Google-ის ოფიციალური განცხადებით, იგი ChatGPT-ის კონკურენტის გამოშვებას გეგმავს
Google-ის ჩატბოტი, სახელად Bard, საჯაროდ ხელმისაწვდომი მომდევნო კვირებში გახდება.
Google-ის ოფიციალური ბლოგპოსტის თანახმად, კომპანია ChatGPT-ის მეტოქე AI ჩატბოტის, სახელად Bard-ის, გამოშვებას გეგმავს. თავდაპირველად პროგრამა მხოლოდ ტესტერთა ჯგუფისათვის იქნება ხელმისაწვდომი, საჯაროდ კი იგი შემდეგ კვირებში ჩაეშვება.
Bard გუგლის უკვე არსებულ ენის მოდელს, Lamda-ს, ეფუძნება. გასულ წელს მოდელი ადამიანური პასუხების გამო კომპანიის ერთ-ერთ ინჟინერს მგრძნობიარეც კი ეგონა.
პლატფორმა თავდაპირველად Lamda-ს შედარებით "მსუბუქ" ვერსიაზე იმუშავებს, რომელსაც ნაკლები ენერგია სჭირდება, ასე კი მის ერთდროულად გამოყენებას მეტი ადამიანი შეძლებს.
"Bard-ის მიზანია, მსოფლიოს ცოდნა ჩვენი უზარმაზარი ენის მოდელების ძალასთან, ინტელექტსა და შემოქმედებითობასთან გააერთიანოს", — წერს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაი განცხადებაში.
დაჩქარებული უწყება და Bard-ის შესახებ ინფორმაციის სიმცირე, სავარაუდოდ, კომპანიაში ChatGPT-ისაგან გამოწვეულ არეულობას უკავშირდება. ტექნოლოგია, რომელსაც აღნიშნული ჩატბოტი ემყარება, რევოლუციური არ არის, თუმცა უფასოდ ხელმისაწვდომობის გამო ChatGPT-მ მაინც მილიონობით მომხმარებელი მოიზიდა.
ასევე იხილეთ: Google-ის დასასრული? — Gmail-ის შემქმნელის თქმით, ChatGPT საძიებო სისტემას 2 წელიწადში გაანადგურებს
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ Microsoft თავის Bing საძიებო სისტემაში ChatGPT-ის ჩაშენებას გეგმავს. კომპანიას OpenAI-ში უკვე მილიარდობით დოლარის ოდენობის ინვესტიცია აქვს ჩადებული, ახლახან კი ინტერნეტში ფოტოებმა გაჟონა, რომლებიც ზემოხსენებული ჩატბოტის მქონე Bing-ს გვიჩვენებს.
ასევე იხილეთ: გაჟონილი ინფორმაციით, Microsoft თავის საძიებო სისტემაში ChatGPT-ს ჩაშენებას აპირებს
იმ ტიპის ხელოვნურ ინტელექტზე, რომელსაც ChatGPT ეფუძნება, Google-ს საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს. მიუხედავად ამისა, კომპანია ინსტრუმენტების საზოგადოებასთან გაზიარების საკითხს მეტი სიფრთხილით ეკიდება ხოლმე. მათ LaMDA, Bard-ის უკან მდგომი ენის მოდელი, ამასწინათ AI Test Kitchen აპლიკაციაზე გახადეს ხელმისაწვდომი, თუმცა ეს ვერსია უაღრესად შეზღუდულია და მხოლოდ რამდენიმე კითხვასთან დაკავშირებულ ტექსტებს აგენერირებს.
AI ჩატბოტები კითხვებზე პასუხსა და ინფორმაციის მოძიებას ემსახურება, ChatGPT კი ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. ამგვარი პროგრამები ინტერნეტში არსებულ შიგთავსს ცოდნის უზარმაზარ მონაცემთა ბაზად იყენებს და პასუხებს ასე აგენერირებს. მეორე მხრივ, შესაძლოა, უკუკავშირი, სასარგებლო ინფორმაციის გარდა, საზიანო მასალებსა და დეზინფორმაციასაც შეიცავდეს.
პიჩაი განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ სურს, Google-ის AI სერვისები საკითხს პასუხისმგებლობით მიუდგეს, თუმცა არ აკონკრეტებს, როგორ აარიდებენ თავს Bard-ის მხრიდან საზიანო შიგთავსის გაზიარებას.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანია ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რათა მომხმარებლებისათვის ძიების შედეგები შეაჯამოს და სხვადასხვა საიტზე გადასვლა აღარ მოგვიწიოს. როგორც ბლოგპოსტით ვიგებთ, ეს მახასიათებლები მომავალში მეტად შესამჩნევი გახდება.
დაბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ 8 თებერვალს Google ღონისძიებას გამართავს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტსა და ძიებასთან იქნება დაკავშირებული.
კომენტარები