რუსი ჰაკერები ChatGPT-ს მავნე პროგრამების შესაქმნელად იყენებენ
Business Insider-ის ანგარიშის მიხედვით, რუსმა ჰაკერებმა შეძლეს, გადაელახათ ყველა ტექნიკური წინაღობა, რომელიც მათ ChatGPT-ის გამოყენებისგან აკავებდა და მეტიც, ხელოვნურ ინტელექტს მავნე პროგრამების შესაქმნელად იყენებენ.
ChatGPT ცოტა ხნის წინ გამოჩენილი ჩეთბოტია, რომელიც OpenAI-მ შექმნა. ჩეთბოტი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მომხმარებელს ესაუბრება და კითხვებს პასუხობს. ChatGPT-ს მრავალი საქმის გამარტივება შეუძლია. მაგალითად, მოსწავლეები მას აკადემიური ესეების საწერად, ხოლო სამსახურის მაძიებლები სამოტივაციო წერილის შესაქმნელად იყენებენ.
ასევე იხილეთ: რა არის ChatGPT, რომელზეც ყველა საუბრობს, და შეუძლია თუ არა მას Google-ის ჩანაცვლება?
რუსმა ჰაკერებმა ჩეთბოტის სათავისო მიზნებისთვის გამოყენება სცადეს და მას მავნე კოდების საწერად იყენებენ. ის, რომ ChatGPT-ს კოდის წერა დამწყებ პროგრამისტზე კარგად შეეძლო, აქამდეც იყო ცნობილი, თუმცა თუ კიბერდამნაშავეები თავიანთი საქმიანობისთვის მის გამოყენებას ასე მალე შეძლებდნენ, არავის წარმოედგინა.
გაშვებიდან ერთ კვირაში OpenAI-ის ჩეთბოტს მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა. სამწუხაროდ, ზუსტად არ ვიცით, თუ რამდენ ადამიანს აქვს შეზღუდული მისი მოხმარება გეოგრაფიული არეალის მიხედვით.
გეოგრაფიული შეზღუდვის გარკვეულ ზომებს სწორედ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად მიმართეს. Check Point Research-ის (CPR) ანგარიშის მიხედვით, რუსმა კიბერკრიმინალებმა ამ შეზღუდვის გადალახვა შეძლეს.
"იატაკქვეშა" ფორუმები სავსეა დისკუსიებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაილახოს IP მისამართის, საბანკო ბარათებისა და მობილური ნომრების შეზღუდვა, რათა რუსეთში მყოფმა ადამიანებმა ChatGPT-ის მოხმარება შეძლონ.
ChatGPT-ის ასეთი განვითარება მრავალ ადამიანს კითხვებს უჩენს. რომელი უფრო მოსალოდნელია, ხელოვნური ინტელექტი სამსახურებს წაგვართმევს, თუ პირიქით, ეფექტიანობის ზრდაში დაგვეხმარება?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების ცენტრმა მოამზადა ნაშრომი, რომელშიც მკვლევრებმა ხაზი გაუსვეს ნაბიჯებს, რომლებიც დაგვეხმარება, რომ ChatGPT-ის მავნე პროგრამების შესაქმნელად და დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოყენება ავირიდოთ თავიდან.
კომენტარები