გამოვლინდა რამდენიმე თაღლითური აპლიკაცია და თამაში — უმჯობესია, ისინი ახლავე წაშალოთ
ბოლო პერიოდში აქტივობის აღმრიცხველი ახალი ტიპის აპლიკაციები ჩნდება, რომლებიც Android სმარტფონებისათვის განკუთვნილ Google Play-ზე დიდი პოპულარობით სარგებლობს — ისინი 20 მილიონზე მეტჯერ გადმოწერეს.
ზოგიერთი ასეთი აპლიკაცია ჯანმრთელობის, ნაბიჯების დათვლის ანდა ჩვევების გაუმჯობესების პროგრამად ასაღებს თავს, მომხმარებლებს კი გარკვეული მიზნების მიღწევის სანაცვლოდ ჯილდოებს ჰპირდება.
ასევე იხილეთ: Google Play-ზე კიდევ რამდენიმე საზიანო Android აპლიკაცია გამოააშკარავეს
Dr. Web ანტივირუსის მოხსენების თანახმად, ამგვარი ჯილდოების რეალურად მიღება უმეტესად შეუძლებელია და უმნიშვნელო თანხის მიღებაც კი ძალიან დიდ დროსა თუ ძალისხმევას მოითხოვს.
უწყებიდან სამ ასეთ აპლიკაციას გთავაზობთ:
- Lucky Step — Walking Tracker — გადმოწერეს 10 მილიონჯერ
- WalkingJoy — გადმოწერეს 5 მილიონჯერ
- Lucky Habit: health tracker — გადმოწერეს 5 მილიონჯერ
Dr. Web-ის მოხსენების მიხედვით, სამივე პროგრამა დისტანციური სერვერის იმავე მისამართს უკავშირდება, რაც მიანიშნებს, რომ ერთ ოპერატორს/დეველოპერს ეკუთვნის.
აპლიკაციები მომხმარებლებს არაფრის მიღების საშუალებას არ აძლევს, სანამ დიდი რაოდენობის ჯილდოები არ დაგროვდება. ამის შემდეგაც კი "გასამრჯელოს" მისაღებად მომხმარებელმა არაერთ სარეკლამო ვიდეოს უნდა უყუროს. ამას გარდა, ჯილდოს მიღების "დასაჩქარებლად" პროგრამა დამატებით ყრის რეკლამებს.
სტატიის წერის დროისათვის Google Play-იდან ჯერ არცერთი ზემოთ მოყვანილი პროგრამა არ გაუუქმებიათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ აპლიკაციის Lucky Step — Walking Tracker ძველი ვერსია მომხმარებლებს აპლიკაციის შიდა ჯილდოების სასაჩუქრე ბარათებად კონვერტაციას სთავაზობდა, რომელთა გამოყენებასაც ისინი ნამდვილ ონლაინმაღაზიებში შეძლებდნენ.
პროგრამის ახალ ვერსიებში ეს ფუნქცია გაუქმებულია, ამიტომ ბუნდოვანია, რაში შეიძლება ამ ჯილდოების გამოყენება.
Google Play-ის ზოგიერთი მომხმარებელი წერს, რომ აპლიკაცია რეკლამიან პროგრამას წააგავს, სმარტფონის განბლოკვის შემდეგ სრულ ეკრანზე აჩვენებს რეკლამებს და აქტიურ ფანჯრებსაც კი არაფრად აგდებს.
კიდევ ერთი ასეთი აპლიკაციაა Wonder Time, რომელიც ჯამში 500 ათასჯერ გადმოწერეს. იგი Google Play პლატფორმაზე ჯერაც ხელმისაწვდომია.
სხვადასხვა დავალების (მაგ: სხვა პროგრამებისა და თამაშების გადმოწერა) შესრულების სანაცვლოდ პროგრამა მომხმარებელს რეალურ ფულად ჯილდოს ჰპირდება. მიუხედავად ამისა, თითოეული ქმედების შემდეგ მიღებული ტოკენები მეტისმეტად უმნიშვნელოა იმ ზღვართან შედარებით, რომელიც დეველოპერმა მინიმალური თანხის გამოსატანად დააწესა.
ფიშინგისათვის გამიზნული თამაშები
იმავე უწყებაში Dr. Web ფიშინგ აპლიკაციების შესახებაც გვაფრთხილებს, რომლებიც საინვესტიციო პროგრამებისა და თამაშების ფორმითაა შენიღბული. ისინი Google Play-ზე გვხვდებოდა და ჯამში 450 ათასზე მეტჯერაა გადმოწერილი.
გაშვებისას აპლიკაციები დისტანციურ სერვერს უკავშირდება და მოქმედების ინსტრუქციების შემცველ კონფიგურაციას იღებს. როგორც წესი, ინსტრუქციები ფიშინგისათვის გამიზნული გვერდების ჩატვირთვას გულისხმობს, რომლებიც მომხმარებლებს პირადი დეტალების განდობას სთხოვს.
სახიფათო თამაშები და მათი გადმოწერების რაოდენობა Dr. Web-ის მიხედვით:
- Golden Hunt — 100,000
- Reflector — 100,000
- Seven Golden Wolf blackjack — 100,000 (კვლავ ხელმისაწვდომია Google Play-ზე)
- Unlimited Score — 50,000
- Big Decisions — 50,000
- Jewel Sea — 10,000
- Lux Fruits Game — 10,000
- Lucky Clover — 10,000
- King Blitz — 5,000
- Lucky Hammer — 1,000
იმ შემთხვევაში, თუკი ჩამოთვლილთაგან რომელიმე ფიშინგ აპლიკაცია თქვენს Android-ზეც მოიძებნება, უმჯობესია, ისინი ახლავე წაშალოთ. ამის შემდეგ ტელეფონი ვირუსზე დაასკანერეთ, რათა ნარჩენებს მიაგნოთ და წაშალოთ.
Google-ს Play Store-ზე დარჩენილი აპლიკაციების უსაფრთხოების შესახებ სტატიის წერის დროისათვის კომენტარი არ გაუკეთებია.
იმ შემთხვევაში, თუკი კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გაინტერესებთ, შეგიძლიათ, ამ ბმულს ეწვიოთ და ჩვენს სხვა სტატიებსაც გაეცნოთ.
კომენტარები