროექტების განსახორციელებლად გადაეცათ 5 000-5 000 ლარიანი გრანტი.

ფოტო: ფრანკლინის კლუბ

Linda Whetstone Tbilisi Policy Network

ფრანკლინის თავისუფლების მცველების გარდა, კლუბს კიდევ ერთი საინტერესო სტუდენტური პროექტი აქვს — Linda Whetstone Tbilisi Policy Network. აღნიშნული პროექტი უფრო მეტად პრაქტიკულია და მიზნად პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების მეტ ჩართულობას და პოლიტიკის ადამიანებზე მორგებას ისახავს.

Linda Whetstone Tbilisi Policy Network 50 სტუდენტისგან და პროფესორისგან შექმნილი გუნდია, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობს პოლიტიკის დოკუმენტების მოსამზადებლად და სხვადასხვა პოლიტიკის/კანონების შესაცვლელად, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, გენდერული თანასწორობა, საგარეო პოლიტიკა.

ბოლო სამი თვის განმავლობაში, Linda Whetstone Tbilisi Policy Network-ის ჯგუფებმა ორი გასვლითი ტრენინგის,დარგის ექსპერტებთან და მენტორებთან არაერთი შეხვედრისა და მუშაობის შედეგად ჯგუფებმა ხუთი საინტერესო პოლიტიკური დოკუმენტი შეადგინეს და 10 თებერვალს წარადგინეს ჟიურის წინაშე. პრეზენტაციებს აფასებდა პროფესორებისა და ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსებისგან დაკომპლექტებული ჟიური. ჟიურის გადაწყვეტილებით, თითოეული გუნდი მიიღებს დაფინანსებას და სათანადო ხელშეწყობას, იმისთვის, რომ ეს დოკუმენტები გარდაისახოს საკანონმდებლო ცვლილებებად.

ფრანკლინის კლუბი და Linda Whetstone Tbilisi Policy Network-ის წევრები აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტების გაცნობას უფრო ფართო აუდიტორიისთვისაც გეგმავენ. საბოლოო მიზანი კი, აღნიშნული კანონების საქართველოს პარლამენტში დაინიცირებაა.

ფოტო: ფრანკლინის კლუბი

პოდკასტები

გარდა ზემოთაღნიშნული პროექტებისა, ფრანკლინის კლუბი მედია სივრცეშიც აქტიურად ავრცელებს განათლებას სხვადასხვა პოდკასტების გზით. ამ ეტაპზე, ფრანკლინის ავტორობით ინტერნეტში წააწყდებით პოდკასტს პირველ რესპუბლიკაზე, საგარეო მიმოხილვის პოდკასტს MAP-ზე უკეთესი, დავით კლდიაშვილის ბაღის კიდეს, ყოველკვირეულ პოლიტიკურ მიმოხილვას ის, რაც არ ჩანს, ინგლისურენოვან პოდკასტს Unboxing Liberty და გადაცემას ილია ჭავჭავაძის შესახებ სახელწოდებით ილია & ლიბერი.

ფოტო: ფრანკლინის კლუ

ილია & ლიბერი რეზი თოფურიას საავტორო გადაცემაა, რომლის ფარგლებშიც წამყვანი სხვადასხვა სტუმრებთან განიხილავს ილია ჭავჭავაძეს უფრო განსხვავებული, ფართო სპექტრიდან.

"სამწუხარო რეალობაა რომ ერის მამად წოდებული, უდიდესი ქართველი მოღვაწე ილია ჭავჭავაძე, დღეს ქართველთა უმეტესობის აღქმაში მხოლოდ მწერლად ან/და პოეტად მოიაზრება, მაშინ როცა ილიას უდიდესი კვალი აქვს დატოვებული პოლიტიკურ პუბლიცისტიკაში, ჟურნალისტიკაში, საზოგადოებრივ მოღვაწეობაში, ფასდაუდებელია მისი ღვაწლი წერა-კითხვის გავრცელების და ზოგადად ქართული ენის რეფორმირებისა თუ აღორძინების კუთხით. ამავდროულად, ილია ჭავჭავაძე პერიოდულად იყო მომრიგებელი მოსამართლეც, ბანკირიც, არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტიც და ა.შ. აღნიშნული პოდკასტის მიზანი კი სწორედ ნამდვილი ილიას გაცნობაა", — აცხადებს რეზი თოფურია.

ფოტო: ფრანკლინის კლუბი

ფრანკლინის კლუბში სჯერათ, რომ განათლების და თავისუფლების იდეის გავრცელება დემოკრატიული და განვითარებული ქვეყნის მშენებლობისთვის აუცილებელი პროცესია და აცხადებენ, რომ ფრანკლინის კლუბი ყოველთვის თავდაუზოგავად იმუშავებს ახალგაზრდებთან აღნიშნული იდეების გასავრცელებლად. თუ თქვენთვისაც მნიშვნელოვანია განათლება და თავისუფლების იდეა, მაშინ თვალი ადევნეთ ფრანკლინის კლუბის ფეისბუქგვერდს, პოდკასტების და ლექციების მოსმენა კი ორგანიზაციის Youtubeგვერდზე და Spotify-ს არხზე შეგიძლიათ.