ამ პროგრამით ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ტექსტებს ამოიცნობთ — OpenAI-ის ახალი წამოწყება
კომპანიის განცხადებით, ტექსტის ამომცნობი ამ ეტაპზე არც ისე ზუსტია.
OpenAI-მ, ChatGTP-ის შემქმნელმა კომპანიამ, ახლახან პროგრამა გამოუშვა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტის ამოცნობას ემსახურება. ინფორმაცია კომპანიის ბლოგპოსტით ვრცელდება.
ChatGPT უფასო პროგრამაა, რომელიც პირველად ნოემბერში ვიხილეთ. იგი მომხმარებლის მითითების საპასუხოდ ტექსტს აგენერირებს: სტატიებს, ესეებს, ხუმრობებსა და ლექსებსაც კი.
ასევე იხილეთ: რა არის ChatGPT, რომელზეც ყველა საუბრობს, და შეუძლია თუ არა მას Google-ის ჩანაცვლება?
ახალი AI კლასიფიკატორი ენობრივი მოდელია, რომელიც ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის დაწერილ წყვილ ტექსტებზე გაწვრთნეს. კომპანიის განცხადებით, იგი სხვადასხვა პროვაიდერს იყენებს, რათა რიგი პრობლემები დააფიქსიროს, თუნდაც დეზინფორმაციის ავტომატიზებული კამპანიები და აკადემიური არაკეთილსინდისიერება. ინსტრუმენტი ყველასათვის ხელმისაწვდომია და ამჟამად ბეტა რეჟიმშია ჩაშვებული.
OpenAI ხაზს უსვამს, რომ ათასზე ნაკლები სიმბოლოსგან შემდგარი ტექსტებისთვის ამომცნობი ძალიან არაზუსტია. ამასთანავე, მის გასაცურებლად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ტექსტის რედაქტირებაც შეიძლება.
"კლასიფიკატორი საჯაროდაა ხელმისაწვდომი, რათა უკუკავშირი მივიღოთ, გამოსადეგია თუ არა ამგვარი დასახვეწი ინსტრუმენტები", — ნათქვამია OpenAI-ის ბლოგპოსტში — "ვაცნობიერებთ, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი ტექსტების ამოცნობა განმანათლებელთა შორის განხილვის მნიშვნელოვანი საკითხია და ასეთივე მნიშვნელოვანია, საკლასო ოთახებში ამგვარი ტექსტის ამომცნობების შეზღუდვები და გავლენა გავიაზროთ".
გამოშვების დროიდან ChatGPT-მ უკვე მილიონობით მომხმარებელი შეიძინა. მას არამარტო მოსწავლეები და სტუდენტები იყენებენ საშინაო დავალებების შესასრულებლად, არამედ რუსი ჰაკერებიც, რათა მავნე პროგრამები შექმნან.
ასევე იხილეთ: ChatGPT-მ Instagram-ს აჯობა: 10 მილიონი ყოველდღიური მომხმარებელი სულ რაღაც 40 დღეში
აღსანიშნავია, რომ AI გენერირებული ტექსტის ამოსაცნობად სხვა ინსტრუმენტებიცაა შექმნილი (მათ შორის, GPTZeroX), რომლებიც მიზნად აკადემიური პერსონალის დახმარებას ისახავს ნამუშევრებში პლაგიატისა და თაღლითობის თავიდან ასაცილებლად.
OpenAI-ის განცხადებით, ისინი განათლების სფეროში მომუშავე პირებთან ერთად განიხილავენ ChatGPT-ის შესაძლებლობებსა და შეზღუდვებს, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტის ამომცნობზე მუშაობას კი სამომავლოდაც განაგრძობენ.
ახალი კლასიფიკატორის გამოცდას ამ ბმულზე შეძლებთ.
კომენტარები