მეცნიერებმა სოკოების საწინააღმდეგო ძლიერი ნაერთი შექმნეს — გაიცანით კიანუმიცინი
მას სახელი კიანუ რივზის მიხედვით შეარქვეს — თავის როლში ორივე უაღრესად სასტიკია.
Leibniz-HKI-ის მეცნიერებმა ლაბორატორიაში ახალი პესტიციდი შექმნეს, რომელიც სოკოებს უაღრესად ეფექტიანად ხოცავს. ამის გამო მას "კიანუმიცინი" შეარქვეს, კიანუ რივზის პატივსაცემად. კვლევა გამოცემაში Journal of the American Chemical Society გამოქვეყნდა.
"მოლეკულები იმდენად ეფექტიანად ხოცავს, რომ სახელი კიანუ რივზის მიხედვით ვუწოდეთ", — ამბობს სებასტიან გოტზე, კვლევის მთავარი ავტორი — "რადგან იგი თავის როლში უაღრესად სასტიკია".
კიანუმიცინი Pseudomonas გვარის ბაქტერიისაგან შექმნეს. იგი მიზანში Botrytis cinerea-ს, სოკოვან მავნებელს, იღებს. ეს უკანასკნელი დაობებას, რუხ ბოტრიტისს, იწვევს, რაც მოსავალს ანადგურებს.
ასევე იხილეთ: The Last of Us-ის სოკო ფიქცია არაა — შეუძლია თუ არა მას ადამიანების დაინფიცირება?
Botrytis cinerea ორასზე მეტი სახეობის ხილსა და ბოსტნეულს აინფიცირებს. იგი ერთ-ერთი ისეთი სოკოა, რომელიც არსებული ქიმიური პესტიციდებისა და ფარმაცევტული პრეპარატების მიმართ თანდათანობით უფრო მედეგი ხდება.
"ადამიანის არაერთი პათოგენური სოკო უკვე ფუნგიციდების მიმართ რეზისტენტულია — ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დიდი რაოდენობით იყენებენ", — აცხადებს გოტზე.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ, შესაძლოა, მან ადამიანის პათოგენური სოკო Candida albicans-იც გაანადგუროს, რამდენიმე სხვასთან ერთად.
ვინაიდან კიანუმიცინი არა ქიმიური, არამედ ბაქტერიული წარმოშობისაა, დიდი ალბათობით, გარემოსათვის ნაკლებად საზიანოც იქნება. ამასთანავე, ნაერთს მცენარის ანდა ადამიანის უჯრედების დაზიანების რისკი ჯერჯერობით არ გამოუვლენია.
სხვათა შორის, კიანუმიცინი პირველი ნაერთი ან მცენარე სულაც არ არის, რომელსაც მეცნიერებმა ცნობილი ადამიანის მიხედვით შეარქვეს სახელი. მაგალითისთვის, სამხრეთ აფრიკაში პარაზიტული კრაზანა ბინადრობს, რომელსაც Conobregma bradpitti შეარქვეს, "გენდერფლუიდი" გვიმრების მთლიან გვარს კი სახელი ლედი გაგას მიხედვით ეწოდა.
კომენტარები