ტური, რომლითაც სულ სხვანაირ გორს აღმოაჩენ
ყველა ქალაქს თავისი წარსული აქვს — რომლის გამოც არის ისეთი, როგორიცაა. აქვს ამბები და ჰყავს ადამიანები, რომლებმაც ის შექმნეს. ყველა ქალაქშია ისტორიები, რომლებიც აღმოსაჩენი, ან გასახსენებელია.
ასეთია გორიც, სადაც მხოლოდ გავლით ვიყავი ნამყოფი და სამწუხაროდ, ერთ-ერთ პირველ ამბად ბოროტების იმპერიის ქართველი მეთაურის ისტორია მახსენდებოდა. თუმცა, სხვების მსგავსად, მეც ვცდებოდი. ამ ქალაქს გაცილებით უფრო მეტი აქვს მოსაყოლი, ვიდრე გგონიათ.
ალტერნატიული ტურით, რომელზეც დღეს გიამბობთ, გორი თავიდან აღმოვაჩინე. გავიცანი ქალაქი სტალინისა და ტოტალიტარული რეჟიმის გარეშე, სულ სხვა კულტურითა და ისტორიით.
ალტერნატიული ტური
ტურში ისტორიკოსებმა, გიდებმა, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენდა გასაკვირად ქალაქის შესწავლა მე-9 საჯარო სკოლით დავიწყეთ. აღმოჩნდა, რომ ადრე აქ სემინარია იყო, სადაც ვაჟა-ფშაველა სწავლობდა. ყველამ ვიცით, რომ ის მთის მწერალია, მაგრამ თურმე მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გორს, სადაც დღემდე ცხოვრობენ მისი შთამომავლები და ინახავენ ამბებსა და მოგონებებს რომელთა განადგურებაც საბჭოთა რეპრესიებმა ვერ მოახერხა.
სკოლასთან იყო საინფორმაციო დაფა, რომლის დახმარებითაც დავრწმუნდი, რომ სანახავი ბევრი გვქონდა. QR-კოდის დასკანერების შემდეგ პროექტის ფარგლებში დამზადებულ ვებგვერდზე აღმოვჩნდი და ცოტა უფრო მეტი გავიგე ვაჟასა და გორის და არამხოლოდ ამის შესახებ. ქალაქში ათი ასეთი ბანერი დგას და ყველა სხვადასხვა ისტორიას მოგიყვებათ.
შეუძლებელია, აქ ყოფნისას ომსა და რუსულ ოკუპაციაზე ფიქრს ან საუბარს გვერდი აუარო. გზად, როცა ძველი ისტორიისა და შესაძლებლობების შესახებ ვსაუბრობდით, გიდმა გვიამბო, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გორს ეკონომიკურად ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მეტ-ნაკლებად დაკარგა. ამას ემატება მცოცავი ოკუპაცია და საფრთხე, რომელიც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ბიზნესის კეთებას ახლავს.
გზად ჩავუარეთ ერთ-ერთი დაბომბილი სახლის კედელს, რომელიც რუსული სისასტიკის კვალს ინახავს. არც ისე შორს, ვერხვების დასახლებაში, 2008 წლის ომის მემორიალიც დგას.
ვფიქრობ, სწორედ ეს არის გორის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ რუსული ოკუპაცია საქართველოში 2008 წელს არ დაწყებულა.
ფოტო: On.ge / ელენე ზაქაშვილი
ჩვენმა ტურმა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სიახლოვეს გადაინაცვლა. აქ იმაზე ვისაუბრეთ, რამდენად მრავალეთნიკური და მრავალკულტურული ქალაქია გორი.
გზა იმ ცნობილი გორის ციხისკენ გავაგრძელეთ, რომელზეც აქამდე მხოლოდ გავრცელებული ფრაზა "ეგ არი და გორის ციხე" მქონდა გაგონილი. აქ კი გავიგე, რომ ციხე არაერთი დიდი ბრძოლის მომსწრეა. სიმბოლურია, რომ მის მიმდებარედაა ქართველ ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალი, რომელიც 1981-85 წლებში შეიქმნა. თავდაპირველად ის თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან იდგა, 2009 წელს კი გორში გადაიტანეს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან ახლოს.
ფოტო: On.ge / ელენე ზაქაშვილი
ციხიდან ქვაფენილიანი გზით ჩამოვდიოდით, როცა ძველი უბნების ლამაზი აივნები მომხვდა თვალში. გული დამწყდა, როცა ქუჩას დავაკვირდი და სტალინის მამის სახელობის აღმოჩნდა. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია — ქალაქში, რომელიც ასე დააზიანა რუსულმა იმპერიალიზმმა, დღემდე ვხვდებით დიქტატორისა და მისი მამის ქუჩებს.
"დეზინფორმაცია გვეუბნება, რომ საქართველო არის რაღაც რუსეთის გუბერნია, რომ არა რუსეთი, ვერ განვითარდებოდა და როგორი დიადი იყო სტალინი. ცდილობს საქართველოს სხვა კულტურული პლასტის წაშლას, რაც ქვეყანას სწორედ ამ დეზინფორმაციის ველის გარეთ აქვს", — მითხრა თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ, რომელსაც ალტერნატიულ ტურზე შევხვდი.
