გავათენოთ საქართველოსთვის

სამართლის სპეციალისტები

12 May. 2024, 23:13

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ნებისმიერი აქტი ან მოქმედება, რომელიც გვაშორებს ამ მიზანს, ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას, დავამკვიდროთ დემოკრატიული წესწყობილება, სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ძალაუფლების წყაროა ხალხი, ხელისუფლება კი იზღუდება ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებებით.

სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებელი არ უნდა ქმნიდეს გაურკვევლობას კანონის ნამდვილ მიზანთან დაკავშირებით. ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავდება ფორმალურად დეკლარირებული და არაერთ საჯარო გამოსვლაში რეალურად გაცხადებული მიზნები, რომლებიც აშკარად ვერ თავსდება კონსტიტუციურ ჩარჩოებში და არალეგიტიმურია.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ კანონპროექტის ინიციატორები მართლაც გამჭვირვალეობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისაკენ ისწრაფვიან, ეს უნდა მოხდეს თანაზომიერებისა და განსაზღვრულობის პრინციპების შესაბამისი ნორმებით. პროექტით შემოთავაზებული გზა არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, რადგანაც დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელია გაცილებით მსუბუქი ალტერნატიული საშუალებებით.

კანონპროექტის შედეგად მოტანილი ზიანი გაცილებით წონადი და მასშტაბური იქნება, ვიდრე ის ინტერესები, რომელთა დაცვასაც ცდილობენ მისი ინიციატორები. ბუნდოვანება და განუსაზღვრელობა, განსაკუთრებით მონიტორინგის ნაწილში, სახელმწიფოს უხსნის თვითნებური მოქმედების ფართო არეალს, რაც განუზომლად ზრდის ძირითად უფლებათა დარღვევის რისკს.

ჩვენ, სამართლის პროფესორებს, მკვლევრებს, პრაქტიკოს იურისტებს, გვწამს, რომ სამართლის უზენაესი ღირებულება ადამიანია, სწორედ ადამიანის თავისუფლებასა და ღირსებაზეა დაფუძნებული მართლწესრიგი, რომლის საბოლოო მიზანი ადამიანების დაცვა და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფა უნდა იყოს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, საფრთხის ქვეშ აყენებს და გაუმართლებლად ზღუდავს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციას, აზიანებს პოლიტიკურ პროცესს. ამით იგი შორდება სამართლის უმთავრეს დანიშნულებას, აცლის მას ღირებულებით საფუძველს.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და არ მიიღოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიორგი ხიშტოვანი: "ოცნებამ" გადაწყვიტა, პირდაპირ მუქარაზე გადავიდეს და ამ გზით დაწიოს ფასები — ეს საშიში პრაქტიკაა
  2. რას გეგმავენ უწყვეტი პროტესტის მონაწილეები 31 დეკემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე?
  3. მარიამ მეყანწიშვილი შალვა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივის
  4. შვეიცარიაში, სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი გარდაიცვალა, 100-ზე მეტია დაშავებული
  5. როგორი ამინდი იქნება 1-2 იანვარს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