აკრძალული ფოტოგადაღება და მსხვერპლშეწირვა ლომისობაზე - რეპორტაჟი
დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში, წელს ლომისობა შვიდ ივნისს აღნიშნეს. ის მთიულეთის დღესასწაულია, რომელსაც აღდოგომიდან მეშვიდე კვირას ზეიმობენ.
დილიდან, მლეთის შესასვლელთან, მანქანების გრძელი რიგი დადგა. ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ. მსხვერპლშეწირვის ადგილამდე, გზის განაპირას, მინდორში, ოჯახური პიკნიკებია მოწყობილი - შეწირული პირუტყვის მოსახარშად, აქა-იქ, ცეცხლზე დიდი ქვაბები დგას, იქვე სამწვადეებიც გამზადებულია.
რიტუალის მიხედვით, ხალხს საკლავი, სანთლები და ღვინო მოაქვს. შესაწირი აუცილებლად მამალი უნდა იყოს. პირუტყვსა თუ ფრინველს ეკლესიას სამჯერ, ლოცვით შემოატარებენ, სურვილს ჩაუთქვამენ, სასაკლაოზე ჩაიყვანენ, თავზე ანთებულ სანთელს დაუმაგრებენ და დაკვლამდე, რიტუალის შემსრულებელი ჭიქა ღვინით დალოცავს შესაწირს.
ეკლესიის ეზოს მიღმა, მსხვერპლშეწირვის ადგილია მოწყობილი. რამდენიმე მნათე დგას და მოვალეობები აქვთ განაწილებული. მიწა სისხლითაა მორწყული. იქვე, სატვირთო მანქანა დგას, სადაც პირუტყვის შიგნეულობასა და ტყავს ყრიან. ცხვრებს ერთი მეორის მიყოლებით კლავენ, შემდეგ ატყავებენ და ხორცს თავისსავე პატრონს აწვდიან.
რიტუალს მნათეები, ადგილზე მცხოვრები ბურდულები ასრულებენ.
ნუკრი ბურდული ამბობს, რომ ქვემო მლეთაში, ძირითადად სულ ბურდულები ცხოვრობენ. იგი აღნიშნავს, რომ წინაპრების ტრადიციებს იცავენ და ყოველთვის ასე გაგრძელდება:
"ჩვენ, ბურდულები ვართ მნათეები და უსასყიდლოდ ვასრულებთ საკლავის შეწირვის რიტუალს. ჩვენ რომ ჩვენი წინაპრების ტრადიციები დავივიწყოთ და აღარ შევასრულოთ, ჩვენი საქმე არ წავა კარგად. სანამ ბურდულები ცოცხლები იქნებიან, მანამ ეს ტრადიცია იარსებებს".
ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმინდა გიორგის ხატია, რომელმაც სპარსეთიდან, ხორასნიდან შვიდი ათასი ტყვე დაიხსნა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სასწაულმოქმედი ხატი ხარმა "ლომამ" ჩამოიტანა სპარსეთიდან და აიტანა ეკლესიამდე, ამიტომ ლომისას წმინდა გიორგი უწოდეს მას.
"ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისის წმინდა გიორგის, ხორაშნით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყურებელს. ღმერთო, გაუმარჯვე ბეგოთ სამღვთოს ხმელ გორზე დაბრძანებულსა", - ნუკრი ბურდული ჰყვება, რომ დღის ბოლოს, ამ ლოცვას მლეთის ხევისბერი ამბობს, რომელსაც ასევე "დეკანოზს" უწოდებენ.
ბურდულებს და მათ ტრადიციებს საპატრიარქოსთან და სასულიერო პირებთან შეხება არ აქვთ, რიტუალის შესრულებისას:
"ჩვენ მამაობთან შეხება არა გვაქვს, ჩვენ მაგათთან არ მივალთ, ისინი უნდა მოვიდნენ ჩვენთან, მამაოები აკეთებენ თავიანთ საქმეს - აღავლენენ წირვას, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს - ვემსახურებით ხალხს".
რიტუალის შემსრულებლებმა მსხვერპლშეწირვის პროცესის გადაღება აგვიკრძალეს და თქვეს, რომ საკლავის დაკვლის პროცესის ამსახველი ფოტოები ხალხში უარყოფით რეაქციას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ სურთ თავიანთი ტრადიციის შესახებ ბევრმა შეიტყოს, ფოტომასალის გავრცელება კატეგორიულად არ უნდათ.
