მეცნიერებმა ასთმის წამლის მეშვეობით თაგვებს უძილობის გამო დაკარგული მეხსიერება აღუდგინეს
გრონინგენის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა გუნდმა ახალი კვლევის ფარგლებში დაადგინა, რომ არასრულფასოვანი ძილის პარალელურად დასწავლილი ინფორმაცია არ გვავიწყდება, არამედ მისი გახსენება გვიჭირს.
სპეციალისტებმა ოპტოგენეტიკური მეთოდები და ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატი, სახელად Roflumilast გამოიყენეს, რათა მივიწყებული ცოდნა გაეღვიძებინათ.
"ძილის დარღვევა მახსოვრობას ძირს უთხრის, მაგრამ ყველა სტუდენტმა იცის, რომ გამოცდის დროს თავიდან ამოვარდნილი პასუხი რამდენიმე საათის შემდეგ შეიძლება გაახსენდეთ. ამ შემთხვევაში, ინფორმაცია ტვინშია შენახული, თუმცა მისი მოხმობა ძნელია", — ამბობენ ავტორები.
მეცნიერებმა ოპტოგენეტიკური სტრატეგიის მეშვეობით ისეთი ნეირონების გენმოდიფიცირება გადაწყვიტეს, რომლებიც სწავლის პროცესში აქტიურდება, რათა სინათლის მიმართ მგრძნობიარე ცილა მიეღოთ. ამ უჯრედებზე მინათებით სპეციფიკური გამოცდილების ხელახლა გამოღვიძება გახდა შესაძლებელი.
"ეს მიდგომა ჰიპოკამპში არსებულ ნეირონებზე გამოვცადეთ, ტვინის იმ არეალში, სადაც სივრცობრივი ინფორმაცია და ფაქტობრივი ცოდნა ინახება. როდესაც დარღვეული ძილის დროს გაწვრთნილ თაგვებს Roflumilast მეორე ტესტირებამდე მივეცით, მათ გაახსენდათ, როგორც ეს ნეირონების პირდაპირი სტიმულირებისას მოხდა", — აცხადებენ მკვლევრები, რომელთა თქმითაც, ეს პრეპარატი კონკრეტულ ბიოქიმიურ გზებს იღებს სამიზნეში.
ახალი კვლევა ადამიანებში მეხსიერების აღდგენის ინოვაციური მეთოდების შემუშავებაში შეიძლება დაგვეხმაროს. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები