ზღაპრები თანასწორობისთვის — ოცნებებისკენ სწრაფვა სტერეოტიპების გარეშე
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გენდერული უთანასწორობა დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მცდელობის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდის პროცესში მშობლების თანაბარი ჩართულობა, საოჯახო საქმეების თანაბრად განაწილება, შვილებისთვის პიროვნული თუ პროფესიული განვითარების თანაბარი შესაძლებლობის მიცემა.
კამპანიის კაცები ზრუნავენ მიზანია წაახალისოს კაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით — საზოგადოების გაძლიერებას. იმისთვის, რომ უფრო მძლავრად წარმოეჩინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ფესვგადგმული სტერეოტიპები და საზოგადოებისთვის ტრანსფორმაციულ გზებზე მიეთითებინა, კამპანიის დამფუძნებლებმა ინოვაციური და კომუნიკაციის ეფექტიანი საშუალების — წიგნის შექმნა გადაწყვიტეს. ზღაპრების კრებულში, რომელიც 5-7 წლის ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის განკუთვნილი საკითხავი ლიტერატურა იქნება, დაიბეჭდება ხუთი სხვადასხვა ავტორის მიერ დაწერილი ზღაპარი, რომელთა მთავარი თემებია გენდერული სტერეოტიპები, ადამიანის უფლებები, დისკრიმინაცია, პოზიტიური მშობლობა, კაცების ჩართულობა და სხვა საკითხები.
კრებულის შექმნის მიზნით, მწერალთა საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამა თელავში იანვრის თვეში ჩატარდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან: საქართველოდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და მოლდოვიდან ავტორებმა ტექსტები უკვე შექმნეს. ამჟამად, სარედაქციო გუნდი კრებულის ვიზუალურ მხარეზე მუშაობს.
კრებული გამოიცემა პროგრამის ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და UNFPA-ის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დილარა ბუიუქტასი ქალების მიმართ არსებული სოციალური დისკრიმინაციის გამოწვევაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თელავში გამართული ღონისძიება დისკუსიის შესაძლებლობას ქმნის, რათა რეგიონში გავრცელებულ სტერეოტიპებთან ბრძოლის კრეატიული გზების გამოძებნა შესაძლებელი გახდეს.
"მიუხედავად იმისა, რომ გენდერული თანასწორობა კონსტიტუციითა და სამართლებრივი სისტემით არის დაცული, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრები ქალები სოციალური დისკრიმინაციის სამიზნე მაინც არიან. ისინი მნიშვნელოვნად არიან პოლიტიკური ძალაუფლების მიღმა, იქნება ეს აღმასრულებელი თანამდებობები თუ საპარლამენტო დონე. ქალები მინისტრთა კაბინეტის საშუალოდ 14%-ს და პარლამენტართა 16%-ს შეადგენენ. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ანაზღაურებას შორის სხვაობა და ამავდროულად ქალებს აუნაზღაურებელი შრომაც ტვირთად აწევთ. ამასთან, ძალადობის უარყოფა უნივერსალურისგან ძალიან შორსაა", — აღნიშნავს დილარა ბიუიქტასი და ამბობს, რომ მისი აზრით, გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრაზე ზრუნვა ბავშვობის ასაკიდან უნდა დაიწყოს და ჰოლისტურ მიდგომას დაეფუძნოს.
კამპანიის კაცები ზრუნავენ თანადამფუძნებლის, მირიან ჯუღელის თქმით, ლიტერატურა და წიგნის კითხვა ერთ-ერთი საუკეთესო გზა და გამოცდილებაა მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში. ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ავტორები მოეწვიათ, რათა რეგიონში არსებულ საერთო გამოწვევებზე ზღაპრების საშუალებით ესაუბრათ.
"მწერლების შერჩევა არ იყო მარტივი, რადგანაც დავალება, რომელზეც მათ უნდა ემუშავათ, საკმაოდ კომპლექსური იყო. თუმცა, საბოლოო ჯამში ჩვენ შევარჩიეთ არაჩვეულებრივი ავტორები და ისინი საქართველოში მოვიწვიეთ. მიუხედავად იმისა, რომ კრებულის ავტორები სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, სტერეოტიპები, კლიშეები და გამოწვევები, რომლებზეც ისინი წერენ, ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ამიტომაც ამ პროექტის მიზანია სხვადასხვა აუდიტორიები კიდევ ერთხელ დააფიქროს იმ პრობლემებისა და წინაღობების შესახებ, რაც ხელს უშლის რეალური გენდერული თანასწორობის მიღწევას", — აღნიშნავს მირიანი.
სარეზიდენციო პროგრამაში საქართველოდან მწერალი მინდია არაბული მონაწილეობდა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ზღაპრის თემად მამების ჩართულობა აერჩია და შეექმნა ისეთი ზღაპარი, რომელსაც თვითონაც სიამოვნებით წაიკითხავდა, როგორც ბავშვობაში, ისე დღეს. მისი თქმით, ზღაპარზე მუშაობისას მნიშვნელოვანი იყო, რომ გენდერული თანასწორობის ზოგისთვის განყენებული იდეა ისე გადმოეცა, რომ ბავშვებისთვისაც და ზრდასრულებისთვისაც გასაგები ყოფილიყო.
"გენდერული თანასწორობა ბევრ თემას მოიცავს და ბევრ ადამიანურ გამოცდილებაში ვლინდება. ასე განყენებულად ცოტა ზოგადად შეიძლება ჟღერდეს და ვინმეს გონებაში კითხვას აჩენდეს: "კი მაგრამ, კონკრეტულად რას ნიშნავს ეს". ჩვენი როლი ამ ძალიან ფართო საკითხში ნაცნობი ადამიანური გამოცდილების პოვნაა და შემდეგ მისი მოთხრობა ისე, ბავშვმაც და ზრდასრულმაც რომ გაიგონ", — ამბობს მინდია.
მინდია არაბული აღნიშნავს, რომ საბავშვო ტექსტზე მუშაობა გამოწვევაა, ამიტომაც ზღაპარი მისთვის ლიტერატურის განსაკუთრებით საყვარელი ფორმაა.
"ზღაპრები ჩემთვის ლიტერატურის საყვარელი ფორმაა. არამხოლოდ საბავშვო ზღაპრები, არამედ ამ ფორმატით მოყოლილი ნებისმიერი რამ. რაღაც გამოწვევაა ხოლმე, ისე აღწერო გამოგონილი სამყაროს ლოგიკა, რომ მკითხველი — მითუმეტეს ბავშვი არ დაკარგო. ათასი ტყუილი ისე დაალაგო, რომ შიგნით სიმართლე დაიბადოს. და რაც მთავარია, უნდა გჯეროდეს მაგ სიმართლის. ეს ვცადე", — გვიზიარებს მინდია.
პროექტის კიდევ ერთი მონაწილე, პაულა ერიჟანუ სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მოლდოვიდან ჩამოვიდა. პაულას თქმით, მისი ზღაპრის შთაგონებად რეალური ისტორია იქცა.
"რამდენიმე წლის წინ, შემთხვევით წავიკითხე მოლდოვაში მცხოვრები ბოშა ქალის ინტერვიუ, რომელსაც ძალიან შთამაგონებელი ისტორია ჰქონდა. როცა ის პატარა იყო, დედასთან ერთად მოსკოვის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა, რადგანაც მეტისმეტად უჭირდათ და დედა სამსახურს ვერ შოულობდა. მოგვიანებით, თავისი მიზანდასახულობისა და სწავლაზე კონცენტრირების გამო, ეს ქალი, სახელად ვიქტორინა ლუკა, ადამიანის უფლებათა დამცველი და ადვოკატი გახდა. მე ჩავთვალე, რომ მისი ისტორია იმდენად განსაკუთრებული და შთამაგონებელია, რომ მის შესახებ მთელმა სამყარომ უნდა გაიგოს", — ამბობს პაულა.
პროგრამის მონაწილე არმენ ოჰანიანი სომხეთიდანაა. მისი ზღაპარი მამისა და პატარა ბიჭის ურთიერთობაზე ჰყვება და მკითხველს მშობლების თანაბარი ჩართულობის მნიშვნელობაზე მოუთხრობს.
"ჩემი ისტორია პატარა ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც სჯერა, რომ მსოფლიოში არ არსებობს იმაზე უკეთესი ადგილი, ვიდრე მამამისის მხრებია და ის გადაწყვეტს, რომ არასდროს ჩამოვიდეს იქიდან. თუმცა, მეტაფორულად ეს ისტორია პირველი ნაბიჯების მნიშვნელობაზეა — მას არ უნდა მხრებიდან ჩამოსვლა, რადგანაც მას ეშინია პირველი ნაბიჯის გადადგმა, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მამისთვის კი ეს ასევე პირველი ნაბიჯია, როდესაც მან უნდა გადახედოს თავის მოსაზრებას კარგი მშობლობის შესახებ და დაფიქრდეს, როგორ გახდეს უკეთესი მამა, თუმცა არა როგორც დამცველი, არამედ როგორც მზრუნველი მშობელი", — აღნიშნავს არმენი.
გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი ზღაპრების კრებულის წარდგენა როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ფესტივალებზე შედგება და როგორც დილარა ბუიუქტასი ამბობს, წიგნი ბავშვებს გაუზიარებს ცვლილებების მომტან ამბებს, რათა "სტერეოტიპების გარეშე შეძლონ ოცნებებისკენ სწრაფვა".
კრებული მკითხველისთვის ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის აპრილში იქნება.
პროგრამა ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
კომენტარები