მათთვის ცხოველთა უფლებების დამცველი პირების პროტესტი მიუღებელია. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, რომ ცხოველებს მასობრივად არ უნდა ხოცავდნენ, ტრადიციებს მაინც "კბილებით დაიცავენ":
"რაღაც არასამთავრობოები და ცხოველთა უფლებების დამცველები მოდიან და გვლანძღავენ, რაღაცებს ხლართავენ, იძახიან, რომ არ შეიძლება ასე, სისხლი არ უნდა იყოს, საკლავი არ უნდა დაიკლას. მაგათ თავიანთ წესებს მიხედონ და ჩვენ თავი დაგვანებონ. ჩვენ ამ ტრადიციას ბოლომდე შევასრულებთ, თუკი ვინმეს რამე პრობლემა აქვს, მივაჭრით თავს აქვე, საკლავზე".
როგორც დედა ანისია ჰყვება, საქართველოში 365 წმინდა გიორგია და ერთ-ერთი არის ლომისის წმინდა გიორგი. მისივე თქმით, ლომისობა ეკლესიური დღესასწაულია, ხოლო რაც შეეხება მსხვერპლშეწირვას, ეს ერთ-ერთ ხატზეა გამოსახული: "მსხვერპლშეწირვის ტრადიცია სწორედ წმინდა გიორგის ხატიდან მოდის, რომელზეც გამოსახულია წმინდა გიორგი შესაწირ ცხვართან. ეს საუკუნეებია ასე გრძელდება".
ქვემო მლეთაში რამდენიმე ეკიპაჟი პატრულირებდა. ლომისას მთის ფერდობზე კი სამაშველო სამსახური აკონტროლებდა სიტუაციას. მათი თქმით, წელს 20-მდე ადამიანი დაშავდა. მლეთიდან, ლომისას მთის მწვერვალამდე რამდენიმე კილომეტრიანი გზაა - შემაღლებულ ფერდობს, ტყეში ვიწრო ქვა-ღორღიანი ბილიკი მოსდევს, ამის შემდეგ კი 4-5 ციცაბო გორაა გადასასვლელი, სანამ ეკლესიამდე მიაღწევ.
მლოცველთა უმრავლესობა ლომისას მთაზე ადის, იქ სადაც წმინდა გიორგის კიდევ ერთი, მცირე ბაზილიკური ტიპის ტაძარია. ეკლესიის გზას უამრავი ხალხი მიუყვება.
ოჯახის წევრებთან ერთად, მცირეწლოვანი ბავშვებით ხელში, ზოგი ფეხშიშველი ადის მთაზე. ისინი ამბობენ, რომ ლომისას ტაძარში შესვლა უდიდესი მადლია. სწამთ, რომ იქ ლოცვით ყველა სურვილი აუხდებათ. ტაძარში დიდი საყელურიანი ჯაჭვი ინახება და იქ ასულ მრევლს სჯერა, რომ თუკი მას მხრებზე დაიდებს და სამჯერ შემოუვლის ეკლესიას, ცოდვები მიეტევება.
"ეს ძალიან ძლიერი სალოცავია საქართველოში, მათ შორის, თუ რაიმე სალოცავი არსებობს. რასაც შესთხოვ, ყველაფერს გისრულებს. როცა მაქვს საშუალება, ყოველთვის ჩამოვდივარ", - ამბობს, ერთ-ერთი მლოცველი კასპიდან, ზურა სეთურიძე.
წეროვნელი ნინო გუგუტიშვილი ჰყვება, რომ აქამდე რაც კი შესთხოვა ლომისის წმინდა გიორგის, ყველაფერი აუსრულდა:
"მივდივართ რაღაც იმედით. ყველაზე გაჭირვებული როცა ვყოფილვარ და მითქვამს, ლომისის წმინდა გიორგი, დამეხმარე, დამხმარებია. ჩემი მეორე შვილი ძალიან ცუდად მყავდა, როცა დაიბადა. შევთხოვე, ოღონდაც გადამირჩინე და უკვე, ღმერთის წყალობით, დიდია ბავშვი. ადრეც ვყოფილვარ აქ [ლომისობაზე]. მანამდე არ ვიყავი ფეხმძიმედ და ვთხოვე, ოღონდ შვილი მეყოლოს და ჩემი შვილით ამოვალ-მეთქი. დღეს მესამედ მივდივარ უკვე. შეთქმული მაქვს, რომ ორივე შვილი ავუყვანო".
ქვემო მლეთაში 2005 წელს ამოქმედდა ეკლესიაში წირვა-ლოცვა. მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით თქვა, რომ მთავარი ის არ არის, ადამიანი იქ მიდიოდეს არა მხოლოდ და მხოლოდ ცხვარის შესაწირად, არამედ მთავარი აქცენტი გადატანილი უნდა იყოს საეკლესიო წირვა-ლოცვაზე. ცხოველის დაკვლის მიზანი კი მეხვერპლშეწირვის ნაცვლად უნდა იყოს იქ სალოცავად ასული ადამიანების გამოკვება.
კომენტარები