განვიხილეთ რამდენად საფრთხისშემცველია რუსული პროპაგანდა, როგორ იყენებს კრემლის მანქანა საბჭოთა სენტიმენტებს საზოგადოების სამართავად და რატომ არის მნიშვნელოვანი, გადავიაზროთ წარსული და ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია.
ფოტო: On.ge / ელენე ზაქაშვილი
გორის ძველი უბანი
ფოტო: On.ge / ელენე ზაქაშვილი
გორის ტურისტულ პოტენციალზე ვესაუბრე ტურში მონაწილე ერთ-ერთ გიდს და სათავგადასავლო ტურიზმის სპეციალისტს, ნუცა ცქიმანაურსაც. მითხრა, რომ ურბანული ტურები თბილისში აქვთ და სურს, ამ მიმართულებით გორზეც იმუშაოს, რადგან ისტორიულად და არქიტექტურული მიმართულებით ქალაქს ძალიან ბევრის მოცემა შეუძლია.
"აბსოლუტურად სხვა თვალით დავინახეთ გორი. როგორც გიდი, ტურისტულ ჯგუფებთან როცა ვმუშაობ, გორში ყოველთვის ვჩერდებით, ძირითადად ან საჭმელად, ან სტალინის სახლ-მუზეუმის სანახავად, თუმცა გორს აბსოლუტურად სხვა ისტორიული ფუნქცია გააჩნდა ყოველთვის და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს დღესაც", — თქვა ნუცამ.
ქალაქში საფეხმავლო ტურს რომ მოვრჩით, გორის ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში წავედით, სადაც პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის, რომლის მიზანიც გორის ხელახალი აღმოჩენაა და რომელიც SAID-ისა, Zinc Network-ის, გორის მერიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ განხორციელდა.
შეხვედრას ადგილობრივები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. აქ კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საბჭოური ისტორიის მიღმა ქალაქს მნიშვნელოვანი და ჯერ კიდევ ბოლომდე აღმოუჩენელი წარსული აქვს. სტუმრებს გადაეცათ ქალაქის განახლებული რუკა, რომელზეც ბევრი ისტორიული ლოკაციაა დატანილი.
"მოდი, ერთად აღმოვაჩინოთ გორი" — ასე დაასრულა თავისი სიტყვა სკოლის მოსწავლე მარიამ საათაშვილმა და იქ მყოფ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შესთავაზა, ვებგვერდი www.gorimaps.ge სასწავლო რესურსად ექციათ.
ღონისძიება კი გორის ქალთა კამერული გუნდის ბრწყინვალე შესრულებით დასრულდა. გუნდით, რომელიც ამ ქალაქის და ქართული მრავალხმოვანების სიმბოლოა.
ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge
მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ამბავი თავიდან აღმოვაჩინე, გორში სანახავი კიდევ ბევრი დამრჩა. ქალაქში შესაძლებელია, ეწვიოთ კერამიკის სახელოსნოსა და მუზეუმს, ისტორიულ და ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მეორე მსოფლიო ომის მუზეუმს ან ხელოვნების სახლს.
აღმოაჩინე გორი
იმისთვის, რომ გორის აღმოჩენა თქვენთვისაც ისეთივე საინტერესო იყოს, როგორც ჩემთვის, ამ პროექტზე უფრო მეტს გიამბობთ. სწორედ მის ფარგლებში შეიქმნა იდენტობის რუკა, მომზადდა საინფორმაციო ვიდეოები ქართულ და ინგლისურ ენაზე, ქალაქში განთავსდა ინფორმაციული ბანერები, შემუშავდა ალტერნატიული მარშრუტი.
მივიწყებული ადამიანებისა და ისტორიების გასაცნობად კი შეიქმნა ვებგვერდიც, სადაც ერთადაა თავმოყრილი ის მოვლენები, რომლებმაც არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ფოტო: Zinc Network
როგორც პროექტის მენეჯერი ნინო გოზალიშვილი ამბობს, იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა და საბოლოოდ შეძლეს, ალტერნატიული ტურით ესაუბრათ დაახლოებით 15 განსხვავებულ თემაზე ისე, რომ არ შეხებოდნენ ტოტალიტარულ რეჟიმსა და ადამიანს, რომელიც ყველაზე ხშირად ასოცირდება გორთან.
ანტონ ვაჭარაძე აღნიშნავს, რომ რუკის მეშვეობით გორში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ თავიდან აღმოაჩინონ ისტორიები, რომელიც არ უკავშირდება მხოლოდ სტალინს.
"რა თქმა უნდა, ამ ერთი პროექტით რთულია, კარდინალურად შეიცვალოს მდგომარეობა, მაგრამ ეს შეიძლება, გახდეს კიდევ ერთი აგური იმისთვის, რომ წარმოჩნდეს ეს ქალაქი სხვა მხრიდან. წარმოჩნდეს მისი კულტურა, ადამიანები, პიროვნებები, რომლებიც დაკავშირებულები იყვნენ გორთან და დიდი როლი შეიტანეს, არა მხოლოდ, ქალაქის, არამედ საქართველოს ცხოვრებაში", — აღნიშნავს ის.
კომენტარები