დეკლარაციას ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დოკუმენტის თანახმად, ნატო და ევროკავშირი უფრო დეტალურად შეათანხმებენ ნაბიჯებს, რუსეთსა და ჩინეთთან მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენციის ფონზე.

  • მათ შორის, დოკუმენტი შეეხება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას, საინფორმაციო მანიპულაციების დაძლევას, კოსმოსის ათვისებას და სხვა.

დეტალები: იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დეკლარაციის ხელმოწერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნატო კოლექტიური თავდაცვის ფუნდამენტად რჩება.

  • მისივე თქმით, ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეცვლილი უსაფრთხოების კონტექსტში.
  • "ნატო-ევროკავშირის პარტნიორობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება მას შემდეგ, რაც ფინეთი და შვედეთი გახდებიან ნატოს სრულუფლებიანი წევრები. მათ გაწევრიანებასთან ერთად ნატო დაიცავს ევროკავშირის მოქალაქეების 96%-ს და ტერიტორიის უფრო მეტ წილს, ვიდრე ოდესმე“.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთისგან მომავალი საფრთხე ახლა ყველაზე აქტუალურია, თუმცა არა — ერთადერთი.

  • "ჩვენ ასევე ვხედავთ ჩინეთს, რომელიც თავისი ინტერესების სასარგებლოდ საერთაშორისო დღის წესრიგის შეცვლას ცდილობს. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ გამძლეობა. ახალი დეკლარაციის ხელმოწერით ჩვენი პარტნიორობა გადაგვყავს ახალ დონეზე", — თქვა მან.
  • მისივე განცხადებით, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინის უშიშარ ხალხს მხარი დაუჭიროს.
  • "გავაგრძელებთ ზეწოლას კრემლზე იმდენ ხანს, რამდენიც ეს საჭირო იქნება", — ამბობს ლაიენი.