ირანის დედაქალაქ თეირანში ორი თავდასხმა მოხდა. Al Jazeera-ს ცნობით, შეიარაღებული თვითმკვლელი ტერორისტები ირანის პარლამენტს და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმს დაესხნენ თავს, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

როგორც ირანის სახელმწიფო მედია იუწყება ოთხი შეიარაღებული პირი პარლამენტის შენობას დაესხა თავს, სადაც ერთ-ერთმა შენობის მეოთხე სართულზე აიფეთქა თავი. რაც შეეხება რუდოლა ხომეინის აკლდამას, აქ თავი ქალმა აიფეთქა. შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი, 12 კი - დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პარლამენტის ყველა კარი ჩაკეტილია და კონტროლდება.

"თავდასხმის გამო, თეირანის ქუჩებში პანიკაა, ხოლო პარლამენტის შენობაში ქაოსი," - ამბობს ალ ჯაზირას კორესპონდენტი ენდრიუ სიმონსი. მისივე თქმით, თავდასხმები, სავარაუდოდ კოორდინირებულად მოხდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ეგრეთ წოდებულმა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ასეთი ინციდენტები ირანში იშვიათია, თუმცა ქვეყანა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა შიიტია, ჩართულია სამხედრო ბრძოლებში სუნიტური ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ. ასეთია მაგალითად ე.წ. ისლამური სახელმწიფო და რომლებიც შიიტებს მოღალატეებად აღიქვამენ.

ბოლო დიდი თავდასხმა ირანში 2010 წელს, სუნიტმა ექსტრემისტებმა განახორციელეს. მაშინ სისტან-ბალუჩისტანის მეჩეთის აფეთქების გამო 39 ადამიანი დაიღუპა.