სინთეზური ქსოვილის გამოყენებით მეცნიერებმა ღორებს ერექციული ფუნქცია აღუდგინეს
სამხრეთ ჩინეთის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სინთეზური ქსოვილი შექმნეს, რომლის საშუალებითაც დაზიანებული პენისის მქონე ღორებს ერექციული ფუნქცია აღუდგინეს. ნაშრომი გამოცემაში Matter გამოქვეყნდა.
პრობლემა ისაა, რომ 40-იდან 70 წლამდე პირთა ნახევარს ერექციული დისფუნქცია გარკვეული ფორმით მაინც აწუხებს. ზოგიერთ შემთხვევაზე პეირონის დაავადებაა პასუხისმგებელი, რომლის დროსაც წარსულში მიღებული დაზიანების შედეგად ნაიარევი ქსოვილი ტკივილს იწვევს და ფუნქციონირებას ზღუდავს.
ამ პრობლემას, როგორც წესი, პენისზე სხეულის სხვა ნაწილებიდან ქსოვილის გადანერგვით ებრძვიან, რათა დაზიანებული ადგილი შენაცვლდეს. მიუხედავად ამისა, იმუნური სისტემა ხშირად ამგვარ ბიოლოგიურ მასალებს უკუაგდებს. შესაბამისად, შესაძლოა, წარმატებული ტრანსპლანტაციის შემდეგაც კი იჩინოს პრობლემებმა თავი (მაგალითად, ქსოვილთა განსხვავებული ბუნების გამო პენისი დამოკლდეს).
ამის საპასუხოდ სამხრეთ ჩინეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს, შესაძლო ალტერნატივა განეხილათ და სინთეზური ქსოვილი შექმნეს.
ძუძუმწოვართა ერექტილური ქსოვილი ერთმანეთზე მიწყობილი კოლაგენის ტალღისებრი ბოჭკოებისგან (და ცოტა ელასტინისგან) შედგება, რაც ცილოვან გარსს (TA) ქმნის. მაშინ, როცა ეს ღრუბლისებური ქსოვილები სისხლით ივსება, ბოჭკოები სწორდება და ადგილს ათავისუფლებს.
მას შემდეგ, რაც TA ბოჭკოები მაქსიმალურ სიგრძეს მიაღწევს და გაიწელება, სიმყარე ჩნდება. ეს ჰიდროსტატიკური ჩონჩხის როლს ასრულებს, რომელიც ფორმის ცვლილებას აკონტროლებს/ზღუდავს და გარეგან დეფორმაციას ეწინააღმდეგება.
მეცნიერთა გუნდმა ბუშტის მოდელზე სხვადასხვა სტრუქტურა გამოცადა და ზემოხსენებული ბოჭკოების საიმიტაციო სინთეზური ქსოვილი შექმნა. ინოვაციას მათ ხელოვნური ცილოვანი გარსი (ATA) უწოდეს. იგი ციკლურ მოდუნებასა და გაწელვას კარგად უმკლავდება და ქირურგიული ნაკერების დადებისას ნემსის ჩხვლეტასაც უძლებს.
შექმნილი ქსოვილი მათ დაზიანებული ცილოვანი გარსის მქონე ღორებზე გამოცადეს. ATA-ს პროცესში მონაწილე სხვა ქსოვილების (თუნდაც სისხლძარღვების) მუშაობა არ ჩაუნაცვლებია, ამიტომაც ბუნებრივი ქსოვილის კომპლექსური სტრუქტურა სრულად ვერ აღადგინა. მიუხედავად ამისა, ინიექციის შემდგომ ღორებში ნორმალური ერექციული ფუნქციის დაბრუნება მაინც მოხერხდა.
კვლევის ავტორების თქმით, ამჯერად ნაშრომი მხოლოდ პენისის ცალკეული ქსოვილის აღდგენაზე იყო ორიენტირებული. შემდეგში ისინი პენისის მთლიანი დეფექტის გამოსწორებას ანდა სულაც ხელოვნური სასქესო ორგანოს შექმნას განიხილავენ, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჯერ კიდევ დიდი შრომაა საჭირო, სანამ ამგვარი ტექნოლოგიის ადამიანებზე გამოყენება დაიწყება.
საგულისხმოა, რომ ამ მიდგომით არა მხოლოდ ცილოვანი გარსის, არამედ სხვა ქსოვილების საიმიტაციო მასალების შექმნაცაა შესაძლებელი — ისეთი ქსოვილები, რომლებიც დატვირთვას ანალოგიურად უძლებს, ცილოვანი გარსის მსგავსი ბოჭკოებით ხასიათდება. ისინი გვხვდება როგორც სისხლძარღვებში, ასევე ნაწლავებში, რქოვანაში, შარდის ბუშტში, მყესებსა და გულში. შესაბამისად, სულაც არაა გამორიცხული, მომავალში მათ აღსადგენად მსგავს სტრატეგიას მიმართონ.
კომენტარები